გაზიარება

ფული

„დამარხულ არს ენა ქართული, დღემდე მეორედ მოსვლისა მესიისა საწამებლად. რათა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა. და ესე ენა მძინარე არს დღესამომდე. და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰქვია. რამეთუ ყოველი საიდუმლო ამას ენასა შინა დამარხულ არს. და ესე ენა შემკული და კურთხეული სახელითა უფლისათა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსვლასა უფლისასა“ (ნაწყვეტი იოანე ზოსიმეს ნაწარმოებიდან: „ქებათა ქება ქართულ ენას“).
ალბათ ცოტა უცნაურად მოსჩანს ფულისადმი მიძღვნილი სტატიის დაწყება ქართული ენის შესახებ ცნობების წამძღვარებით. თუმცა სინამდვილეში აქ უჩვეულო არც არაფერია იმიტომ, რომ ჩემს მიერ მოწოდებული ცოდნა იმ დაფარული ჭეშმარიტების მხილებაა, დასაბამიდან უმოქმედოდ რომ იყო გონებაში და სწორედ მისი მხილების შესახებ იუწყება იოანე ზოსიმე.
რაც შეეხება მეტყველებასა და სიტყვებს, საყოველთაოდ შეცნობილი ცოდნა არის ის, რომ ადამიანურობის სტატუსის განმსაზღვრელი ის ცნობიერებაა, რაც სიტყვებით შეცნობის საყრდენზე დგას. ვინაიდან სწორედ ცნობიერებაა ის ამოსავალი, რითაც განისაზღვრება პიროვნულობისა და საერთოდ ყოველივეს შეცნობა იმ არსების მიერ, რომელსაც სწორედ ამიტომაც ჰქვია ადამიანი, რომ ამის შემძლეობა აქვს. ხოლო თუ ვისგან ან რისგან აქვს მინიჭებული მას ეს უნარი, ამის გაგებას ბიბლიის გარდა ვერსაიდან ვერ შეიტყობს ის. ამიტომაც მივმართავ სწორედ მას და წარმოგიდგენთ ბიბლიურ განმარტებას სიტყვის არსის თაობაზე: „დასაწყისში იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი. ის იყო დასაწყისში ღმერთთან. ყოველივე მის მიერ შეიქმნა და უიმისოდ არაფერი შექმნილა რაც კი შექმნილია. მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ადამიანთა ნათელი. ნათელი ბნელში ანათებს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი“ (იოანე 1-1/5). „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი და ყოველ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი. იგი აღწევს სამშვინველისა და სულის, სახსართა და ტვინთა გაყოფის ადგილამდე. განიკითხავს გულთა აზრებს და ყოველგვარ ზრახვებს. არცერთი ქმნილება არ არის დაფარული მისი ხედვისაგან, არამედ ყოველივე გაშიშვლებული და ღიაა მის თვალთა წინაშე, ვისაც ვაბარებთ ანგარიშს“ (ებრაელთა 4-12,13). „ღმერთო გამოვიდა შენგან სიტყვა და უმალ საქმედ იქცა“ (III ეზრა 6-38/55). ღვთის სიტყვა ჭეშმარიტებაა! სამყარო კი ჭეშმარიტებით განიგება, თანახმად კანონისა: „დიდია ჭეშმარიტება და ყველაფერზე ძლიერია. ჭეშმარიტებას უხმობს მთელი ქვეყანა. ცა მას აკურთხებს. ყოველი საქმე ირყევა და ძრწის მის წინაშე და არ არსებობს მასთან რაიმე უსამართლო. ჭეშმარიტება რჩება და მძლავრობს სამარადისოდ, ცოცხლობს და ძლევამოსილია უკუნითი უკუნისამდე. არ არსებობს მისთვის მიკერძოება და გარჩევა; არამედ აჩენს სამართალს ყოველივე უსამართლობისა და ბოროტის განდევნით. ყველას მოსწონს მისი საქმეები და არაფერია მის სამართალში უსამართლო. მისია ძალი და მეფობა, ხელმწიფება და სიდიადე ყოველ საუკუნეთა. კურთხეულია ღმერთი ჭეშმარიტებისა“ (III ეზრა 4-34/40). მაშასადამე ჭეშმარიტება ამხელს სიცრუესა და უსამართლობას; ანუ „მხილებული ნათელია“(ეფესელთა 5-13,14) და „ნათელი სიცოცხლეა“ (იოანე 1-4). ხოლო სიცოცხლე კი არსებობას ნიშნავს, რომელიც ფაქტებად მოქმედების საყრდენზე დგას.
