უწვრთნელი მეფე
„უწვრთნელი მეფე თავის ხალხს დაღუპავსო“ (სიბრძნე ზირაქის 10-3), იუწყება უფლის მიერ დადგენილი კანონი და კაცობრიობის ცხოვრების აღმწერი ისტორიაც, სწორედ რომ ამ კანონის აღსრულების მტკიცებულებაა. ასე იყო ადრეულ პერიოდში, მის შემდეგაც და ასეა ამჟამადაც. მიზეზი კი რა თქმა უნდა უცვლელია: ცოდვებს დამოყვრებული ხალხი და მათ მიერ არჩეული „უწვრთნელი მეფეები“ ანუ იგივე ის მთავრობანი, რომლებიც ქვეყნებს მართავენ. ამასთანავე იმასაც მოგახსენებთ, რომ ღმერთს ასეთი კანონიც აქვს დადგენილი: „რომ გონიერი კაცის ბრძნული მმართველობით ქვეყანა აშენდებაო“ (სიბრძნე ზირაქის 16-4).
ვინაიდან და რადგანაც ასეთი მნიშვნელოვანი როლი რგებია ქვეყნის მმართველ პირებს, ამიტომ ცხადია საზოგადოებისათვის მეტად საჭირო ყოფილა და ვიტყოდი იმასაც, რომ ამჟამად უკვე არათუ საჭირო, არამედ აუცილებელიც კი – იმისი ცოდნა, თუ რა იგულისხმება „გაწვრთნილი მეფეობის“ სტატუსში. რომელი აუცილებლობაც დააყენა იმ გარემოებამ, რომ ხანგრძლივი დროის მანძილზე „უწვრთნელ მეფეთა“ ნამოქმედარმა, კაცობრიობის არსებობის საკითხი დააყენა საფრთხის წინაშე. ხოლო მეტად სამწუხარო კი ის არის, რომ არსებული რეალური სიტუაციის სათანადოდ აღმქმელი, არც აღარავინ არის ადამიანთაგან.
მაშასადამე საკითხი დაუყოვნებლივ სათანადოდ განხილვას საჭიროებს. რასაც დავიწყებ შემდეგი კანონის შეხსენებით: „უსუსურია მოკვდავთა აზრები და ზრახვები მერყევია. რადგან გახრწნადი ხორცი ამძიმებს სულს და ეს მიწიერი კარავი ტვირთად აწევს ფიქრით სავსე გონებას. ადამიანი ძლივს ხვდება იმას რაც მიწაზეა. რაც ხელთა აქვს ძნელად პოულობს. ხოლო რაც ცაში არის, მას კი როგორ გამოიკვლევს?! განგებას შენსას ვინ შეიცნობდა უფალო, შენ რომ სიბრძნე არ მოგეცა და მაღლიდან შენი წმიდა სული არ მოგევლინებინა?!“ (სიბრძნე სოლომონის 9-14/17). როგორც ხედავთ, წინამდებარე კანონი მისახვედრს ხდის იმას, რომ სიბრძნის შეცნობისათვის აუცილებლობას წარმოადგენს წმიდა სულის მქონეობა, ანუ იგივე – მაღალი მორალის მქონე პიროვნებად ჩამოყალიბება. რისი მიღწევაც შესაძლებელია მხოლოდ ერთი გზით და მას ცოდვებისაგან განრიდება ჰქვია. რასაც მოწმობს კიდეც ბიბლია: „ყველა მოძრავზე უფრო მოძრავია სიბრძნე. თავისი სიწმიდით ყველაფერს გაივლის და ყველგან შეაღწევს. რადგან ღვთის ძალის სუნთქვაა ის და ყოვლისმპყრობელის დიდების შეუბღალავი გადმოღვრა. ამიტომ წაბილწულთაგან ვერავინ მიეკარება. ერთადერთია იგი, მაგრამ ყოვლისშემძლე. ეწვევა უბიწო სულებს თაობიდან თაობაში და მათ ღვთის მოყვრებადა და წინასწარმეტყველებად განამზადებს. ვინაიდან ღმერთს არავინ უყვარს გარდა იმისა, ვინც სიბრძნით ცხოვრობს. რადგანაც სიბრძნეს ვერ სძლევს ბოროტება“ (სიბრძნე სოლომონის 7-15/30).
