აი, სულ ეს არის ადამიანი
როგორც უკვე იცით, ჩემგან მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს მხილებას იმ დაფარული ჭეშმარიტებისა, რომელიც საუკუნეების მანძილზე გონებაში უმოქმედოთ იყო იმ მიზეზით, რომ აზროვნებით ვერ ხერხდებოდა მისი გაშუქება. ამჟამად მინდა ვისაუბრო ადამიანის არსებობის იმ საიდუმლოს შესახებ, რომელსაც აქამდე არ შეხებია ცნობიერება. მის განხილვას კი დავიწყებ ძილის საკითხით – გამომდინარე იმ მნიშვნელოვანი როლიდან, რომელიც მას აკისრია ადამიანისათვის სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებელ პროცესში. მოგეხსენებათ, რომ ძილის დროს ხდება ცნობიერის ფუნქციონირების გათიშვა და ქვეცნობიერის ფუნქციონირების ჩართვა. ცნობიერის მოქმედებას რუხი ფერის ტვინის ქერქი უზრუნველყოფს, ხოლო ქვეცნობიერისას კი – თეთრი ფერის ტვინის შიდა ღრუბლისებრი შრე. იმის შესაბამისად ტვინის ქერქის გათიშვა სრულფასოვნად ხდება თუ ნაწილობრივ, ამის მიხედვით ირთვება ქვეცნობიერიც. ე.ი. თუ ძილის დროს ტვინის ქერქის გათიშვა ხდება სრულყოფილად, მაშინ ადამიანს სძინავს ღრმა ძილით. ამიტომ ქვეცნობიერს აქვს მეტი თავისუფლება სამოქმედოდ და რადგანაც იგი გონებით იმართება, ამიტომ აწესრიგებს ყოველივეს ორგანიზმში; თანახმად კანონისა: „როცა ღმერთმა გამოსახა კაცი, ჩაუნერგა მას ვნებანი და ჩვევანი და მაშინ ყოველი გრძნობის წმიდა წინამძღვრად გონება დასვა ტახტზე“ (IV მაკაბელთა 2-21). „როგორც სიამოვნება და ტკივილი სულიდან და სხეულიდან აღმოცენებული მცენარეებია, ასევე ამ მცენარეებს თავისი შტოები აქვს. რომელთაგან თითოეულს ასუფთავებს, სხლავს, ამყნობს, რწყავს და ყოველმხრივ უვლის მიწათმოქმედი გონება და ათვინიერებს ველურ ზნეს და ვნებებს. რადგან გონება არის ღირსებათა წინამძღვარი და ვნებათა განმგებელი. გონება თვითდამაოკებელი ძალის წყალობით ბატონობს ვნებებზე. თვითდაოკება კი სურვილებზე უფლობს. ზოგი სურვილი სულიერია, ზოგიც სხეულებრივი. მაგრამ ორივეს, ცხადია სძლევს გონება“ (IV მაკაბელთა 1-20/32). „გონებას ძალუძს სურვილთა დაძლევა და ვნებათა ალის ჩაქრობა. ძალუძს უმძიმესი ხორციელი ტკივილების დაამება და გონების სიკეთის წყალობით ვნებათა ყველანაირი შეტევის უკუქცევა“ (IV მაკაბელთა 3-17,18). ხოლო ყოველივე ეს კი სიჯანსაღის საწინდარია.
