სიყვარული და ეგოიზმი
„სიყვარული არ უბოროტებს მოყვასს. ამიტომ სიყვარული რჯულის აღსრულებაა“
(რომაელთა 13-10).
ცხოვრებისეული პრაქტიკა საკმაოდ ბევრ შემთხვევას ითვლის ისეთს, როდესაც წყვილს წლების მანძილზე ჰქონიათ ერთმანეთისადმი ლტოლვა. მაგრამ ერთად თანაცხოვრების არცთუ ისე დიდი დროის გასვლის შემდეგ, მათ შორის მაკავშირებელი გრძნობა გამქრალა. ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როცა ის გრძნობა, რომელიც მათი კავშირის მიზეზი იყო და ისინი მას სიყვარულად თვლიდნენ, სიძულვილის გრძნობაშიაც გადაზრდილა და ერთ დროს უერთმანეთოთ რომ ვერ სძლებდა, ასეთი წყვილი ერთმანეთს დარევიან კიდეც. არსებული რეალური ფაქტები ცხადყოფენ მსგავს შემთხვევათა განსხვავებული ფორმით გამოვლინებებს თვით იმ დონემდეც კი, როცა სცენები კრიმინალურ შემთხვევებამდეც მისულა. ცხადია ინტერესს იწვევს და აუცილებელიც არის იმის ცოდნა, თუ რატომ ხდება ასეთი მკვეთრი ცვლილებები?! ასეთ დასასრულს ხომ ალბათ ვერცერთი წყვილი ვერ წარმოიდგენდა მაშინ, როდესაც ურთიერთობას ერთად თანაცხოვრებით აგვირგვინებდა?!
წამოჭრილი საკითხი რომ საფუძვლიანად იქნას განხილული, ამისათვის საჭიროა კარგად გარკვევა იმაში, თუ რა გრძნობაა სიყვარული და შესაძლოა თუ არა მისი სიძულვილში გადაზრდა. რაც შეეხება სიყვარულის გრძნობას, მასზე ადამიანური შემეცნების მიერ არსებული ცოდნა შემდეგია: სიყვარული კაცთმოყვარეობის საფუძველს დაყრდნობილი გრძნობაა და წარმოდგება შემდეგ კატეგორიებად: ცოლ-ქმრული, შვილებისმიერი, დედმამიშვილური, მშობლებისმიერი, ნათესაური და მეგობრული. თუმცა ბიბლიური შეფასება მხოლოდ ამით არ შემოისაზღვრება და სიყვარულზე გვაცნობებს შემდეგს: „სიყვარული ღმერთია“ (I იოანე 4-8). „ღმერთი კი სულია“ (იოანე 4-24). ხოლო სული კი ადამიანისათვის სიცოცხლის აუცილებლობაა! რომლის გარეშეც მისი სხეული უსიცოცხლო გვამია მხოლოდ. მაშასადამე სიყვარულის გრძნობა ყოფილა ის ძალა, რომელიც წარმოადგენს ადამიანის სასიცოცხლო წყაროს.
ე.ი. მისახვედრია ის, რომ რადგანაც სიყვარულის ძალა სასიცოცხლო ძალაა, მაშინ მისი საპირისპირო სიძულვილის ძალას, მომაკვდინებელი ძალა ექნება. მაგრამ რეალობა ცხადყოფს იმას, რომ სიძულვილის გრძნობით განმსჭვალული ადამიანები არსებობენ. მაშინ რა ხდება?! რატომ ეწინააღმდეგება რეალური ფაქტები ბიბლიით გადმოცემულ ჭეშმარიტებას?! ყოველივე ამის თაობაზე მოგახსენებთ იმას, რომ არცთუ ისე იშვიათია ფაქტები, რომელთაც ვხედავთ და ისინი ისე გამოიყურებიან, რომ თითქოს ეწინააღმდეგებიან ჭეშმარიტებას. სინამდვილეში კი ეს ასე ერთი შეხედვით სჩანს და მათ არსებობას გააჩნია ისეთი მტკიცე საფუძველი, რომელიც ჭეშმარიტების კანონთა აღსრულებიდან გამომდინარეა. ამიტომ ავხსნი იმას, თუ რა ხდება სინამდვილეში და ამ ბუნდოვნებასაც აეხდება ფარდა.