ახლა კი მინდა შევეხო საკითხს, რომელიც ეხება იმ ცოდნას, რასაც ადამიანები სიბრძნესა და განათლებას უწოდებენ და მის მქონე პიროვნებას კი განათლებულად შერაცხავენ. მის შესახებ რასაც ვიტყოდი არის ის, რომ ღმერთი უგუნურებად აფასებს ასეთ ცოდნას და მის მფლობელებს კი ბრიყვებს უწოდებს. რაც მოგახსენეთ, მას დავამოწმებ კიდეც ბიბლიით: „ამა სოფლის სიბრძნე უგუნურებაა ღვთის წინაშე“ (I კორინთელთა 3-19). „სად არის ბრძენი? სად არის მწიგნობარი? სად არის ამ საუკუნის მოკამათე? განა სისულელედ არ აქცია ღმერთმა სიბრძნე ამ სოფლისა?“ (I კორინთელთა 1-20). „იცის უფალმა სოფლის ბრძენთა ზრახვანი, რომ ამაოა ისინი“ (I კორინთელთა 3-20). „არის ნიჭიერება, რომელიც სისაძაგლეა და არის ბრიყვი, რომელსაც მხოლოდ სიბრძნე აკლია. უსწავლელი, მაგრამ ღვთის მოშიში სჯობს დიდად განსწავლულს, მაგრამ ღვთის კანონების დამრღვევს“ (სიბრძნე ზირაქის 19). „სიბრძნის სათავე უფლის მოშიშობა არის და მორწმუნეებს საშოდანვე დაჰყვება თან“ (სიბრძნე ზირაქის 1-14).
ცხადია მნიშვნელოვანია გარკვევა იმისა, თუ რატომ აფასებს ადამიანთა მიერ მეცნიერული გზით მოპოვებულ ცოდნას ღმერთი უგუნურებად და საერთოდ რა ცოდნაა ჩათვლილი სიბრძნეთ მის მიერ. ამის თაობაზე პირველ რიგში რასაც ვიტყოდი არის ის, რომ თუკი ადამიანი ჯეროვნად დააკვირდება იმ რეალურ ფაქტებს, რაც თუგინდ ამჟამად ხდება კაცობრიობის თავს, პასუხის პოვნა არ გაუჭირდება. ვინაიდან მიუხედავად იმ შეფასებისა, როგორადაც ადამიანური აზროვნება აფასებს დღევანდელობის პერიოდს და მას ცივილიზაციის მაღალ საფეხურზე მყოფს უწოდებს; სინამდვილეში რეალობა ასეთია: მსოფლიო მოსახლეობის ცხოვრების დონე არ შეცვლილა იმ თვალსაზრისით, რომ რასაც ეწოდება უშიშრად ცხოვრება, ამას არ არის მიღწეული. ასევე მატერიალურად კარგ მდგომარეობაში ისევ ისე მცირე რიცხოვანნი არიან, როგორადაც ეს ყოველთვის ასე იყო. მსოფლიო ხალხთა უდიდესი ნაწილი კი შეჭირვებულ მდგომარეობაში იმყოფება. ხოლო რაც შეეხება მორალურ მხარეს, აქ კი სავალალო მდგომარეობა არის და თანაც მეტად მძიმე. რაც ყველაფერი ხდება მაშინ, როცა არსებობს საუკეთესოდ ცხოვრების წესი, რომელიც ღმერთის მიერ აქვს დადგენილი ადამიანებს და ცხადია მის არსებობაში ეჭვის შეტანა შეუძლებელია!!! რომელი წესიც გულისხმობს იმას, რომ მისი დაცვით მცხოვრები ხალხი: არც ავად გახდება, არც იშიმშილებს, არც თავშესაფრის გარეშე იქნებიან, არც შიშით იცხოვრებენ, რადგან მტერი ვერ მიეკარებათ მათ. ამასთანავე ერთმანეთის მიმართ შური, ბოღმა და სიძულვილი კი არ ექნებათ, არამედ სიყვარულის კავშირი დამყარდება მათ შორის. მაგრამ საამისოდ „ღმერთის მიერ ბრძენად შეფასებული ადამიანი სჭირდება ქვეყანას. რომელიც თავის ხალხს აღზრდის“ (სიბრძნე ზირაქის 37).