ამ ინფორმაციის წაკითხვის შემდეგ შეიძლება ვინმეს ეგონოს, რომ თურმე რა ადვილი ყოფილა ჯანმრთელობის მოპოვება. რადგან დასაძინებელი აბების საშუალებით შეიძლება უძილობის დაძლევა. მაგრამ მთლად ასეც არ არის საქმე და თუ რატომ, ამას ავხსნი. პირველ რიგში კი აღვნიშნავ იმას, რომ ის ფაქტორი, რომელსაც ძალუძს ტვინის ქერქის სრულფასოვნად გათიშვა საძილედ, არის ტვინის მკვებავი სისხლძარღვებისათვის ჟანგბადით მდიდარი სისხლის მიწოდება, რომ ტვინის ქერქის მთელი უჯრედები ჩაერთოს იმ პროცესში, რასაც მიღებულ სისხლში შემავალი ლითონების ჟანგვა ჰქვია. რადგან მხოლოდ ამ გზით წარმოიქმნება იმ ძალით აღჭურვილი ენერგია, რომელსაც ძალუძს კედელივით აღმართვა ქვეცნობიერისა და ცნობიერის საზღვარზე; და სანამ ეს ენერგია არ მოიხმარება შიდა ტვინის მიერ, მანამ ტვინის ქერქის უჯრედები ისვენებენ, ანუ ადამიანს სძინავს. ხოლო რაც შეეხება ქვეცნობიერს, მას კი მართავს გონება, რომელიც სულისმიერი „პროდუქტია“ ისევე, როგორც აზროვნება – სხეულისა. ამიტომ რაც უფრო ღრმაა ბუნებრივი ძილის პროცესი და საჭირო დროის მომცველიც, მით უფრო კარგად ფუნქციონირებს სული ორგანიზმში და ავსებს მას ღვთის წყალობით. ალბათ ასეთი კითხვაც შეიძლება დაიბადოს: თუკი ადამიანი თავისი ცხოვრებისეული მოღვაწეობით არ იმსახურებს ღვთისაგან წყალობის მიღებას, მაშინ როგორღა ახერხებს დაძინებას ყველა?! ამაზე მოკლედ გიპასუხებთ ასე: ძილიც არის და ძილიც! ისევე, როგორც სიზმარიც და სიზმარიც! ხოლო ახლა კი ცოტა უფრო ვრცლად და გასაგებად ავხსნი ამ პასუხს.
რაც შეეხება ძილს, მასზე ბიბლია იუწყება შემდეგს: „ძილი კურთხეული ქმნილებაა, რომელიც დასაბამიდან დღისით თუ ღამით ღმერთის მიერ მიემადლება ყველას, ვისთვისაც მოისურვებს“ (III მაკაბელთა 5-11). როგორც ხედავთ ეს კანონი ამტკიცებს იმ ცოდნას, რომელიც მოგაწოდეთ. ვინაიდან ღმერთი ადამიანში სულის სახით არსებობს და სულის პროგრამა კი გონებაა. თუმცა არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხიც და ეს ეხება ბოროტეულ კატეგორიას. ნუთუ მათშიაც იმყოფება ღმერთი?! და თუ ეს ასეა, მაშინ როგორ?! ღმერთი ხომ კეთილია მხოლოდ! ყოველივე ამ კითხვებს რა თქმა უნდა აქვთ ჭეშმარიტი პასუხები და ახლავე ვუპასუხებ კიდეც მათ.
მოგეხსენებათ ბიბლია აცხადებს იმას, რომ „ღმერთი ადამიანში სულის სახით არის“ (იოანე 4-24). თუმცა ისიც ვიცით, რომ ბოროტი სულის ადამიანებიც არსებობენ. ხოლო ბოროტ სულში კი ცხადია ღმერთი ვერ უნდა იყოს! ამიტომ მოდით დავაკონკრეტოთ ეს საკითხი. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ დაბადებითვე ყოველ ადამიანს ეძლევა ღვთიური სული, ანუ სულიწმიდის ძალით დამუხტული სული და ყველა ბავშვიც დაბადებით კეთილია. მაგრამ რადგანაც ბავშვის აღზრდას მშობლები უზრუნველყოფენ, ამიტომაც მათი შვილთა მიმართ განხორციელებული ქმედებები მნიშვნელოვან წილ ზემოქმედებას ახდენს ბავშვის ბედისწერაზე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, ჯერ ერთი ბავშვი როგორი ინდივიდუალური გენეტიკური კოდის მქონე დაიბადა და ამასთანავე იმასაც, თუ როგორ აღზრდას ღებულობს ის. მხედველობაში მაქვს ის გარემოება, რომლითაც მშობლები და აღმზრდელი პედაგოგები ბავშვს უნერგავენ იმის ცოდნას, რა არის სწორი და რა – არასწორი.
