გაზიარება

ამპარტავნება და მისთვის განკუთვნილი სასჯელი

„დასაბამი ამპარტავნებისა ცოდვაა და ვისაც იგი აქვს სისაძაგლეს ამოანთხევს. ამის გამო განგება მრავალ განსაცდელს უმზადებს მას და საბოლოოდ კიდეც დაღუპავს“ (სიბრძნე ზირაქის 10-22). ასეთ შეფასებას აძლევს ბიბლია ამპარტავან ადამიანს. მართლაცდა პრაქტიკა ცხადჰყოფს, რომ ამბიციურობისა და ამპარტავნების გამო ადამიანები მრავალნაირ უმსგავსო საქციელს სჩადიან, თვით მძიმე კატეგორიის დანაშაულებათა ჩათვლითურთ და იქამდეც კი მიდიან, რომ ხელყოფენ როგორც სხვის, ასევე საკუთარ სიცოცხლესაც. რაც თავისთავად ამტკიცებს იმას, რომ ეს თვისება არ არის სულიწმიდის ძალისაგან გამომდინარე და მას მხოლოდ ზიანის მოტანა შეუძლია ადამიანისათვის; რამეთუ იგი შურითა და ბოღმით ნაშენები გრძნობაა. ამიტომაც გონიერების მოთხოვნაა ის, რომ ადამიანი გათავისუფლდეს მისგან. მაგრამ დაისმის კითხვა: შესაძლებელია კი ამბიციურობა-ამპარტავნების აღმოფხვრა? ხოლო თუ შესაძლებელია, როგორ?!
არაერთგზის განმიცხადებია და მას კვლავ ვიმეორებ: როდესაც მავნე ჩვევებთან და თვისებებთან ბრძოლის დაწყებას აქვს ადგილი, გამარჯვების მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი მათი წარმომშობი ფესვისათვის იქნება მიგნებული მის ამოსაძირკვად. რაც უპირველეს ყოვლისა საჭიროებს საკმაოდ შორეული წარსულისათვის გონებით გადაწვდომას. რისთვისაც ძიების დაწყება უნდა მოხდეს დასაბამიდან და რადგან კანონი ამბობს, რომ ამპარტავნებისათვის ის ცოდვაა, ხოლო ცოდვის მამა კი სატანაა – ამიტომ ჯერ საჭიროა გარკვევა იმისა, თუ რატომ იქნა დაშვებული სატანური ძალის არსებობა. რადგან იგი ხომ სულიწმიდის საპირისპირო ძალის გარკვეული მასშტაბური სიდიდეა?!
ყოველივე ამის შესახებ კი მოგახსენებთ იმას, რომ ადამიანის ცნობიერება არის ამ სამყაროსეული კვლევის ერთ-ერთი მეტად მნიშვნელოვანი ობიექტი. ხოლო გამოსაცდელ ობიექტს თუკი მინიჭებული არ ექნა თავისუფალი არჩევანით გადაწყვეტილებების მიღების უფლება, ისე კვლევა სრულყოფილად როგორ ჩატარდება?! ამიტომაც იქნა დაშვებული გამოსაცდელ ობიექტზე გავლენის მოსახდენად ერთმანეთის საპირისპიროდ მოქმედი ორი ძალის არსებობა და პიროვნებისათვის კი მიცემული თავისუფალი ნება, რომ რომელი ძალის მხარეც სურდა, ის აერჩია; თანახმად კანონისა: „ღმერთმა შექმნა ადამიანი და თავისი ხელის ანაბარად დატოვა. წინ დაუდო წყალი და ცეცხლი და მისცა თავისუფალი ნება იმისა, რომ რომლისაკენაც სურდა მისკენ გაეწვდინა ხელი“ (სიბრძნე ზირაქის 15-14). თუმცა რადგან ეს სამყარო ზღვრულია და არა უსასრულობა, ამიტომაც მასში ყოველივესა და ყველაფერს გააჩნია თავისი ზღვარი; და მათ შორის ცოდვასაც. რომლის ავსების შედეგად წყდება კავშირი სულსა და სხეულს შორის და ადამიანობის გამომსახველი მთლიანობაც ირღვევა. ამიტომაც სხეული გადაიქცევა გვამად და მიწას უბრუნდება, ხოლო სული კი მიდის იმ განზომილებაში, რომელში