მაშასადამე გამოყენებული ბიბლიური კოდის მეთოდი ხსნის და განმარტავს შემდეგს: რომ „ღმერთი არის სიტყვა“ (იოანე 1-1) და „ღვთის სიტყვა კი ცოცხალი და მოქმედია“ (ებრაელთა 4-12); ანუ ენერგიაა, რომელსაც სულიწმიდა ჰქვია და არის ადამიანში სიყვარულის გრძნობის წარმომშობი. რასაც ბიბლიაც ამოწმებს კანონით: „ღმერთი სიყვარულია“ (I იოანე 4-16).
ე.ი. „ღვთის სიტყვა“, სულიწმიდის ენერგია და სიყვარულის გრძნობა – ეს სამივე ერთია. ხოლო მათი გამომსახველ ძალას კი ხმა ჰქვია; თანახმად განმარტებისა: ხმა არის ნაწილაკთა შეჯახების შედეგად წარმოშობილი ელექტრულ ენერგიად გარდაქმნილი ტალღა. რომელიც სივრცეში განიბნევა ბგერების სახით.
ახლა კი ადამიანში ხმის გამომსახველ გარემოებას შევეხები, რომელიც წარმოდგება ფიქრისა და მეტყველების სახით. რომელთა საფუძველიც ტვინის მიერ შექმნილ აზრზე დგას. რამეთუ აზრის გარეშე სიტყვა თავის ფუნქციას ვერ შეასრულებს. რადგანაც აზრი სიტყვათა წყობის შედეგად შედგენილი ის მთლიანობაა, რომლის არსებობაც საჭიროა საიმისოდ, რომ ადამიანმა ინფორმაციის გაგება შესძლოს. გაგება კი ნიშნავს იმას, რომ სიტყვის მნიშვნელობის აღქმა გრძნობათა ორგანოებს ძალუძს.
მაშასადამე მივედით იმის აღიარებამდე, რომ აზროვნება დამოკიდებული არის გრძნობათა ორგანოებისადმი მინიჭებული შეგრძნებების ტვინისათვის სიტყვების თარგმნაზე. მაგრამ გრძნობათა ორგანოების ის შეგრძნებები საიდან მოდის, რომელთა აღქმაც სცდება ადამიანური შემგრძნეობის დონეს? ცხადია ვერც ამ კითხვას უპასუხებს ვინმე, ადამიანის შემქმნელის გარდა; და რადგანაც მან ბიბლიით გადმოსცა ცოდნის ის წილი, რისი შეცნობის შემძლეობაც ადამიანური შემეცნებისათვის დაშვებულია; ამიტომაც ამ საკითხის ასახსნელად კვლავ მივმართავ მას: „როცა ღმერთმა გამოსახა კაცი, ჩაუნერგა მას ვნებანი და ჩვევანი და მაშინ ყოველი გრძნობის წმიდა წინამძღვრად გონება დასვა ტახტზე და მისცა მას რჯული. რომლის წყალობითაც ადამიანს გონივრული, სამართლიანი, კეთილი და ღირსეული სამეფო უნდა ემართა“ (IV მაკაბელთა 2-21/23).