წინა წერილში გავაკეთე ასეთი შედარება: ადამიანის სხეული შევადარე კომპიუტერს და სული კი მახსოვრობის ბარათს. აი ამ შედარების მეშვეობით ავხსნი სულის ფუნქციონირებას სხეულში ისე, რომ საყოველთაოდ გასაგები ცოდნით წარმოვადგინო ის პრინციპი, რასაც ადამიანის სიცოცხლის არსებობა ჰქვია. მოგეხსენებათ, რომ სულში ჩაწერილ პროგრამას გონება ჰქვია და მას გააჩნია სამი განყოფილება. რომელთაგან მთავარი არის სამყაროსა და მისი შემქმნელის მიერ ცოდნის, შემდეგ ნიჭებისა და შემდეგ კი პირადულ მოთხოვნილებათა უზრუნველყოფისათვის ცოდნის მომცველი განყოფილება. იმისთვის რომ სულმა იფუნქციონიროს ორგანიზმში, ამისათვის საჭიროა მოხდეს მისი სრული მობრუნება ტვინის შიდა ღრუბლისებრ შრეში. რის შედეგადაც მიღებული ენერგიის თვისებები: ხმა არეგულირებს ნერვული სისტემის სიმშვიდის ზღვარს და სითბო კი ქმნის კლიმატს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის განსახორციელებლად. რაც შეეხება სულის ფუნქციონირების სრულყოფილად ჩატარებას (რომელიც ფიზიკური თვალსაზრისით მიკრო ზომისაა სხეულთან შედარებით), მისი უზრუნველყოფა მხოლოდ კოსმოსურ ველთან კონტაქტით არის შესაძლებელი იმიტომ, რომ იგი მის მიზიდულობას არის დაქვემდებარებული. ხოლო სულის კოსმოსთან კავშირის შენარჩუნებას კი ორგანიზმის მიერ იმ ენერგიის გამომუშავება სჭირდება, რომელზედაც ზემოთ ვილაპარაკეთ. ანუ ტვინის კვება ჟანგბადით მდიდარი სისხლით. რისი მიღწევაც შესაძლებელია მხოლოდ ერთი საშუალებით და ეს არის გონებაში დაფიქსირებული ღვთიური კანონების საქმით აღსრულება. მაგრამ რა ხდება იმ შემთხვევაში, როცა ადამიანი ამ კანონებს არ იცავს? მაშინ სული ვერ ახერხებს სრულად მობრუნებას და მისი მოქმედება ტალღისებურად ლივლივებს. ანუ ასეთ ადამიანს სულის კოსმოსთან კავშირი ებლოკება და მისი სიცოცხლეც განპირობებულია ცოდვის წილზე. ასეთ ადამიანებს კი, ბიბლია „მკვდრებს“ უწოდებს; თანახმად კანონისა: „მკვდრებმა თავიანთი მკვდრები დამარხონ“ (მათე 8-22). რას ნიშნავს ეს? ახლავე ავხსნი მას:
მოგეხსენებათ, რომ ადამიანის სხეული ისეთი აპარატია, რომელსაც ცოცხალი არსება ჰქვია. რაც ნიშნავს იმას, რომ მას საარსებოდ ფუნქციონირება სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, გვამად გადაიქცევა და მისი არსებობაც შეწყდება. ხოლო ფუნქციონირებას კი თავისი წესი აქვს და სწორედ მის ინსტრუქციას წარმოადგენს ის კანონები, რომელიც ბიბლიაში არის გაფანტული სიბრძნეთა სახით და რომელიც ადამიანს გონებაშიც აქვს ჩაწერილი.