„სიყვარული რჯულის აღსრულებააო“ (რომაელთა 13-10), რომ აცხადებს ბიბლია; ეს იმას ნიშნავს, რომ სიყვარულის გრძნობის საარსებოდ საჭიროა ის, რომ ადამიანმა იმ კანონების დაცვით იცხოვროს, რომელიც მას საარსებო ინსტრუქციად დაუდგინა უფალმა და ჩვენ კი მას ბიბლიის სიბრძნეთა სახით ვიცნობთ. რა მოხდება მაშინ თუკი ადამიანი ისე გამოიყენებს მისთვის ნაბოძებ თავისუფალ ნებას, რომ უარს იტყვის კანონთა დაცვაზე? მოხდება ის, რომ მასში არსებული სიყვარულის გრძნობას თანდათან დააკლდება ძალა. რის საფუძველზეც წარიმართება თვისებათა სახეცვლილების პროცესი შემდეგნაირად: სიმართლის მოყვარეობას – სიცრუისა ჩაანაცვლებს, სამართლიანობისას – უსამართლობა, უანგარობას – ანგარება, სინდისს – უსინდისობა, პატიოსნებას – უპატიოსნება, გულკეთილებას – სიხარბე, სიკეთის ქმნას – ბოღმა და შური, მადლიერებას – უმადურობა, მიტევებას – მიუტევლობა, სიმშვიდეს – მღელვარება, თავმდაბლობას – ამპარტავნება. რომელი პროცესიც განწყობას მიმართულებას უცვლის საიმისოდ, რომ რწმენის ჭეშმარიტების მაჩვენებელი არასწორი მიმართულებისაკენ წარიმართოს. ყოველივე ამის გამო კი სიყვარულის გრძნობა თანდათან ქრება და მის ადგილას იკავებს ეგოიზმი. რომელი გრძნობაც რაც უფრო იზრდება, მით მეტად ნიღბავს ადამიანს ფარისევლობის თვისებით და ათასგვარ ეშმაკურ ხერხებს აუფლებს. რატომ სჭირდებათ ეს ხერხები და შენიღბვა ეგოისტური გრძნობით გამსჭვალულ ადამიანებს?! დიახ, სჭირდებათ და თანაც აუცილებლადაც! ვინაიდან ადამიანში სიყვარულის ძალის გაქრობა ნიშნავს იმას, რომ მისი სიცოცხლე უნდა შეწყდეს. მაგრამ დაშვებულია ის, რომ ასეთმა ადამიანებმა იარსებონ იმ ადამიანთათვის განკუთვნილი სასიცოცხლო ენერგიის ხარჯზე, რომელთშიაც სიყვარულის გრძნობა მყოფობს – იმის სანაცვლოდ, რომ სიყვარულის გრძნობით აღჭურვილი ადამიანი ლოიალურია „მათგან გასულ და უკვე ეგოისტებად ქცეულების მიმართ“ (I იოანე 2-19) იმიტომ, რომ მათთან ნათესაური, ან ამხანაგური, ანდა სანაცნობო ურთიერთობა აკავშირებთ. გარდა ამისა, ეგოისტი გრძნობით აღჭურვილ ადამიანებს აქვთ უნარი იმისა, რომ შენიღბული მეთოდების გამოყენებით ცოდვის ჩადენისაკენ უბიძგონ სიყვარულის გრძნობის მქონეთ. ვინაიდან თუ ისინი ამას მიაღწევენ, მაშინ ღვთის წყალობიდან იმ წილს მიიღებენ, რომელიც განკუთვნილი იყო იმისთვის, ვინაც მათი ხათრით ცოდვა ჩაიდინა. რაც შეეხება ღვთის წყალობას, ის პირველ რიგში სასიცოცხლო ენერგიას ნიშნავს და შემდეგ კი ყოველივე იმ საჭიროებას, რაც ადამიანს სჭირდება ამ გარემოში საარსებოდ.