ე.ი. „ღვთის სიტყვა, რომელიც არის ცოცხალი და მოქმედი“ (ებრაელთა 4-12), ყოფილა გონებაში ჩაწერილი ღვთიური კანონები. რომელიც ფაქტიურად წარმოადგენს სულის მაფუნქციონირებელ პროგრამას სხეულში. ვინაიდან და რადგანაც ყოველ ადამიანში ერთნაირი – ადამიანური კატეგორიის სული მყოფობს. ამიტომაც გონების პროგრამაში, ამ სამყაროში არსებული ყოველივე თავისი ერთადერთი ნამდვილი სახელით არის დაფიქსირებული. ნამდვილობაში კი იგულისხმება ის წოდებანი, რომელიც ღვთიური ძალის მეშვეობით ენიჭებათ მათ იმ პროგრამის ფუნქციონირების შედეგად, რომლითაც ეს სამყარო იმართება და რომელიც დაფუძნებული არის მათემატიკური კანონმდებლობით შესრულებულ გათვლებზე. ამიტომაც ზუსტად ასრულებს თავის დანიშნულებას.
მაშასადამე მივედით იქამდე, რომ ადამიანის შემეცნებისათვის შესაცნობი გახდეს ის, რომ ეს სამყაროც შექმნილია, ადამიანიც ქმნილებაა და თანაც ამ სამყაროს შემადგენელი ნაწილია; და რომ ამ სამყაროსი და მასში მყოფი ყოველივეს ფუნქციონირება ემორჩილება მათემატიკური წესებით გათვლილი კანონების ქმედებას. რომელი კანონებიც, რიცხვებსა და ასო-ბგერებს შორის დაწესებული შესაბამისობის შედეგად სიტყვებად ითარგმნებიან და წარმოდგებიან ბიბლიურ სიბრძნეებად.
როგორც უკვე მოგახსენეთ, ყოველ ადამიანს დაბადებით ეძლევა ერნაირსახეობრივი – ადამიანური კატეგორიის სული. ამიტომაც ადამიანური აღნაგობითი სტანდარტულობა დაცულია ყოველ მათგანში. ხოლო ის სხვაობანი, რაც პიროვნულობას ახასიათებს, გამოწვეულია შემქმნელის მიერ ქმნილების აზროვნებისათვის თავისუფალი ნების მინიჭებაში.
რაც შეეხება ერთიდაიგივე სულს (I კორინთელთა 12-11), ანუ ადამიანური გონების პროგრამას. ეს იმას ნიშნავს, რომ მასში ყოველ რიცხვს ერთადერთი ნამდვილი სახელი შეესაბამება. ხოლო ასეთი წოდებებისაგან შემდგარი ენა კი ის ენაა, რომელზეც ბიბლია იუწყება, რომ „ერთპირი იყო მთელი ქვეყანა და ერთ ენაზე მეტყველი“ (დაბადება 11-1) და რომელზეც ადამ და ევას დროს მეტყველებდნენ ადამიანები წარღვნამდე. ხოლო წარღვნის შემდგომ კი ამ ენაზე მეტყველებდა ნოეს ოჯახი და სწორედ მისმა მოდგმამ გადაარჩინა ეს ენა გაქრობას. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ეს ვინმესათვის, სინამდვილე ასეთია: ეს ენა ქართულია!!! ენა, რომელმაც უამრავი დამცირება და წნეხა განიცადა თავისი არსებობის მანძილზე არამარტო სხვა ენაზე მოსაუბრე ერებისაგან, არამედ თვით ქართულ ენოვან იმ ნაწილისაგანაც, რომელნიც თავიანთ თავს ე.წ. ელიტის წარმომადგენელს უწოდებენ. მაგრამ ღმერთის მიერ დადგენილის წინ აღდგომა რომ არ შეუძლია არავის და არაფერს, სწორედ ქართულმა ენამ დაამტკიცა ეს იმით, რომ მის მიმართ მიუხედავად ამდენი მოძალადეობრივი მცდელობისა, მან მაინც შესძლო ღმერთის მიერ დადგენილი კანონის აღსრულება და დაფარულად მყოფი ჭეშმარიტება მხილებული გახადა. ხოლო როგორც უკვე აღვნიშნე, თანახმად კანონებისა მხილების ნათელობასა და ნათელის სიცოცხლისუნარიანობის შესახებ – ყოველივე ეს ცხადს ხდის იმას, რომ მხილებული ჭეშმარიტების ფაქტებად აღსრულების პროცესს ვერაფერი ვერ შეაფერხებს!!!