უკვე აღარც ის არის დაფარული, რომ ეს სამყარო მთლიანია და მის შემადგენლობაში მყოფ მაკრო სხეულებს თავიანთი ადგილი და ფუნქცია აქვთ განკუთვნილი საიმისოდ, რომ შენარჩუნებული იქნას სამყარული მთლიანობა. რადგან მის გარეშე ეს მატერიალური სამყარო ვერ იარსებებს ისევე, როგორც ადამიანი ვერ იარსებებს ორგანიზმის ფუნქციონირების გარეშე. ეს სამყარო მსგავსების პრინციპზეა აგებული და მასში არსებულ ყოველივეს თავისი როლი აქვს განკუთვნილი. ეს ეხება დედამიწასაც და მის იმ გარემოსაც, რომელსაც ჩვენ კლიმატურ გარემოს ვუწოდებთ. თუკი ეს გარემო ვერ იქნება შენარჩუნებული დედამიწაზე, ეს დიდ დარღვევას გამოიწვევს სამყარულ ციკლში და საფრთხეს შეუქმნის სამყაროს მთლიანობას – რაც მისი საარსებო აუცილებლობაა! ხოლო დედამიწური გარემოს სტანდარტულობის შენარჩუნებაში კი უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია ადამიანთა სულებს. რადგან მათზეა დამოკიდებული კოსმოსთან კავშირის სიმყარე.
რა მოხდება მაშინ, თუკი ადამიანები ვერ შესძლებენ იმას, რომ თავიანთი სულის კოსმოსთან კავშირი უზრუნველყონ? მოგახსენებთ მის შესახებ და საამისოდ კი განვიხილავ იმას, თუ როგორ ცოცხლობენ ისინი, რომელთაც ბიბლია „მკვდრებად“ მოიხსენიებს. რისთვისაც მინდა ის რეალობა შეგახსენოთ, მიწაში ჩათესილ თესლს აღმოსაცენებლად წვიმა რომ სჭირდება. მაგრამ თუკი წვიმა არ მოდის, მაშინ ხელოვნურად მორწყვით ხერხდება თესლის აღმოცენებისა და მისი ზრდა-განვითარების უზრუნველყოფა. სწორედ დაახლოებით ასეთი სიტუაცია არის ადამიანთა შორისაც. თუმცა უფრო რთულად არის საქმე და ეს ბუნებრივიცაა; რადგან ადამიანი ხომ ბევრად აღმატებული ფუნქციის მომცველია, ვიდრე მცენარე?! ახლა კი გადავიდეთ ადამიანის სხეულის „მორწყვაზე“, რომელსაც ასრულებს სხეულში სულის მობრუნებით წარმოშობილი ენერგია – რომელიც ჩვენი შედარების პირობებში შეესაბამება წვიმას. მაგრამ როცა წვიმა ვერ მოგვყავს, მაშინ როგორ ვახერხებთ ორგანიზმის „მორწყვას“? აი, ამაზე ვისაუბრებ ახლა:
მოგეხსენებათ, რომ ადამიანებს ყოველდღიურად უხდებად გადაწყვეტილებების მიღება იმასთან დაკავშირებით, რასაც თავიანთ ცხოვრებისეულ მოღვაწეობას უწოდებენ. ბედისწერისათვის კი ეს მოღვაწეობა არის გონებაში ჩაწერილი კანონების ასრულება ან დარღვევა. აი, სწორედ ამ ინფორმაციის შემოწმებას ემსახურება გონების საზომი, რომელსაც ჩვენ სინდისად ვიცნობთ – ყოველ ღამეს ძილის დროს; თანახმად კანონისა: „როცა ადამიანებს ძილქუში ეცემათ. როცა თავიანთ საწოლზე თვლემენ. მაშინ ხსნის იგი ადამიანის ყურს და ბეჭედს უსვამს მათთვის შეგონებას“ (იობი 33-15,16). მაგრამ ეს ხდება იმ შემთხვევაში, როცა ადამიანი არის „ცოცხალი“, ანუ კანონთა დაცვით მცხოვრები. მაგრამ როცა არ იცავს, მაშინ რა ხდება?! ამის გასარკვევად ჯერ გაცნობებთ იმას, რომ ყოველ ადამიანს ჩანასახიდანვე ენიჭება ინდივიდუალური გენეტიკური კოდი. რომელიც არის მემკვიდრული გენი და მას ერგო წინაპართა ნამოქმედარიდან. ბედისწერისათვის კი ის წარმოადგენს თითოეულ კანონთა დაცვა-არ დაცვის რიცხვს. რომლითაც არის მთლიანად აგებული სხეული; თანახმად კანონისა: „სულისა და სახის საკვირველ მსგავსებას აღვბეჭდავთ ჩვენ ბავშვის ბუნებაზე სიჩჩოებიდანვე“ (IV მაკაბელთა 5-4).