პოლიტიკა და კონსტიტუცია რაღა არის?! ალბათ ასეთი კითხვის გაჩენას უნდა ჰქონდეს ადგილი. რაზედაც პასუხი ასეთია: მმართველობის ფორმა, რომელიც მოკლებულია სიბრძნეს და საფუძვლად უდევს ადამიანური აზროვნებისმიერი გათვლები. ბედისწერა კი ღმერთისაგან დადგენილი კანონების განსჯით განიგება. ხოლო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულებას კი ახასიათებს მეტად მნიშვნელოვანი თვისება, რაც დროის ფაქტორს გულისხმობს. რომელიც ემორჩილება ღმერთის მიერ გათვლილ დადგენილებას, რომელიც შემდეგია: „ყოველივეს თავისი დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში“ (ეკლესიასტე 3-1). ამიტომაც სანამ თავისი დრო და ჟამი დაუდგება კანონის აღსრულების მომენტს, მანამ შუალედურ პერიოდს სათავისოდ იყენებს პოლიტიკა და რელიგია და ადამიანებს თავიანთი გავლენის ქვეშ ამყოფებენ. მაგრამ როცა აღსრულების დრო დადგება, მაშინ კი მოსახლეობას თავს ატყდება მათთვის დაჯერების შედეგები და ცხადია დაზარალებულები ისევ ისინი რჩებიან. თუმცა სათანადოდ მაინც ვერ ხვდებიან იმას, რომ მიზეზი ის არასწორი გზაა, რომელზედაც მათ თავიანთ მიერ არჩეული „უწვრთნელი მეფეები“ დაატარებენ – როგორც საერო, ასევე სასულიერო სფეროს მხრიდან. სამწუხაროდ ხალხი ვერ ხვდება იმას, რომ მათი რჩეულების ცოდნა მოკლებულია სიბრძნეს და ვერ ხვდებიან იმიტომ, რომ თავადაც სიბრძნეში გაუსწავლელები არიან. რადგანაც ბრმად ენდობიან იმ ცრუ მსახურებს, რომელნიც მათ სულიერ მოძღვრებად წარუდგნენ და ღვთის სახელით ისეთ წესებს ასრულებიებენ, რასაც არანაირი საერთო არა აქვს ღმერთთან. ხოლო ღვთის მიერ დაწესებულ კანონებს კი არასწორად და სათავისოდ მორგებულად განუმარტავენ.