წვდომაც დაიმსახურა მან სხეულში ყოფნისას. ჩამოიცილებს და დატოვებს იქ იმ ველს, რომელიც სხეულთან თანაცხოვრებით შეიძინა და რეინკარნირდება. თუმცა არის ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც არის მთავარი საყრდენი ჩასატარებელი ექსპერიმენტისა და მას მემკვიდრული გენის ფაქტორი ჰქვია. რომლის არსებობაც საჭიროა იმიტომ, რომ კვლევის შედეგის მიღებას თაობათა ცვლა დასჭირდა იმ მიზეზის გამო, რომ ადამიანები ცოდვათა ჩადენის შედეგად ვერ ინარჩუნებენ სიცოცხლის საიმისო ხანგრლიობას, რაც ნაყოფ „გონიერი აზროვნების“ მისაღებად არის საჭირო. ამიტომაც ეს სამყარო ისეა მოწყობილი, რომ მასში განხორციელებული ერთი ნიუანსიც კი არსად იკარგება და ყოველივეს თავისი გარდასახვის დრო აქვს დადგენილი. ანუ საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობა უწყვეტი პროცესია და მართალია პიროვნებანი კი იცვლებიან, მაგრამ მათი ნამოღვაწარი გროვდება და ნამატ-ნამატის სახით მიღებული გენით გადადის შთამომავლობაზე მემკვიდრეობის მიღების გზით.
მიუხედავად იმისა, რომ თაობათა ცვლამ ადამიანთა ცნობიერებაში მნიშვნელოვანი ძვრა მოახდინა განვითარების მხრივ, ღმერთმა მათ მიერ განვლილი ცხოვრებისეული მოღვაწეობის პერიოდი „უმეცრების დროებად“ შეაფასა და ამჟამინდელ დროზე კი მისგან საყოველთაო მოწოდებაა ცოდვათა მონანიებისა. რადგან მის გარეშე ვერ მოხდება ის, რომ ადამიანთა მოდგმამ არსებობა შეინარჩუნოს!!! (საქმეები 17-31).
ცხადია ყოველივე ეს მოითხოვს ახსნა-განმარტებას იმისას, თუ რატომ თვლის ადამიანური შემეცნება თანამედროვე პერიოდს განვითარების მწვერვალზე მყოფად, ხოლო კი ღმერთი უმეცრებად აფასებს მას. წარმოდგენილი საკითხის გასარკვევად მოვიქცევი ასე: მივყვები საზოგადოებრივი წყობების განვითარების ისტორიის განხილვას, რომელსაც დავიწყებ პირველყოფილი თემური წყობილებით და არა კაცობრიობის საწყისის – ადამ და ევათი. თუკი რატომ ასე, ამის ახსნასაც აუცილებლად წარმოვადგენ, ოღონდ ცოტა მოგვიანებით. რადგან მანამ საჭიროა რიგი საკითხების განხილვა. აქ კი შემოვიფარგლები მხოლოდ იმის ცნობებით, რომ პირველყოფილი თემური წყობილების წარმოშობის დრო, წარღვნის შემდგომი პერიოდია. ხოლო რაც შეეხება წარღვნას გადარჩენილ ნოეს გენს, ის გადაურჩა პირველყოფილი ადამიანის დონის პარამეტრებამდე ჩამოქვეითებას.
რაც შეეხება პირველყოფილ ადამიანს, მისი შემეცნება დაუტვირთავი იყო და ამიტომაც მეტყველებაც არ იყო ფუნქციონირებადი. გამომდინარე ადამიანის შექმნის პროგრამიდან, ცხადია დასაბამი უნდა მისცემოდა აზროვნების განვითარებას და ეს ასეც მოხდა კიდეც. შემეცნების განვითარებას გარემოს აღქმა დაედო საფუძვლად და ადამიანებმაც დაიწყეს გარშემო მყოფი საგნებისა თუ მოვლენებისათვის სახელის წოდება. რის საფუძველზეც უკვე სიტყვიერად ატყობინებდნენ ერთმანეთს თავიანთ სურვილებს; რასაც ადრე ჟესტების საშუალებით ახერხებდნენ.