ახლა კი იმ საიდუმლოს ავხსნი ფარდას, რომელიც გამოკვეთავს დედის როლს ბავშვის სხეულის ჩამოყალიბებაში. როგორც ცნობილია, განაყოფიერება ხდება კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის შერწმით. ორივე მათგანში კი არის გენური მონაცემები, როგორც დედის მხრივი მემკვიდრეობიდან, ისევე მამის მხრივიდან. ხოლო მათი შერწყმით კი ხდება მსგავსებათა მატება ან კლება. როგორც გითხარით, გენი გონებაში რიცხვით არის წარმოდგენილი და მას შეესაბამება კანონთა დაცვა-არ დაცვის აღრიცხვა. საერთოდ ადამიანის ნებისმიერი თვისება თუ სხეულის უჯრედი გონებაში ამ წესით არის დაფიქსირებული. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს დედის როლს, ვინაიდან მისი სულით ხდება ნაყოფის სხეულის შენება; თანახმად კანონისა: „დედის საშოში ისახება სხეული და სული ანიჭებს მას ნაკვთებს“ (III ეზრა 8-7).
დავუბრუნდები ინდ. გენეტიკურ კოდს, რომელსაც ბედისწერის განგებაში მიკუთვნებული აქვს ერთადერთი და განუმეორებელი რიცხვი. რა ინფორმაციის მომცველია ის? ეს ადრეც უკვე გაცნობეთ, რომ იგი არის ცოდვა-მადლის აღმრიცხველი რიცხვი, რომელსაც ბედისწერაში განსაზღვრული აქვს კანონთა სახეობის მიხედვით დაცვა-არ დაცვის ჩანაწერი. რაც ორგანიზმის შენების დროს წარმოდგება: თვისებებად, ნიჭებად და სახიერებად. ამიტომ, მართალია ყოველ ადამიანს დაბადებით ეძლევა ერთნაირი სული, მაგრამ მისი ფუნქციონირებისათვის საურთიერთობოდ კი – ინდივიდუალური შესაძლებლობის მქონე სხეული; თანახმად კანონისა: „სხვადასხვანაირია ნიჭი, მაგრამ სული ერთია. მსახურებანიც სხვადასხვანაირია, უფალი კი ერთია. მოქმედებანიც სხვადასხვანაირია, ხოლო ღმერთი ერთია; რომელიც ამოქმედებს ყველას ყველაში. მაგრამ თითოეულს ეძლევა სულის გამოვლინება სასიკეთოდ. ვინაიდან ერთს სულის მიერ ეძლევა სიბრძნის სიტყვა, მეორეს – ცოდნის სიტყვა იმავე სულით, ზოგს – რწმენა იმავე სულით და ზოგს – განკურნებათა ნიჭი იმავე