ჭეშმარიტების შეცნობის შედეგი გაცილებით მეტად უზარმაზარია, ვიდრე ის ეფექტი, რომელსაც ადამიანი იგებს სიმართლის შეცნობით და ასე გამოხატავს მას: „შვებით ამოვისუნთქეო“. რადგანაც ეს შედეგი ახლავს რაიმე კონკრეტული საკითხის მიმართ სიმართლეზე წვდომას. ხოლო ჭეშმარიტი ცოდნის შეცნობა კი ეხება ყოველივე იმის მიმართ სიმართლის ცოდნას, რაც რომ ადამიანთან შეხებაშია და შემქმნელმაც მას ისეთი აზროვნება მისცა, რომ მას ძალუძს მისი შემეცნება. აი, მართლაც ამ შემთხვევაში აქვს ადგილი ნამდვილ „შვებით ამოსუნთქვას“, რომელსაც აბსოლუტური თავისუფლება ჰქვია და რომელ მდგომარეობამდე მიღწევაც მართალია ჯერ ვერ მოუხერხებია ადამიანს, მაგრამ ამას აუცილებლად მიაღწევს!!! ვინაიდან ასეთი იყო ღმერთის ნება, როცა ის ადამიანს ჰქმნიდა.
რაც შეეხება ხსენებული თავისუფლების აქამდე ვერ მოპოვებას, ამის შემფერხებელი ის შებოჭვაა, რომელშიაც არის ჩავარდნილნი ადამიანები, ჭეშმარიტების კანონმდებლობით მოქმედ სამყარულ ძალებთან ჭიდილის გამო. რაც იმიტომ ხდება, რომ მათი შემეცნება სიცრუით არის გაჯერებული თვით სამყარული დონის საკითხებზე ასვლამდეც კი. რის გამოც რწმენის მიმართულება აცდენილია ჭეშმარიტი გზისაკენ სვლას. ხოლო ადამიანის ამ ქვეყნად არსებობის საფუძველიცა და საყრდენიც, რწმენაა – თანახმად კანონისა: „სანამ სხეულში ვსახლობთ, რწმენით ვიარებით და არა ხედვით“ (II კორინთელთა 5-6,7). რაზედაც იესო ქრისტე ამბობს იმას, რომ „მდოგვის მარცვლისოდენა რწმენაც რომ ჰქონდეს ადამიანს და მთას უთხრას გადადექიო, გადადგებაო; და არც არაფერი იქნება მისთვის შეუძლებელიო“ (მათე 17-20).
მაშასადამე უკვე იმ ფენომენს შევეხეთ, რასაც რწმენა ჰქვია და რომ ადამიანისათვის სწორედ იგია საფუძველი და საყრდენი იმისა, რასაც მისი ამ ქვეყნიური სიცოცხლე ჰქვია. ამიტომ მიზანშეწონილად მიმაჩნია ამ საკითხის სათანადოდ განხილვა. რისთვისაც მივმართავ ბიბლიას, რომელიც ასე განმარტავს მას: „რწმენა არის მტკიცე დარწმუნება იმაში, რასაც ვესავთ. დადასტურება იმისა, რასაც ვერ ვხედავთ“ (ებრაელთა 11-1) და მხოლოდ „რწმენით არის შესაძლებელი შეცნობა იმისა, რომ საუკუნეები მოწყობილია ღვთის სიტყვით; რადგან წარმოიშვა უხილავისაგან“ (ებრაელთა 11-3).
