გაზიარება

რა არის ფანატიზმი


ძალიან ხშირად ადამიანებს ერთმანეთში ერევათ ფანატიზმისა და ნამდვილი სიყვარულის გრძნობა. ამიტომ აუცილებლობა მოითხოვს იმის ცოდნას, თუკი როგორ უნდა შევძლოთ მათი ერთმანეთისაგან გამიჯვნა. რისთვისაც საჭიროა ფანატიზმის არსში კარგად გარკვევა. რისი მიღწევაც შეუძლებელია ბიბლიის დახმარების გარეშე. ვნახოთ რა ინფორმაციას გვაწვდის იგი ადამიანური ფენომენის შესახებ: „როდესაც ღმერთმა გამოსახა კაცი, ჩაუნერგა მას ვნებანი და ჩვევანი და მაშინ ყოველი გრძნობის წმიდა წინამძღვრად გონება დასვა ტახტზე“ (IV მაკაბელთა 2-21,22) და „ვიდრე სხეულში ვსახლობთ, ღმერთის გარეთ ვსახლობთ; რადგანაც რწმენით ვიარებით და არა ხედვით“ (II კორინთელთა 5-6,7).
როგორადაც ამ ცნობებიდან ვიგებთ (და თანაც ჩვენც ვხვდებით კიდეც მას), თურმე ჩვენს ნაბიჯებს რწმენა განსაზღვრავს და არა ჩვენი აზროვნებითი გათვლები. და ღმერთმაც ადამიანი ისეთ არსებად შექმნა, რომ რწმენის მისაღებად გონება მისცა. ხოლო რაც შეეხება თვალს, ყურსა და სხვა დანარჩენ გრძნობათა ორგანოებს, ისინი აზროვნებას ემსახურებიან გონებასა და გარემოსთან სათანამშრომლოდ. თუმცა ფაქტი სახეზეა იმისა, რომ ადამიანმა ჯეროვნად ვერ დააფასა ღმერთისაგან ბოძებული შემკობა და გრძნობათა ორგანოების დანიშნულების მიმართ მიკერძოება დაუშვა. რითაც თვალს მიანიჭა დიდი უპირატესობა და გრძნობათა სხვა ორგანოების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას კი, მასთან შედარებით უმნიშვნელო როლი არგუნა. რამაც ის შედეგი გამოიღო, რომ ადამიანებს შეეზღუდათ ჭეშმარიტი რწმენის მიღების უნარი. ვინაიდან ღმერთმა მათ ასეთი პრინციპით შეუქმნა სხეული: „თუ მთელი სხეული თვალია, სადღაა სმენა?! ხოლო თუ ყველაფერი სმენაა, მაშინ სადღაა ყნოსვა?! ღმერთმა ასოები სხეულში ისე განალაგა, როგორც ნებავდა. მაგრამ ყველა რომ ერთი ასო იყოს, მაშინ სადღა იქნება სხეული?! აჰა, ასოები ბევრია, სხეული კი ერთი. თვალი ვერ იტყვის ხელს: არ მჭირდებიო. ვერც თავი ფეხს: არ მჭირდებიო. არამედ სხეულის ის ასოები, რომლებიც ყველაზე უძლურნი ჩანან, უფრო მეტად საჭირონი არიან. ხოლო რომლებიც ნაკლებ საპატიოდ გვეჩვენება სხეულში, მით უხვად გარემოვიცავთ პატივით და ჩვენს უსახურთ უფრო უხვად აქვთ სახიერება. ღმერთმა ისე შეაზავა სხეული, რომ უფრო უხვი პატივი არგუნა იმას, რომელსაც ნაკლები აქვს. რათა არ იყოს განხეთქილება სხეულში, არამედ ყველა ასო ერთნაირად ზრუნავდეს სხვაზე და თუ ერთი ასო იტანჯება, მასთან ერთად ყველა ასო იტანჯება. ხოლო თუ ერთი ასო დიდებას მოიხვეჭს, მაშინ მასთან ერთად ყველა ასო ხარობს“ (I კორინთელთა 12-14/27).
ვინაიდან და რადგანაც ადამიანი ღმერთის ქმნილება არის, ამიტომ გამომდინარე შემქმნელის პოზიციიდან, მან ყოველივე იცის თავისი ქმნილების შესახებ. მიანიჭა რა ქმნილებას თავისუფალი ნება, ამიტომაც მან გათვალა ყველა ის შემთხვევა, რისი ხორცშესხმის შესაძლებლობაც ადამიანს ექნებოდა თავისუფალი ნების გამოყენებით. სწორედ ამის გამო გახადა მან საჭიროდ ბიბლიის შექმნა. რაც სხვა არა არის რა, თუ არა ის ინსტრუქცია, რომლის ცოდნის გამოყენებითაც ადამიანს შეუძლია უსაფრთხო და საამური ცხოვრებით განვლოს, დედამიწაზე მისთვის საარსებოდ დადგენილი წლები.