სულით, ზოგს – სასწაულთმოქმედება, ზოგს – წინასწარმეტყველება, ზოგს – სულების გარჩევა, ზოგს – სხვადასხვა ენები, ზოგს – ენების განმარტება. ხოლო ყოველივე ამას აკეთებს ერთიდაიგივე სული, რომელიც თითოეულს საკუთრივ უნაწილებს როგორადაც ნებავს“ (I კორინთელთა 12-4/11). რომელზედაც ამასთანავე მოქმედებს კანონები: „ვისაც მეტი მიეცა, მეტს მოსთხოვენ და ვისაც მეტს მიანდობენ, მას მეტსაც მოჰკითხავენ“ (ლუკა 12-48) და „ღვთისათვის სათნო შეყვარებული იქნა და ცოდვილთა შორის მცხოვრები წაყვანილი იქნა. წარიტაცეს, რათა მისი გონება ბოროტებას არ შეეცვალა ან მზაკვრობას არ შეეცდინა მისი სული. როცა კვდება მართალი, მსჯავრს დებს ცოცხალ უღვთოებს; და ნაადრევად სრულქმნილი სიჭაბუკე, ცოდვილის ხანდაზმულ სიბერეს“ (სიბრძნე სოლომონის 4-5). როგორც ხედავთ, ამ კანონებიდან მისახვედრია ის, რომ ვისაც გენეტიკურ მემკვიდრეობად ერგება სულის ფუნქციონირებისათვის მეტი შესაძლებლობა ანუ გონიერების უნარი, მის ქცევებზე მკაცრი კონტროლია დაწესებული და მცნებათა მცირედ დარღვევებზეც კი უმალ სასჯელი მიეგება; როგორც ამას კანონიც ამოწმებს: „ბიწიერებას რომ დიდი ხანი არ ეძლევა და იმთავითვე სასჯელით აღიკვეთება, სწორედ ეს არის დიდი წყალობის ნიშანი. რაც შეეხება სხვა ხალხებს, ღმერთი მოთმინებით აყოვნებს მათ დასჯას, ვიდრე ისინი მთლიანად არ აღივსებიან ცოდვებით. ჩვენ კი ასე არ გვექცევა იგი. არ ელის ჩვენი ცოდვების სავსებას, რომ მერე შური იძიოს ჩვენზე. ამიტომაც არ მოუკლია ჩვენთვის მოწყალება და თუმცა კი გვსჯიდა, მაგრამ არ გაუწირავს თავისი ხალხი“ (II მაკაბელთა 6-14,15,16). სწორედ ასეთი გზით მოხდა საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობიდან ერთი გენის გადარჩენა, რომლის წარმომადგენლებსაც ბიბლია „ცოცხლებს“ ანუ ღვთიური გენის მქონეებს უწოდებს. რომელ გენშიც ჩაისახა იესოც და ისიც, ვინც ქრისტეს სულის მფლობელ მეორე დედამიწელ ადამიანად მოევლინა ქვეყნიერებას.