ე.ი. რწმენა, ეს არის გონების ფუნქციონირების შედეგის ასახვა ადამიანში. ვინაიდან გონების პროგრამა ჩაწერილი არის ქრისტეს ხმით, ედემში ადამის სახით ყოფნის დროს; თანახმად ბიბლიის მოწმობისა: „რასაც ადამი უწოდებდა, იგი იყო სახელი მისი“ (დაბადება 2-19). ხოლო ამ ხმის გახმოვანება კი ორგანიზმში მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, როცა ადამიანში ჭეშმარიტი სიყვარულის გრძნობის შემადგენელი თვისებები იფუნქციონირებენ. რომლებიც შემდეგია: უანგარობა, სიკეთე, სინდისი, პატიოსნება, თავმდაბლობა, გულუხვობა, მიმტევებლობა, სიმამაცე, თავდადება, თანადგომა და მისთანანი. ამ თვისებებით შემკული გრძნობის ფუნქციონირების დროს, ორგანიზმში ენერგიათა ცვლა ნორმის ფარგლებში მიმდინარეობს და ადგილი არა აქვს არანაირ ე.წ. „ენერგიული ქარიშხლების“ წარმოშობას. რომელთა მიზეზითაც ხდება ნერვების მღელვარების გამოწვევა და მის შედეგად კი, ადამიანი მრისხანე მდგომარეობაში ვარდება.
როგორც აღვნიშნე, ჭეშმარიტი სიყვარულის გრძნობის ფუნქციონირება ორგანიზმში ენერგიის იმგვარად ცირკულირებას გულისხმობს, როცა მისი მოქმედება ნერვული სისტემის ქსელს იმგვარად ეხება, რომ მათ ჰარმონიულ რხევას იწვევს და ქმნის „ორგანიზმის მუსიკას“. რასაც ჩვენ შინაგან ხმას ვუწოდებთ და ტვინი კი მას ბგერებად აწყობს და აზრს ქმნის. აი, ამგვარად იქმნება ნიჭები. ვინაიდან ამ პროცესში ჩართულია მთელი ორგანიზმი და ყოველი უჯრედის წარმოშობასა და ზრდას ასეთი გარემოება განაპირობებს. რაც უფრო სხვაგვარად რომ ითქვას, შემდეგია: ადამიანის სხეულოვანი უჯრედები ასო-ბგერების წყობის მაგვარად იქმნებიან. რისთვისაც მას წიგნს ადარებს კიდეც ბიბლია და საკაცობრიო გენეტიკის დასასრულის პერიოდისათვის ასეთ წინასწარმეტყველურ ცნობას იუწყება: „როგორც კი აღიბეჭდება წუთისოფელი განსვლად გამზადებული, ასეთი ნიშნის მოვლენას ექნება ადგილი: გადაიშლება წიგნები სამყაროს წინაშე და გამოცხადება ჭეშმარიტება, რომელიც უნაყოფოდ იყო ამდენი ხანიო“ (III ეზრა 6-18,28).
არ ვიცი რამდენად შევძელი ასე მოკლედ იმ საკითხის გაშუქება, რომელიც ეხება სიტყვების დანიშნულების სიღრმისეულ ცოდნის თაობაზე არსებულ საკმაოდ დიდი მოცულობის ამსახველ მასალას. მაგრამ იმის კი მჯერა, რომ ამ სტატიის გაცნობა ადამიანს დააფიქრებს სიტყვის როლზე და მის ძალაზე. ეს კი მიახვედრებს იმას, რომ თუკი ნამდვილად სურს თავისი ბედისწერა სასიკეთო მხარეს მიაბრუნოს, საამისო ძალა მას ნამდვილად შესწევს ისე, რომ სხვა არავისი დახმარება არ დასჭირდება და მხოლოდ საკუთარ გონებასთან უნდა ითანამშრომლოს.