რაც შეეხება იმას, რაც ხალხისათვის სიბრძნეში გაუსწავლელობის ბრალის დადებაა, ცხადია იგი მტკიცებულების წარმოდგენის აუცილებლობას საჭიროებს საიმისოდ, რომ აღშფოთება არ გამოიწვიოს ვინმეში. ამიტომაც საამისოდ წარმოვადგენ თუნდაც ერთ მაგალითს მრავალთაგან: საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილი სთვლის, რომ თაღლითი და უსინდისო ბოროტეულნი დალხენილად ცხოვრობენ და კეთილი პატიოსანნი კი დაჩაგრულები არიან. რასაც ასე ხსნიან: რომ ცხოვრება უსამართლოა. ის კი ღმერთის მიერ დადგენილი სამართლით განიგება. ამგვარად განმსჯელნი ვერ აცნობიერებენ იმას, რომ ამგვარად ფიქრი ღვთის გმობადაა შეფასებული ბედისწერის განსჯით. რადგან გამოდის, რომ მაშინ ღმერთი უსამართლო ყოფილა, თუკი ბოროტეულებს კარგ ცხოვრებას არგუნებს და სინდისიერ და პატიოსან ადამიანებს კი – ცუდს. ღვთის გმობა კი ბედისწერისაგან სასჯელს იმსახურებს. ხოლო კიდევ უფრო სამწუხარო ის არის, რომ თუკი ადგილი ექნება იმის ახსნას თუ რა ხდება სინამდვილეში, ამის მოსმენა არავის სურს. ვინაიდან მათი რწმენა ასეთია! რადგან აცდენილია ჭეშმარიტებას. რამეთუ რწმენის მიღებას, საფუძვლად ცოდნის მარაგი უდევს. ცოდნის შეძენას კი მოსმენა სჭირდება. ამიტომ ვისაც უსმენს და რასაც ისმენს ხალხი, ცოდნასაც მათგან იღებს და რწმენასაც იმით იძენენ. ხოლო ყოველივე ამის სანაცვლოდ კი, ღმერთის კანონმორჩილი სამყარო ფაქტების სახით პასუხობს მათ. ამიტომაც იწოდება ეს სამყარო მატერიალურად. აი, მტკიცებულებაც ეს არის: არ მოსწონს ვინმეს საკუთარი ცხოვრება? მაშინ იცოდეს, რომ მიზეზი მის რწმენაშია! რადგან ღმერთმა ასე დაუდგინა ადამიანს: „რომ სანამ იგი ხორციელია, რწმენა ადგმევინებს ნაბიჯებს და არა ხედვა“ (II კორინთელთა 5-6,7). ხოლო რწმენის მიღება კი ცოდნის ფლობაზე დგას. რომლის შეძენასაც მოსმენა, გაანალიზება და შესმენა სჭირდება.
ახლა კი ისევ „უწვრთნელი მეფის“ თემას დავუბრუნდები და მოგახსენებთ იმას, რომ ცხადია ისინი მარტო იმ ერში არ ყოფილან და არც ახლა არიან, რომელიც ღვთის რჩეულ ერად არის შეფასებული სამყარული კანონმდებლობით. არამედ ყველა ქვეყანაში ასე იყო და ახლაც ასეა. მაგრამ განსხვავება არის მათ წვლილში. რამეთუ ერს, რომელსაც მინდობილი აქვს ღვთის სიტყვები (რომაელთა 3-1,2), კაცობრიობის ბედის წარმმართვაში განმსაზღვრელი როლი აქვს დაკისრებული. ხოლო როგორადაც უკვე ცნობილია კიდეც, ეს ერი ქართულ ენაზე მოსაუბრე ხალხია. რაც მათ ავალდებულებს იმას, რომ ამჟამად აუცილებლად უნდა გადადგან სწორი ნაბიჯები საიმისოდ, რომ იმ მდგომარეობის შეჩერება მოხდეს, რაც ელვისებური სისწრაფით მიმდინარეობს და სასიკეთო რომ არაფერი ხდება, ამის თვითმხილველიც უკვე სრულიად მსოფლიო მოსახლეობაა. ამიტომ პირდაპირ და მოკლედ ვიტყვი იმას, რაც საჭიროა რომ იმ ერმა გააკეთოს, რომელთაც მინდობილი აქვთ ღვთის სიტყვები.