პირველი გრძნობები, რომელთაც ადამიანები იგრძნობდნენ, რა თქმა უნდა ასოცირებული იქნებოდა შიმშილისა და წყურვილის, სიცივისა და სიცხის შეგრძნებასა და ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასთან. ვინაიდან ეს სურვილები პირადულნი არიან და გამომდინარეობენ სხეულის ელემენტარული მოთხოვნილებებიდან. ამიტომაც პირველად ადამიანმა შეიცნო „ჩემი“ და არა „ჩვენი“. ხოლო ამ „ჩემის“ შეცნობით კი მან შეიძინა ისეთი უნარი, რომლითაც გააცნობიერა, რომ ამ გარემოში დასამკვიდრებლად საჭირო იყო საკუთარი არსებობის უზრუნველსაყოფი პირობების შექმნა. რისთვისაც შეიგნო საკვებისა და წყლის მოხმარების აუცილებლობა.ხოლო გარემო პირობებმა: სიცხემ, სიცივემ და ნალექებმა კი თავშესაფრის აუცილებლობაც აგრძნობინა. გარდა ამისა გარემოს თანდათან შეცნობასთან დაკავშირებით, ადამიანმა მიიღო ცოდნა სასიცოცხლო საშიშროების არსებობის თაობაზეც. რაც გამოიხატა ცხოველთა აგრესიისა და ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგებით.
აქ კი მინდა ცოტა გადახვევა გავაკეთო ძირითადი საკითხიდან და უფრო მეტად გავრცობილად განვიხილო იმ სადაო საკითხის ახსნა, რომელიც ეხება ბუნებრივ კატაკლიზმათა პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებას კაცობრიობის უარყოფითი ემოციების მაღალმასშტაბურ დონეზე გამოვლინებასთან. რაც უშუალო შედეგია ადამიანური შემეცნების უმეცრების გზით განვითარების ხანდაზმულობისა. თუმცა კვლევებით დადგენილია ფაქტები საიმისო, რომ ბუნებრივი კატაკლიზმები ადრეულ პერიოდშიაც ხდებოდა და თანაც საკმაოდ მაღალი სიძლიერისა. თანაც იმ დროს, როცა ადამიანური აზროვნების დონე ბევრად ჩამორჩებოდა დღევანდელობისას. მაშინ როგორ უნდა იყოს გაგებული ყოველივე ეს?! პრაქტიკა ხომ არ უარყოფს ღვთიური სიბრძნის კანონმდებლობას?! ამის თაობაზე მინდა მოგახსენოთ ის, რომ არსებობენ ისეთი ფაქტები, რომელთა არ დანახვაც შეუძლებელია და თანაც თავიანთი არსებობით ისე გამოიყურებიან, რომ უარყოფენ იმ კანონთა მოქმედების რეალობას, რომელიც ღმერთმა დაადგინა სამყაროს კანონმდებლობად. ერთ-ერთ ასეთ მაგალითად შემიძლია მოვიყვანო ბოროტეულთა მიერ ფუფუნებასა და დროსტარებაში ცხოვრების ამსახველი ფაქტები. თუმცა ეს ერთი შეხედვით სჩანს ასე და მსგავსი ფაქტები, კანონთა გაუსწავლელთ აძლევთ იმის დაჯერების საშუალებას, რომ ვინც ბოროტია, ის უფრო კარგად ცხოვრობს. სინამდვილეში კი ასე სრულებითაც არ არის და ყოველივეს აქვს თავისი ჭეშმარიტი ახსნა-განმარტებანი. რომელიც ადასტურებს იმას, რომ ასეთი დაშვება კანონთა მოქმედებების შედეგად ხდება.