ახლა კი ფულისა და ქართული ენის ძირეულ კავშირის თემას შევეხები და მასზე აი რას გაცნობებთ: ქართველთა გონიერი ნაწილისათვის ცნობილი არის ის, რომ ქართული ენაა ის ენა, რომლითაც შესაძლებელია გონებასთან პირდაპირი კავშირის დამყარება. რაც შეუძლებელია დანარჩენ სხვა ენებისათვის. რადგან მათი გონებასთან ურთიერთობა ჯერ ინფორმაციის ქართულად აწყობას საჭიროებს და თანაც ორმაგად. ამიტომაც ქართულ ენაზე მოსაუბრეთათვის, რომელთაც ბიბლია იუდეველების სახელით მოიხსენიებს, ასეთი კანონი მოქმედებს: „ჭირი და შევიწროება ყოველი ადამიანის სულზე, ვინც ბოროტებას სჩადის – ჯერ იუდეველს, მერე კი სხვას. ხოლო დიდება, პატივი და მშვიდობა ყოველს, სიკეთის ჩამდენს – ჯერ იუდეველს, მერე კი სხვას. რადგან ღმერთთან არ არსებობს მიკერძოება“ (რომაელთა 2-9/11). რაც თავისთავად გასაგებია რატომაც ხდება, რადგან თარგმანს ხომ თავისი დრო სჭირდება?!
ამ საკითხს მეტად აღარ გავაგრძელებ და უკვე გადავალ ფულის შესახებ დაფარული ცოდნის მხილებაზე. მოგეხსენებათ, რომ სიტყვა უფალი ღმერთის სახელია და ადამიანის გონებაში რწმენისა და განწყობის მიმართულებაც მასზე არის გასწორებული. ამიტომაც გონებაში მას შეესატყვისება ციფრი 1-იანი. ხოლო დანარჩენ ციფრებს კი თავიანთი შესაბამისი მნიშვნელობები აქვთ. რომელნიც უკავშირდებიან სიყვარულის გრძნობის ფუნქციონირების გამოსახვას. მაგრამ მატერიალური საშუალებანი კი მიკუთვნებულია 0-ვან ჯგუფს. ახლა კი ფულის დანიშნულებას შევეხები – ანუ იმას, სინამდვილეში რასაც უნდა ემსახურებოდეს მისი მოქმედება; და ეს უნდა იყოს ადამიანის შრომის ღირებულების შეფასების ეკვივალენტი და აქედან გამომდინარე უნდა ხდებოდეს შეფასება ნებისმიერი მატერიალური ფასეულობებისა. რაც სამწუხაროდ არათუ მხოლოდ არ ხდება, არამედ უფრო მეტ გადაცდომასაც აქვს ადგილი. რადგან ფულის დანიშნულება თანდათან უფრო გადავიდა ზღვარს. რაც, რა თქმა უნდა უნდა ცოდვების გზაზე სიარულმა გამოიწვია და ამჟამად უკვე მიღებული იქნა ის სიტუაცია, რომ ადამიანებმა ყოველივე მნიშვნელოვანი მას დაუკავშირეს და თანაც იმ დონეზე, რომ სინდის-პატიოსნებაც კი ფულს დაუქვემდებარეს. სამწუხაროა, მაგრამ რეალობა ასეთია: ამჟამად მსოფლიო საზოგადოების უმეტესი ნაწილის შეგნებაში „უფალი“ შეცვალა „ფულია“-მ. რითაც ფულმა დაიმსახურა „გატიალების სიბილწის“ სტატუსი. რომლის თაობაზეც ასეთი რამ განაცხადა იესომ: „როცა იხილავთ გატიალების სიბილწეს წმიდა ადგილას მდგომს, მაშინ დადგება აღსასრულის დროო“ (მათე 24-15).