ახლა კი მინდა შევეხო ამ ინსტრუქციის თანახმად აკრძალულ იმ წესს, რომლითაც ღმერთი კრძალავს მისადმი რწმენის მისაღებად თვალით ხილულის გამოყენებას, რასაც კერპი ეწოდება და ის ნებისმიერი სახისა შეიძლება რომ იყოს: დაწყებული უსულო ნივთებიდან – დამთავრებული გაკერპებული ადამიანებით. ამ საკითხთან მიმართებით მოგახსენებთ იმას, რომ გონება ანუ ინტუიციური პროგრამა, რომელიც ჩვენი სულის შემოქმედებაა, ისევეა ჩვენი ადამიანური ფენომენის ნაწილი, როგორც ის აზროვნება, რომელიც სხეულისმიერი შემოქმედებაა. მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ ცოდნა ადამიანთა ურიცხვი რაოდენობიდან მხოლოდ ძალზედ მცირედ ნაწილს აქვს, გონების ინტუიციური პროგრამა ყოველ პიროვნებაში მეტ-ნაკლებად მაინც ფუნქციონირებს. რადგან ეს ასე რომ არ იყოს, მაშინ ადამიანი ვერც იარსებებდა! და რაოდენ მცირედადაც არ უნდა მოხდეს გონების გააქტიურება, მაინც საკმარისია საიმისოდ, რომ ადამიანში ღვთის შიშის ნაპერწკალი მაინც ამყოფოს. ამიტომ ასეთნი მართალია საქმით არ იცავენ ღვთისაგან დაწესებულ წესებს, მაგრამ ლოცვით ლოცულობენ. მოგახსენებთ იმასაც, რომ ადამიანში ნამდვილი სიყვარულის გრძნობა მხოლოდ მაშინ არსებობს, როცა იგი არის ჭეშმარიტების კანონების მცოდნე და მისი საქმით დამცველი!!! წინააღმდეგ შემთხვევაში მასში სიყვარულის გრძნობის ნაცვლად ეგოიზმის ჩანერგვა ხდება და შორს წასულ შემთხვევებში ფანატიზმში ანუ აკვიატებულ დამოკიდებულებაში გადადის.
რაც შეეხება სიყვარულისა და ფანატიზმის ერთმანეთისაგან გასამიჯნად გამოსაცნობ ნიშნებს, ის შემდეგია:
1) ფანატიკოსი თავისი აზრის გათვალისწინებას აიძულებს გარშემომყოფთ. რის მისაღწევადაც ყოველნაირი ხერხის გამოყენებას სცდილობს და არ ერიდება თვით ღმერთის სახელის ამოფარებასაც კი. სიყვარულის გრძნობით მოქმედი პიროვნება კი არასოდეს მიმართავს მოძალადეობას, არამედ ყოველ თავის ნააზრევს სარწმუნოდ განმარტავს. ვინაიდან ასეთნი, ღმერთის მიერ უხვად არიან დაჯილდოებულნი ჭეშმარიტი ცოდნით.
2) ფანატიკოსი ვერ ეგუება მისი აზრის საწინააღმდეგოდ მოაზროვნეს. ასეთების მიმართ ავლენს აგრესიას და ფიზიკური ძალადობის მიმართვასაც კი არ ერიდება საწინააღმდეგოდ მოაზროვნის დასადუმებლად. რასაც არავითარ შემთხვევაში არ სჩადის სიყვარულის გრძნობით აღჭურვილი ადამიანი. რომელიც არ არის მოძალადე, არამედ პირიქით არის ლმობიერი და გაწონასწორებული. ვინაიდან მისი ძალა სიბრძნის ფლობაშია.
3) ფანატიკოსებს ახასიათებთ მედიდურობა და ამბიციურობა. სიყვარულის გრძნობის მქონენი კი უბრალონი და თავმდაბალნი არიან.
4) ფანატიკოსები მუდამ ცრუობენ და მეტად არასანდო პიროვნებები არიან. სიყვარულის მქონენი კი არც არასდროს ცრუობენ და თანაც უღალატონი არიან.