ახლა კი ვისაუბრებ იმ დანარჩენებზე, რომელთა რაოდენობაც ამჟამად მეტად მრავალრიცხოვანია და ბიბლიის შეფასებით იწოდებიან „მკვდრებად“ ანუ ადამიანებად, რომელთა სულებსაც დაბლოკილი აქვთ კოსმოსთან კავშირის შესაძლებლობა. მაშინ როგორ არსებობენ ისინი?! მათ შესახებ გაუწყებთ იმას, რომ მათი ამქვეყნიური სიცოცხლე განპირობებულია ცოდვის წილის მიღებით არსებობაზე. რას ნიშნავს ეს? ამასაც ახლავე განვმარტავ:
მოგეხსენებათ, რომ ღმერთმა ადამიანებს უბოძა არჩევანის თავისუფალი ნება და ადამიანთა მოდგმას საარსებოდ დაუწესა კანონი: „ითხოვეთ და მოგეცემათ“ (მათე 7-7). რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა ამ ქვეყნად რომ იცხოვროს, მას მხოლოდ ერთი რამ ევალება და ეს არის ღმერთს მოსთხოვოს ის, რაც მას სჭირდება და ღმერთის ნებაზე დამყარებული სამყაროც უმალ უსრულებს მას ამ სურვილს. აი, სულ ეს არის ადამიანი!!! იგი ყოველდღე ითხოვს რაღაცას და რასაც ითხოვს, სამყაროც ზუსტად იმას აძლევს მას. ნურავინ გაოცდება და ნუ იტყვის იმას, რომ მას სრულებით არ სურდა იმ უსიამოვნებების მიღება, რასაც ადგილი ჰქონდა მის ცხოვრებაში. თუმცა რას ვიზამთ, სინამდვილე ასეთია! სამყარო არ სცდება, რადგან ის მიკერძოებულად არ არის შექმნილი რაიმეს მიმართ. არამედ ყოველივეს და ყველაფერს კანონზომიერად განაგებს. ეს ადამიანია რომ სცდება. რადგან მან არ იცის ის, თუ რა გზით უნდა მოითხოვოს ის სურვილი, რომლის შესრულებაც მას სურს. ეს გზა კი შემდეგია: „ითხოვეთ და მოგეცემათ“ კანონში – „ითხოვე“ სიტყვაში ნაგულისხმევია უფლება, რომელიც მიიღება მცნებათა დაცვის შედეგად. ანუ თუ რაიმე სურვილის ასრულება სურს ადამიანს, დასახულ მიზნამდე მისაღწევი გზა კანონთა დაცვით უნდა განვლოს. თუ ასე მოიქცევა, მაშინ მას სურვილი აუცილებლად შეუსრულდება! რადგანაც ცხადი გახდება, რომ ის კეთილი ყოფილა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი ეს სურვილი ამ პიროვნებისათვის არასასიამოვნო შედეგის მომტანი იქნებოდა, კეთილ ძალაზე დადგენილი კანონების აღსრულებით ის მიხვდება ამას. თავის გადაწყვეტილებას შეცვლის და ძველ სურვილს ახლით ჩაანაცვლებს. რომელიც აუსრულდება კიდეც და სიკეთესაც მოუტანს!
მაგრამ რა ხდება მაშინ, თუკი ადამიანის ინდივიდუალური კოდის რიცხვი ისეთია, რომ მასში ცოდვისადმი მიდრეკილება მოჭარბებულია? მაშინ მას ებლოკება სინდისის საზომი და მის ნაცვლად მასში ფუნქციონირებას იწყებს უსინდისობის საზომი. ასეთი ადამიანი იცოცხლებს მანამ, სანამ არ აღევსება ცოდვების საზღაური; თანახმად კანონისა: „ღმერთი მოთმინებით აყოვნებს მათ დასჯას, ვიდრე აღევსებოდეთ ცოდვების სისავსე. რათა შემდეგ შური იქნას ნაძიები მის ჩამდენზე“ (II მაკაბელთა 6-15,16). რაზედაც ბიბლია ამბობს იმასაც, რომ „უფლის სამართლიანი მსჯავრი მოსწევია ასეთ პიროვნებას“ (II მაკაბელთა 9-18). ხოლო რაც შეეხება მის სასიცოცხლო ენერგიას, მსგავსად უწვიმო