რაც შეეხება კატაკლიზმების საკითხს, ადრეულ პერიოდში სამყარო იმყოფებოდა დროში, რომელიც ფუნქციონირებდა „1 დღე, როგორც 1000 წელი პროგრამის აღსრულებით“ (II პეტრე 3-8). ხოლო ამჟამად კი ფუნქციონირებს „1000 წელი, როგორც 1 დღე პროგრამით“ (II პეტრე 3-8). გარდა ამისა გაცნობებთ იმასაც, რომ ადამიანი არ არის დედამიწის მკვიდრი პირველი მოაზროვნე არსება. მის გაჩენამდე სხვები არსებობდნენ და ამის ცნობას ბიბლიაც იძლევა: „იხილეს ღვთის შვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და ცოლებად მოჰყავდათ ისინი, ვისაც კი ამოირჩევდნენ. ბუმბერაზები ცხოვრობდნენ მიწაზე იმ დღეებში და მას შემდეგაც, როდესაც ღვთის შვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან. რომელნიც მათ უჩენდნენ შვილებს. სახელოვანი ხალხი იყვნენ ისინი ძველი დროიდან“ (დაბადება 6-2,4). ფაქტობრივ დასტურს კი მათი ნახელავისას, რაც ჯერ არის მიგნებული საყოველთაოდ თვალსაჩინოდ, წარმოადგენენ თუნდაც ეგვიპტისა და სამხრეთ ამერიკაში არსებული პირამიდები. აგრეთვე ის გიგანტური ზომის ნახაზები მიწაზე, რომელთა დანახვაც მხოლოდ ძალიან დიდი მანძილიდან გადაღებით არის შესაძლებელი. რაც შეეხება ბოროტეულთა კარგად ცხოვრების საკითხს, ამასაც თავისი კანონზომიერული საფუძველი აქვს და მისი მიზეზი არის ღვთიური გენის წარმომადგენელთა მიერ ჩადენილ ცოდვათა სიმრავლე. რისთვისაც ბიბლია ამ ბოროტეულთ „ცოდვის შვილებს“ უწოდებს – მათი არსებობის დაშვების საფუძვლის გამო, რაც შემდეგია: მათი დანიშნულებაა დამსჯელის როლი შეასრულონ ცოდვის ჩამდენ ღვთისშვილთა მიმართ საიმისოდ, რომ ისინი გონს მოეგონ და ცოდვების ჩადენა შეწყვიტონ.
ახლა კი დავუბრუნდები მთავარ თემას. მაშასადამე რადგანაც ადამიანმა შეიგრძნო გარემოს სიმკაცრე, მის მიერ შესაბამისად მოხდა იმის შეგნებაც, რომ შეემუშავებინა ისეთი მეთოდები, რომლითაც თავის არსებობას დაიმკვიდრებდა გარემოში. ასე ჩაისახა შრომისა და საბრძოლო იარაღი შექმნის იდეა, თავშესაფრის შექმნის იდეა და იმის შეცნობასაც ექნა ადგილი, რომ ჯგუფურად თანაცხოვრება და შრომა იყო საჭირო საიმისოდ, რომ უფრო ადვილად გამკლავებოდნენ გარემოს პრობლემებს. გარდა ამისა თავისთავად თავისი განვითარება ჰპოვა სქესობრივი ლტოლვის დახვეწამაც და ოჯახის ინსტიტუტიც ჩაისახა. ასე რიგად მიმდინარე ცხოვრების ფონზე, გენეტიკური კანონის მოქმედება დროის მსვლელობაზე იმით აისახა, რომ სიტყვა „ჩვენის“ წარმოშობა განაპირობა. მაგრამ რა თქმა უნდა მან ისეთი ძალა ვერ შეიძინა, როგორიც „ჩემმა“. ვინაიდან ადამიანების ერთად ყოფნა გამომდინარე იყო არა ერთმანეთის სოლიდარობიდან, არამედ საკუთარი ინდივიდუალური ინტერესებიდან. ანუ „ჩვენი“ გამომდინარეობდა „ჩემის“ გამო. რაც ჭეშმარიტი სიყვარულს არ ახასიათებს, რადგან მისი არსებობის დროს პირიქითა და „ჩვენიდან“ გამომდინარეობს „ჩემი“. ამიტომ ასეთი გზით მიმდინარე პროცესმა ცხადია, რომ პირველ რიგში წარმოშვა ფიზიკური ძალადობის დაშვება და პრივილეგიასაც ფიზიკურად ძლიერი იღებდა. ხოლო ვინაიდან ადამიანმა მოძალადეობით უპირატესობა მოიპოვა, ამიტომ მიხვდა იმას, რომ თუ ძალადობას გაამყარებდა სისასტიკით, მით მეტად დააშინებდა გარშემო მყოფთ და უფრო დაიმორჩილებდა მათ. რადგან ჩანასახშივე აღკვეთავდა მათში წინააღმდეგობის გაწევის სურვილს. აი ასე შვა ძალადობამ ტირანია. ე.ი. კონკრეტული სასტიკი პირების ძალადობრივი მოქმედებების გამო, შიშმა ისე ღრმად გაიდგა ადამიანში ფესვები, რომ მათში ჩაისახა ძალოვანებისადმი იძულებითი პატივისცემის უნარი. რომელიც თანდათან მოწონების გრძნობად გარდაისახა.