რაც ახლა გაცნობეთ ყოველივე რომ სიმართლეა, თანაც ყოველგვარი გადამეტების გარეშე, ამის დანახვა უკვე თვალსაჩინოდაც შესაძლებელია ყოველივე იმის ფონზე, რასაც სჩადიან ადამიანები ფულის გამო. მაგრამ ყოველივეს აქვს ზღვარი და მათ შორის ფულის საყრდენზე აშენებულ „შენობასაც“ – იმ ფულის, რომლის ფუნქციონირების შედეგიც ამოწმებს იმას, რომ იგი არ შეიძლება ჩაითვალოს „უფლის დარგულ ნერგად“. ამიტომაც ცხადია, რომ მასზე გავრცელდება კანონი: „ყოველი ნერგი, რომელიც უფალმა არ დარგო, ძირფესვიანად აღმოიფხვრება“ (მათე 15-13); და აი, ამ დრომაც მოაწია კიდეც უკვე!!! ამ კანონის აღსრულების შედეგებს ამოწმებენ კანონები: „ახლა თქვენც იტირეთ მდიდრებო და ივაგლახეთ იმ უბედურებაზე, თქვენზე რომ მოდის. თქვენი სიმდიდრე დალპა. თქვენი სამოსელი კი ჩრჩილმა დაჭამა. თქვენი ოქრო და ვერცხლი დაჟანგდა. მათი ჟანგი იქნება მოწმობა თქვენს წინააღმდეგ და თქვენს ხორცს ცეცხლივით შეჭამს იგი. უკანასკნელი დღეებისათვის გაქვთ დაუნჯებული განძი. აჰა მუშაკთა საზღაური, რომელიც დაუკავეთ თქვენი ყანების მომკელთ; ღაღადებს და მომკელთა ღაღადი უფლის ყურამდე აღწევს. თქვენ განცხრომას ეძლეოდით ქვეყანაზე და ნებივრობდით. თითქოს დაკვლის დღისათვის დაისუქეთ გულები. თქვენ მსჯავრი დასდეთ და მოჰკალით მართალი, ის კი არ გაგიძალიანდათ“ (იაკობი 5-1/6) და „დაემხო დიდი ბაბილონი, მეძავთა და მიწის სიბილწეთა დედა“ (გამოცხადება 18-2. 17-5).
ზღვარგადასულობის იმ დონეზე ასვლით, რასაც ფულმა მიაღწია „გატიალების სიბილწეობით“; მისგან მიღებული შედეგების ჩამოსაშლელად, ცხადია რომ სამყარული კატეგორიის სიძლიერის გამოყენება გახდებოდა საჭირო – თანახმად კანონისა: „უფალო, შეუძლებელია გაქცევა შენი ხელიდან. რადგან უღვთონი, რომელთაც არ ინდომეს შენი შეცნობა, შენი მკლავის ძალით ისჯებიან: გაუგონარი წვიმების, სეტყვისა და ნიაღვრებისაგან დევნილები და ცეცხლით განადგურდებიან“ (სიბრძნე სოლომონისა 16-16). როგორც ხედავთ ასეც ხდება კიდეც და აღსრულება კლიმატური კატაკლიზმების ძალის გამოყენებით მიმდინარეობს. რაც შეეხება ბიბლიურ ტერმინ „ბაბილონს“, ის კი ბანკისა და ბიზნესის გამომსახავი მნიშვნელობაა და არ ნიშნავს რომელიმე კონკრეტულ ქვეყანას. მაგრამ თუკი რომელიმე ქვეყნის კანონები მთლიანად ფულის დაცვაზეა ორიენტირებული, მაშინ შეიძლება რომ ასეთი ქვეყანა ბაბილონის სტატუსად შეფასდეს და სამწუხაროდ ის ბედი ეწვიოს, რაზედაც ბიბლია იუწყება.
ვინაიდან ღმერთის მიერ დადგენილი კანონმდებლობა ასე განიგება: „უფალო, გამოვიდა შენი სიტყვა და უმალ საქმედ იქცაო“ (III ეზრა 6-38/55). ხოლო უფლის სიტყვა კი გონებიდან გამომავალი, ის დაფარულად მყოფი ჭეშმარიტებაა, რომლის მხილებასაც ახლა კითხულობთ კიდეც – ყოველივე ეს ნიშნავს იმას, რომ უკვე ადგილი აქვს აღსრულებას ამ კანონისა: „უფალი განიკითხავს ბელს ბაბილონში და გამოაცლის გადაყლაპულს პირიდან“ (იერემია 51-44). რაც პრაქტიკულად იმაში გამოვლინდება, რომ უსამართლობით მიტაცებული – სამართლიან მფლობელს დაუბრუნდება. ფული თავის საზღვრებს დაუბრუნდება და მისი ზეგავლენით დაჩაგრული კეთილი გრძნობები აღორძინდება. ხოლო ყოველივე ეს კი, ახლო მომავალში კი არა, არამედ აწმყოში ხდება!!!