ადგილისა, რომლის მორწყვაც ხელოვნურად ხდება. მასაც ასევე მიეცემა სასიცოცხლო ენერგია იმ ღვთიური გენის მქონესაგან, ვისი ცდუნებაც მან შესძლო და ცოდვა ჩაადენინა. სწორედ ამ ცოდვის წილის საფასურს იღებს იგი იმ წყალობიდან, რომელსაც მიიღებდა ცოდვის ჩამდენი მაშინ, ეს ცოდვა რომ არ ჩაედინა. აი, ასეა შექმნილი ადამიანთა მოდგმა. ბოროტეულნი არსებობენ კეთილთა ხარჯზე იმიტომ, რომ ისინი ჭკუაზე მოიყვანონ; თანახმად კანონისა: „ვინც ხორციელად იტანჯა, შეწყვიტა ცოდვის ჩადენა“ (I პეტრე 4-1). ამიტომ, თუკი კეთილი გენის მქონენი შეიცნობენ თავიანთ ცოდვებს და მოინანიებენ მათ საქმით, მაშინ თავიანთ წილ წყალობას თვითონვე მიიღებენ და ამით შეუწყვეტენ კვებას მათ, რომელთა მოვალეობაც მხოლოდ ის არის, რომ ტანჯვა მიაყენონ მათ მასაზრდოებელთ. ვინაიდან სხვაგვარად მათ არ ძალუძთ; თანახმად კანონისა: „ბოროტეულნი არ დაიძინებენ, სიბოროტე თუ არ ჩაიდინეს და ვერ მოისვენებენ თუ სიკეთე ვერ დააბრკოლეს. რადგან უკეთურების პურს ჭამენ და ძალადობის ღვინოს სვამენ“ (იგავები 4-16,17). თუმცა ბოროტეულთა სიცოცხლის შეწყვეტა მარტო ამ გზით არ ხდება, არამედ იმითაც, როცა აღევსებათ ცოდვათა სისავსე. მაგრამ ამით მის „მარჩენალ“ კეთილს არ ეშველება. რადგან მის ადგილს სხვა ჩაანაცვლებს და ისინი კი დღეისდღეობით ისე მომრავლებულნი არიან, რომ თუკი ისინი, ვინც მათი მასაზრდოებელი კატეგორიაა, არ მოიძიებენ თავიანთ ცოდვებს და არ მოინანიებენ, სრულიად საკაცობრიო კატასტროფა გარდაუვალია!!! აი, სწორედ ამიტომ არის შექმნილი „უფალია ჩვენი სიმართლის“ წიგნები, რომ მისით შეცნობილი იქნას ის ჭეშმარიტება, რომლის არ ცოდნის გამო სჩადიან ადამიანები ცოდვებს და შესაბამისად უფრო და უფრო მატულობს სასჯელთა რაოდენობაცა და სიმძიმეც. სხვა გამოსავალი, უბრალოდ არ არსებობს!!!
ახლა კი კვლავ ძილის თემას დავუბრუნდები და განვიხილავ იმ საკითხს, რომელზედაც ასე აღვნიშნე: ძილიც არის და ძილიც მეთქი. რას ნიშნავს ეს გამონათქვამი?! ნამდვილ ძილზე უკვე მოგახსენეთ და ახლა კი იმ ხელოვნურ ძილზე ვისაუბრებ, როცა დაძინებას საძილე აბებით ვაღწევთ. კი, მართალია ამას საჭიროება მოითხოვს იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო სავალალო შედეგის მიღებას არ ჰქონდეს ადგილი. მაგრამ მინდა მისი უარყოფითი მხარეც წარმოგიდგინოთ და გაცნობოთ ის, რომ ეს პრეპარატები თანდათან იწვევენ ნერვული სისტემის ფუნქციის დაქვეითებას და ადამიანიც მიჯაჭვული ხდება მათზე. ამიტომ იმის პარალელურად, როცა ადამიანი ამ პრეპარატებს იღებს, აუცილებელია მან ილოცოს რაც შეიძლება მეტხანს და იკითხოს მხილებული ჭეშმარიტება. ასეთი გზით ის მიაღწევს იმას, რომ ნერვული სისტემა თანდათან მწყობრში ჩაუდგება და ორგანიზმიც დაიწყებს გაჯანსაღებას. რამეთუ ერთი რამ უნდა დაიმახსოვროს ყველამ: რომ ადამიანის ორგანიზმში ყოველივეს ტვინი განაგებს!!! ხოლო ტვინთან საკონტაქტოდ უმოკლესი გზა კი სიტყვაა!!!