მაშასადამე ადამიანში საფუძველი ჩაეყარა პატივისცემისა და მოწონების გრძნობის წარმოშობის მეორე გზას, რომლის საფუძველიც შიში გახდა. გამომდინარე შიშის განმარტებიდან, რომ იგი გონების მიერ შემწეობაზე უარის თქმაა (სიბრძნე სოლომონის 17-11,12). ხოლო სიყვარული კი გონებისმიერი გრძნობაა. მისახვედრია ის, რომ შიშზე დამყარებული გრძნობების მამოძრავებელი ძალა ვერ იქნება სულიწმიდის მიერი; არამედ არის მისი საპირისპირო არაწმიდა სულის ძალისაგან. სულიწმიდის ძალა ღვთისაგანაა და მისი საპირისპირო კი ცხადია, რომ სატანისაგან იქნება. ასეთი გრძნობებით ნამართი აზროვნება კი ვერანაირად შეძლებდა ჭეშმარიტების გზით სვლას და ამიტომაც დასაბამი მიეცა კიდეც უმეცრების დროების მსვლელობას. რომლის დროსაც შიში იყო გრძნობათა მიღების საყრდენი. ამიტომაც ის გრძნობა, რაც ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებდათ წარმოადგენდა ეგოიზმს და არა სიყვარულს. ხოლო რაც შეეხება წარღვნას გადარჩენილ ნოეს გენს, მას პირველყოფილი ადამიანის დონემდე დამდაბლება არ შეხებია. რაც მოხდა იმის გამო, რომ მათი არსებობის მამოძრავებელი ძალა ჭეშმარიტი სიყვარულის გრძნობაზე იდგა.
განვაგრძობ აღწერას იმ გრძნობების წარმოშობის შესახებ, რომელსაც საფუძვლად ეგოიზმი დაედო. უპირატესობის მოპოვების გზათა ძიებამ აზროვნებას საბრძოლო იარაღის შექმნისაკენ უბიძგა. რის შესაბამისადაც მოხდა პატივისცემის „გაყოფა“ და თუკი ადრე პატივისცემას იმსახურებდა ფიზიკურად ძლიერი, უკვე იგივე უპირატესობა ტექნიკის გამომყენებელმაც დაიმსახურა. რადგან იარაღი გახდა ერთ-ერთი საშუალება ძლიერის სტატუსის მოსაპოვებლად. ანუ ნიჭის გამოვლინების დაფასებას მიეცა ადგილი. მაგრამ სავალალოდ, უმეცრების გზაზე მავალმა აზროვნებამ ის არასწორი გზით განავითარა და დასაბამი მისცა ისეთი თვისებების ჩამოყალიბებას, როგორიცაა: ცბიერება, სიხარბე, მზაკვრობა, თვალთმაქცობა, ქურდობა და მისთანანი. რომელი თვისებებიც საშუალებას იძლეოდა სხვათა მზრუნველებად თავის წარმოჩენისა. რის საფუძველზეც ადამიანები ასეთ პიროვნებებს ნდობას უცხადებდნენ და ბელადებად აყენებდნენ. აი ასე მოიპოვებდნენ ხალხის ნდობას ცრუ, მკვეხარა, ცბიერი ადამიანები და მასების მმართველებად ვლინდებოდნენ. სამწუხაროდ ეს პროცესი არც შეჩერებულა, რადგან კაცობრიობამ იმ გზით გააგრძელა სვლა, რითაც დაიწყო და ამიტომაც დღემდე ასეა: ყოველი სფეროს სათავეში, ეს სასულიეროა თუ საერო, მოქცეულნი არიან სწორედ სატანური ძალის თვისებების მქონე ნიღბიანი ადამიანები და მათი საყრდენი კი ის ამბიცია-ამპარტავნებაა, რომელი