როგორც ამას ღვთისაგან დადგენილი კანონი ამბობს: „ღვთის რჩეული ერის ერთ წარმომადგენელს შეუძლია 1000 მტრის განდევნა მაშინ, თუკი ღმერთი მასთან იქნება“ (იესო ნავეს ძე 23-10). რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველის აზროვნება გონებისაკენ უნდა წარიმართოს და გადაწყვეტილებანი მიიღოს გონებაში მყოფი კანონების გათვალისწინების საფუძველზე. ანუ ქართველი ერი დაუყოვნებლივ უნდა გამოფხიზლდეს გონების ძილისაგან და დაიმსახუროს ღმერთისაგან გონიერ ერად შეფასების მიღება. რაც ბიბლიურად ნიშნავს „ღმერთის დიდების გამოცხადებას“ და აღსრულება იქნება კიდეც კანონისა: „უფალი ამბობს: „რომ ერი, რომელიც ჩემთვის გამოვსახე, გამოაცხადებს ჩემს დიდებასო“(ესაია 43-21) გაცნობებთ იმას, რომ ეს აუცილებლად ასე მოხდება!!! რადგან სხვა გზა არ არსებობს იმის გამო, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში კაცობრიობა არსებობას შესწყვეტს. ეს კი ღმერთს არ დაუშვია. აგრეთვე მოგახსენებთ იმასაც, რომ გონიერების მისაღწევად ორი გზა არსებობს და არჩევანი კი ყველასათვის თავისუფალია. პირველი გზა გულისხმობს უფლისმიერი სიმართლის თავისი სურვილით შეცნობასა და მისით შეფასებას განვლილი საკუთარი ცხოვრებისას; შემდეგ ცოდვების მონანიებას და ღმერთის მიერ დადგენილი ბედისწერის კანონმდებლობის დაცვით ცხოვრების განგრძობას. ხოლო მეორე გზა კი შემდეგი კანონის აღსრულებაზე გადის: „ვინც კი ხორციელად იტანჯა, შეწყვიტა ცოდვის ჩადენა“ (I პეტრე 4-1). რომლის მოქმედებასაც იმათ მიმართ ექნება ადგილი, ვინც არ მოისურვებს უფლის მიერ დადგენილი სიმართლის ცოდნის შეცნობასა და მის მიღებას.
ახლა კი მიზანშეწონილად ვთვლი, ორიოდ სიტყვით უფლის მიერ დადგენილ სიმართლის შესახებ განვაცხადო. რომელიც გამოქვეყნებული არის „უფალია ჩვენი სიმართლის“ სახელით წარმოდგენილი ინფორმაციით. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანებს შესწევთ უნარი სიმართლის დანახვისა მაშინ, როცა ფაქტებად წარმოდგებიან ისინი. ხოლო ღვთის რჩეულს კი მისი ცოდნა მანამ ეძლევა, სანამ ფაქტებად აღსრულებას ექნება ადგილი. ვინაიდან უფლის მიერ დადგენილია ასეთი კანონი: „არაფერს მოიმოქმედებს უფალი ღმერთი, თუ წინასწარ არ აცნობებს თავის რჩეულს“ (ამოსი 3-7). რაც იმიტომ დაუშვა ღმერთმა ასე, რომ მათი მოღვაწეობის მეშვეობით გადაერჩინა კაცობრიობა განადგურებისაგან. სწორედ ამ კანონის აღსრულების შედეგად არის შექმნილი „უფალია ჩვენი სიმართლე“ და მის მიერ გადმოცემული ცოდნის გავრცელება ემსახურება იმას, რომ ადამიანები უნდა გამოაფხიზლოს გონების მიძინებისაგან. რამეთუ გონების ძილი იწვევს სულისა და სხეულის გაყრას და ეს კი გარდაცვალებას ნიშნავს. ამიტომ გონების მიძინების დონისდა შესაბამისად დადგენილია სასჯელები საიმისოდ: რომ როდესაც სიტყვის მოსმენას არ ინებებს ადამიანი, მაშინ ტანჯვა და ტკივილი აიძულებს მას გონების ძილისაგან გამოფხიზლებას.