5) ფანატიკოსთა ეგოიზმის ადრესატი არის აკვიატებული ვინმე. რომლის მიმართაც შესაძლებელია, რომ მისი ეგოიზმი მანიაკალურ ფორმაშიც გადავიდეს. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ სიყვარულის გრძნობა სასიცოცხლო ენერგიის მომცემია, ხოლო ეგოიზმი კი მისი საწინააღმდეგოსი და მითუმეტეს ფანატიზმი – პირდაპირ სასიკვდილო ენერგიით აღჭურვილი გრძნობაა. ამიტომ ისინი საშიშროებას უქმნიან იმ პიროვნებებს, რომელთა ფანებიც არიან. ხოლო რაც შეეხება რელიგიურ ფანატიზმს, ამ მხრივ საქმე ასეა: ამ ფანატიკოსთა მიერ ხდება დამუხტვა იმ ნივთებისა, რომელთაც ისინი ღმერთის შუამავლებად მიიჩნევენ: ხატები, ქანდაკებები, ჯვრები, ამულეტები და სხვა. აგრეთვე გაცნობებთ იმასაც, რომ ასეთ ნივთებს მხოლოდ ფანატიკოსები ქმნიან და ამიტომაც მასში აქსოვენ თავიანთ ძალას. ვნახოთ რას ამბობს უფალი ბიბლიაში ამ საკითხის შესახებ: „ეს ხელნაკეთი დაწყევლილია თავადაც და მისი გამკეთებელიც, რომ გააკეთა და ეს ლპობადი ნივთი ღმერთად იწოდა. რადგან უკეთური და მისი უკეთურება ღმერთისათვის თანაბრად საძულველია და რაც გაკეთებულია, მის გამკეთებელთან ერთად დაისჯება (სოლომონი 14-8/10). „არცერთ კაცთაგანს არ შეუძლია გამოსახოს ღმერთი, როგორიც არის“ (სოლომონი 15-96). „კერპთა მსახურება არის დასაბამი, მიზეზი და ბოლო ყოველგვარი ბოროტებისა. ვინაიდან მათი თაყვანისმცემელნი ნეტარებით შმაგობენ, უსამართლოდ ცხოვრობენ, სიცრუეს წინასწარმეტყველებენ ან სწრაფად სტეხენ ფიცს. რადგან უსულო კერპთა მოიმედენი, ბოროტი ფიცისათვის სასჯელს არ ელიან. მაგრამ სასჯელი ორივეს გამო მოაწევს მათზე. იმის გამოც, რომ კერპების ერთგულნი ბოროტად ფიქრობდნენ ღმერთზე და იმის გამოც, რომ უსამართლოდ ფიცულობდნენ სიწმიდის მიმართ მზაკვრულად მოქცეულნი. რადგანაც არა ფიცის ძალა, არამედ ცოდვილთათვის განკუთვნილი სასჯელია, რომ დევნის მუდამ კანონის შემლახველს“ (სოლომონი 14-27/31). „ღმერთო, შენი შეცნობა სრული ჭეშმარიტებაა. აღიარება შენი ძალაუფლებისა კი უკვდავების საფუძველია. ვერ შეგვაცდინა ჩვენ კაცთა ბოროტმა განზრახვამ და ვერც მხატვართა უნაყოფო შრომამ: სხვადასხვა ფერებით აჭრელებულმა ხატებმა“ (სოლომონი 15-3,4).
დიახ ასეა! შემქმნელზე უკეთ არავინ იცის თავისი ქმნილების შესახებ. ამიტომაც ამბობს ის, რომ კერპთმსახურება არის საფუძველი ყოველგვარი ბოროტებისაო. ვინაიდან ეს კერპები დამუხტულნი არიან იმ მაგიური ძალით, რომელსაც ფლობს მათი შემქმნელნი და თაყვანისმცემელნი. რომელი ძალაც ღმერთისაგან არ არის და ამიტომ ცხადია, რომ ეშმაკისაგან იქნება. ვინაიდან დედამიწაზე მესამე ძალა არ არსებობს!!! როდესაც ადამიანი ამ კერპებს ეთაყვანება ანუ ლოცულობს მასზე, ამ დროს ხდება მათ შორის ენერგიული ცვლა შემდეგნაირად: ის ენერგია, რომელიც მლოცველისაგან გამოდის და მიმართული უნდა იყოს კოსმოსისაკენ – შებრკოლდება კერპის მუხტით და ის მას მიმართულებას შეუცვლის. ამიტომ ისიც გაედინება ამ კერპის შემქმნელისაკენ და იმათკენ, ვისი სიტყვის შესმენითაც ირწმუნა მლოცველმა ამ კერპებისა. რის შედეგადაც მოხდება ამ მლოცველის გონების დაბლოკვა ანუ მიძინება – ხოლო კიდევ უფრო სხვაგვარად რომ ვთქვათ: მოჯადოება. აი, აქედან მოდის ჯადოქრობა, ადამიანთა გაკულტება, ფულის გაფეტიშება და შედეგად კი რაც არის მომკილი, ამას ახსნა არც სჭირდება, ყოველდღიური რეალობა ისე ავლენს ფაქტებით. ამიტომ ბიბლიით შეგახსენებთ იმას თუ რა თვისებებით ვლინდება ნამდვილი სიყვარული, რათა შესძლოთ მათი გამიჯვნა ეგოიზმისა და ფანატიზმისაგან.