გრძნობაც აშენებულია ყველა იმ უარყოფით თვისებებზე, რომელზეც ახლა ვისაუბრე. მართალია მათ კი მოიპოვეს ხალხისაგან დაფასება, მაგრამ ღმერთის მიერ დაწესებული ბედისწერის კანონმდებლობა კი ასე განსჯის მათ ბედს: „მხოლოდ ამპარტავნებისაგან წარმოიშობა განხეთქილება“ (იგავები 13-10) და „ამპარტავნის საქმეც დაცინვა და ლანძღვაა. მაგრამ შურისგება ჩასაფრებული ლომივით ელოდება მას“ (სიბრძნე ზირაქის 27). „დაშინებითა და ძალადობით სიმდიდრე ოხრდება და ასევე მოოხრდება ამპარტავნის სახლი“ (სიბრძნე ზირაქის 21). ხოლო ვაი იმ მმართველობის სფეროს, რომელიც ასეთი უფროსის „სახლია“!!!
თანახმად კანონისა: „ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კეთილ ჩვევებს“ (I კორინთელთა 15-33). უმეცრების დროებაში მცხოვრებთაგან, ცხადია ვერავინ დაიცავდა თავს ისე, რომ ამბიციის სენი რაღაც მცირე დონეზე მაინც არ შეჰყროდა. სწორედ მისგან განსაკურნავად არის დაწესებული კანონი, რომელიც შემდეგია: „უფლისაგან წვრთნას ნუ უგულებელყოფ და მის მხილებებს ნუ წაუყრუებ. რადგან ვინც უყვარს, იმას წვრთნის უფალი. მსუბუქად სჯის ყოველ შვილს, ვისაც ღებულობს“ (ებრაელთა 12-5,6). „ბიწიერებას რომ დიდი ხანი არ ეძლევა და იმთავითვე სასჯელით აღიკვეთება, სწორედ ესაა დიდი წყალობის ნიშანი. რაც შეეხება სხვა ხალხებს, ღმერთი მოთმინებით აყოვნებს მათ დასჯას, ვიდრე ისინი მთლიანად არ აივსებიან ცოდვებით. თავის რჩეულთ კი ასე არ გვექცევა იგი. არ ელის ჩვენი ცოდვების სავსებას, რომ მერე შურისგება მოხდეს ჩვენზე. ამიტომაც არ მოუკლია ჩვენთვის მოწყალება და თუმცა კი გვსჯიდა, მაგრამ მაინც არ გაუწირავს თავისი ხალხი“ (II მაკაბელთა 6-14/16). ამიტომ ვინაიდან ამბიცია-ამპარტავნება სხვისი დამცირების შედეგია, იგივეს განცდა საკუთარ თავზე წარმოშობს თავმდაბლობას და იძლევა ჭეშმარიტების შეცნობისა და მისი ღრმად გაგების საშუალებას. რამეთუ ამ სამყაროს არსებობის პრინციპი ყოველივეს გამატერიალიზებაშია და ამიტომაც ნებისმიერი თვისების სახეცვლილების მოხდენა შესაძლებელი არის მატერიალურიდან მიღებულის შემეცნებით. როგორც ამას კანონიც ამოწმებს: „ვინც ხორციელად იტანჯა, შესწყვიტა ცოდვის ჩადენა“ (I პეტრე 4-1).
ვინაიდან და რადგანაც ამჟამად კაცობრიობა საყოველთაოდ არის წარსდგენილი ღმერთის მიერ დაწესებულ გამოცდაზე, ამიტომაც მიმდინარე პროცესები თავმდაბლობას დაუბრუნებენ მათ, ვინც ამას თავადვე მოინდომებენ. რის სანაცვლოდაც ღმერთისაგან მიიღებენ კიდეც მადლს; თანახმად კანონის აღსრულებისა: „ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს“ (იაკობი 4-6).