ვინაიდან სიყვარული სულიწმიდის ძალისაგანაა, ამიტომ ცხადია ეგოიზმი მისი საპირისპირო არაწმიდა სულის ძალისაგან იქნება. რაც მისახვედრს ხდის იმას, რომ მისი განმგებელი სიცრუის მამა სატანაა. ცრუს თვისება კი ისეთია, რომ იგი მუდამ იტყუება და ამიტომაც ეგოიზმით განმსჭვალულმა ადამიანებმა თადაც არ იციან ის, რომ მათში სიყვარულის გრძნობა არ მყოფობს. რადგან ისინი მიჯაჭვულ დამოკიდებულებას გრძნობენ იმათ მიმართ, ვინც მათთვის სასიცოცხლო ენერგიის მიმწოდებელნია. რომელნიც იმიტომ სჭირდებათ, რომ საკუთარი არსებობა შეინარჩუნონ. თუმცა შეგნებით ისინი ამას ვერ აცნობიერებენ და ფიქრობენ, რომ მათი ეს დამოკიდებულება სიყვარულია. მაგრამ თუკი მათმა ენერგიის წყარომ მიაღწია იმას, რომ თავისი ცხოვრებით დაიმსახურა მათგან თავის დახსნა, ისინი უმალ რისხვით აღივსებიან ყოფილ დონორთა მიმართ და ერთ დროს რომ მათ სიყვარულზე დებდნენ თავს, უკვე თავს ესხმიან მათ ენით და სცდილობენ, რომ გააღიზიანონ. ვინაიდან აღელვებულ მდგომარეობაში ყოფნის დროს, ადამიანები ხშირად არღვევენ კანონებს. მე აქ აღვნიშნე ის, რომ ისინი ამის მიღწევას ენით ცდილობენ მეთქი, რადგან ფიზიკურად შეხებაზე დაშვება არ არის!!!
ახლა კი უკვე დადგა დრო იმისა, რომ ანალიზი გავაკეთოთ იმ საკითხების თაობაზე, დასაწყისში დასმულ კითხვებს რომ გასცემს პასუხს. ვინაიდან „სიყვარული სულგრძელია, სიყვარული ქველმოქმედია, არ შურს. არ ყოყოჩობს, არ ამპარტავნობს, არ სჩადის უწესობას, თავისას არ ეძიებს, არ მრისხანებს და არ განიზრახავს ბოროტს. არ ხარობს სიცრუით, არამედ ჭეშმარიტება ახარებს. ამტანია, დამჯერი, მომთმენი და ყველაფრის სასოება აქვს. სიყვარული არასოდეს მთავრდება“ (I კორინთელთა 13-4/8) – ამიტომაც ნამდვილი სიყვარულით შეუღლებულ წყვილს ვერაფერი დააშორებს. მაგრამ რაც შეეხება იმ წყვილს, რომელიც ეგოისტისა და სიყვარულის გრძნობის მქონეს შეუღლებით არის შემდგარი, მათი კავშირი მანამ გასტანს, სანამ სიყვარულის გრძნობის მქონე პიროვნება შესძლებს მის შენარჩუნებას. ხოლო ეგოისტთა წყვილი კი სწორედ ისინი არიან, რომელთა შორითაც მალევე ხდება განხეთქილება და შესაძლოა, რომ სიძულვილამდეც მივიდეს.
ის, რასაც ახლა გაცნობებთ არის საკითხი, რომლის ცოდნაც აუცილებლობაა და ეხება იმას, რომ სიყვარული სიძულვილში არანაირად არ გადაიზრდება!!! პიროვნებას, ვისშიაც სიყვარულის გრძნობა არსებობს, არ შეუძლია ვინმე სძულდეს. რადგან სიძულვილის გრძნობა სატანური ძალისაგან არის. სიყვარული კი – ღმერთის ძალისაგან. ამ ორს კი საერთო არა აქვთ რა (II კორინთელთა 6-14,15). ხოლო რაც შეეხება ეგოიზმის ძალის მქონეთ, მათში კი დიდია ალბათობა იმისა, რომ სიძულვილის ძალის მფლობელები გახდნენ და დაესვათ 666 ბეჭედი.
ამიტომ როდესაც მეწყვილეს ირჩევთ, კარგად დაუკვიდით მის თვისებებს და ნუ დაუკავშირებთ ბედს ეგოისტ ადამიანს. ვინაიდან ის მარტო თქვენ როდი გაგიმწარებთ სიცოცხლეს, არამედ შვილებსაც გადასწვდება და სიყვარულის ნიღბით შემოსილი ქმედებებით ისევე დატანჯავს მათაც, როგორადაც თქვენ.