„სიყვარული სულგრძელია, ქველმოქმედია; არ შურს, არ ყოყოჩობს, არ ამპარტავნობს, არ სჩადის უწესობას. თავისას არ ეძიებს, არ მრისხანებს და არ განიზრახავს ბოროტს. არ ხარობს სიცრუით, არამედ ჭეშმარიტება ახარებს. ყოველივეს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის სასოება აქვს და ყოველივეს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება“ (I კორინთელთა 13-4/8). „ყოველი, ვისაც უყვარს, ღმერთისაგან არის შობილი და იცნობს ღმერთს. ვისაც არ უყვარს, მას არ შეუცვნია ღმერთი. ვინაიდან ღმერთი სიყვარულია“ (I იოანე 4-7,8). „ღმერთი სიყვარულია, ხოლო სიყვარულში დარჩენილი ღმერთში რჩება, ხოლო ღმერთი მასში. სიყვარულში არ არის შიში, არამედ სრულყოფილი სიყვარული სდევნის შიშს, ვინაიდან შიში ტანჯვაა. ხოლო მშიშარა კი არ არის სიყვარულში სრულყოფილი“ (I იოანე 4-16,21). „სიყვარული არ უბოროტებს მოყვასს, ამიტომ სიყვარული რჯულის აღსრულებაა“ (რომაელთა 13-10).
როცა ადამიანში სიყვარულის გრძნობაა აღძრული და არა ეგოიზმი, მხოლოდ ასეთ ადამიანს შესწევს უნარი ღმერთის შეცნობისა. რადგან სიყვარული სულიწმიდის ძალით აღჭურვილი გრძნობაა და მას გონება აღძრავს, რომელიც ღმერთმა დააყენა ადამიანთა გრძნობათა განმგებლად. გონების ფუნქციონირება კი მხოლოდდამხოლოდ ღმერთის მიერ დაწესებულ კანონთა უპირობო დაცვით მიიღწევა და მის გარდა არა ესაჭიროება რა. მოგიყვანთ ამ ცნობის დასტურს ბიბლიიდან: „ღმერთმა როცა გამოსახა კაცი, ჩაუნერგა მას ვნებანი და ჩვევანი; და მაშინ ყოველი გრძნობის წმიდა წინამძღვრად გონება დასვა ტახტზე და მისცა მას რჯული, რომლის წყალობითაც ადამიანს გონივრული, სამართლიანი, კეთილი და ღირსეული სამეფო უნდა ემართა“ (IV მაკაბელთა 2-21/23). „ღმერთი შემოქმედი სამყაროსი და ყოველივესი რაც მასშია, ხელთქმნილ ტაძრებში არ მკვიდრობს. არც ადამიანთა ხელიდან სამსახურს საჭიროებს; რადგან თავად ანიჭებს ყველას სიცოცხლეს, სუნთქვას და ყოველივეს. ერთიდან შექმნა ადამიანთა ყოველი ტომი, რათა დედამიწის ზურგზე დამკვიდრებულიყვნენ. წინასწარ დააწესა მათ დასამკვიდრებლად დრონი და საზღვრები. რათა ეძიონ ღმერთი, ვინძლო იგრძნონ იგი და იპოვონ, შორს როდია თითოეული ჩვენთაგანისაგან; ვინაიდან მასში ვცოცხლობთ, ჩვენ მისი მოდგმა ვართ“ (საქმეები 17-24/28).
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე მოგახსენებთ იმასაც, რომ ქრისტეს მიმართ ჭეშმარიტი რწმენის არსებობა ნიშნავს: უპირველეს ყოვლისა, მისი მოძღვრების საფუძვლიანად შესწავლას (რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ღმერთის მიერ დადგენილი ის კანონები, რომელიც ყოველი ადამიანის გონებაში დევს) და შემდეგ მათი დაცვით ცხოვრების გზის განვლას. ეს არის ქრისტესა და ღმერთის მიმართ ნამდვილი მორწმუნეობა და მის მეტი სხვა არაფერი! ხოლო ყოველივე დანარჩენი, რასაც მათი სახელით სჩადიან ადამიანები, ამოწმებს მათ ფანატიკოსობას მხოლოდ. რაზედაც ძალიან დიდი სასჯელი არის ბედისწერისაგან დაწესებული. ამიტომ ვინც ეს აქამდე არ იცოდა, კარგია თუ გაითვალისწინებს ამას და აირიდებს იმ სასჯელებს, რომელთა მომკის დროც კარზეა მომდგარი.