გაზიარება

სიბრძნე

უკვე რამოდენიმე წელია დედამიწაზე მიმდინარე სტიქიური მოვლენების ატიპიურობა მისახვედრს ხდის იმას, რომ დედამიწის კლიმატს რაღაც დაემართა ისეთი, რაც მას ფუნქციური სტანდარტულობიდან გამოსვლას აიძულებს. ამ საკითხის მიმართ მსოფლიო გაერთიანდა და სათანადო ცოდნით შეიარაღებულ მეცნიერთა კავშირიც შედგა მდგომარეობის გამოსასწორებელ ღონისძიებათა შესამუშავებლად. მაგრამ ჯერ-ჯერობით ამ მხრივ არა თუ რაიმე დადებით შედეგს იქნა მიღწეული, არამედ პირიქით – სტიქია კიდევ უფრო მეტად განაგრძობს მძვინვარებას.
სახეზე არსებული რეალობა მისახვედრს ხდის იმას, რომ ამ პრობლემის გადაჭრა მეცნიერული ცოდნით ვერ მოხერხდება. ამიტომ დაუყოვნებლივ სხვა გზა არის საპოვნი. ვინაიდან კლიმატური მძვინვარების სიძლიერეცა და სიხშირეც მატულობს. ხოლო რაც შეეხება ხსენებულ „სხვა გზას“, მისი პოვნა გულისხმობს გონივრული მსჯელობისათვის მიმართვას. რისი მიღწევაც შესაძლებელია მხოლოდდამხოლოდ ღმერთის მიერ დადგენილ სამყაროს კანონთა განსჯით. ვნახოთ რა ცნობებს იძლევა ეს კანონები სამყარული ბუნების თავისებურების შესახებ:
„სამყაროც მართალთა შემწეა. რადგან ქმნილება, რომელიც მის შემქმნელს ემსახურება, ცოდვილთა დასასჯელად ძალას იკრებს და ცხრება მის მორწმუნეთა კეთილის სამყოფად“ (სოლომონი 16-17,24). „სტიქიებიც გარდაიქმნებიან ქნარის ხმებივით. ამას შეატყობს კაცი, თუკი საფუძვლიანად დაუკვირდება: რიტმს რომ იცვლიან, მაგრამ თავად არასოდეს იცვლებიან. ამას მიხვდება კაცი, თუ საფუძვლიანად დაუკვირდება საგნებს“ (სოლომონი 19-18). „არის ქარები, შურისაძიებლად შექმნილნი; ქროლვისას ძალას ღვრიან და თავიანთი შემოქმედის გულისწყრომას დააცხრობენ. ცეცხლი და სეტყვა – შურისგებადაა შექმნილი“ (ზირაქი 39-28/35). ხოლო რაც შეეხება წარღვნას, „ის ურჯულოთა გამო მოხდა“ (ზირაქი 40).
როგორადაც წარმოდგენილი კანონები გვაცნობებენ, დედამიწაზე მიმდინარე ამჟამინდელი კატაკლიზმების გამოწვევის საფუძველი, „მიწიერებაზე ხელმწიფების უნარმქონე არსების“ (ზირაქი 17) – ადამიანის ნამოღვაწარი ყოფილა. თუმცა სამწუხაროდ, ადამიანებს ღმერთისგან ბოძებული ეს მისია ვერა აქვს სათანადოდ გათავისებული და ამიტომაც დღეს უკვე ისეთ გაურკვევლობაში აღმოჩნდნენ, რასაც საკუთარი საცხოვრებელი გარემო პირობების მწყობრიდან გამოყვანა ჰქვია. საკუთარი დანაშაულის შეცნობა თუ ვერა, იმის მიხვედრა მაინც შეუძლია ადამიანურ შემეცნებას, რომ არსებულ კატაკლიზმათა შეჩერება და კლიმატის სტანდარტულ ფარგლებში ჩაყენება თუ ვერ იქნა მიღწეული, წინააღმდეგ შემთხვევაში კაცობრიობის არსებობის გაგრძელებას საფრთხე შეექმნება. ვინაიდან ადამიანთა სიცოცხლისათვის გარემო საარსებო პირობებია ის უპირველესი რამ, რომლის გარეშეც სხვა ყოველივეს აზრი ეკარგება!!! ამიტომ უპირველეს ყოვლისა ადამიანი ვალდებულია, რომ ამ მიმართულებით განივითაროს ცოდნა. რამეთუ მდგომარეობის გამოსწორება ამის გარეშე ვერ მოხდება!!! ხოლო რაც შეეხება საამისოდ საჭირო ცოდნას, მას ჭეშმარიტება – ანუ ღვთიური სიბრძნე ჰქვია და სრულებით განსხვავდება იმ ცოდნისაგან, რაც საზოგადოებრივი აზრით არის შერაცხული სიბრძნედ. რომელსაც ბიბლია „ამა სოფლის სიბრძნეს“ უწოდებს და მის შესახებ ამბობს იმას, რომ „იგი უგუნურება ყოფილა ღვთის წინაშე“ (I კორინთელთა 3-18).
„ადამიანი არა ხორციელი სიბრძნით, არამედ ღმერთის მადლით ცხოვრობს ამ ქვეყნად“ (II კოლოსელთა 1-12), ხოლო „ყოველ სიბრძნეში კანონის აღსრულებაა“ (ზირაქი 19); ამიტომ „ამა სოფლის სიბრძნე“ ღმერთის მიერ დადგენილ კანონთა განსჯას არ ექვემდებარება და შესაბამისად, ის ვერც კეთილი შედეგის მისაღები ცოდნა იქნება. რისთვისაც ღმერთის საზომოთ ფასდება „ბოროტ ცოდნად“ (ზირაქი 19). ხოლო ასეთი ცოდნით აღჭურვილნი კი – ბრიყვებად. ე.ი. ბედისწერითი განსჯით, რომელიც ღმერთის მიერ დადგენილი საზომებით სწონის ყოველივეს, ჭკვიანად იწოდება ის პიროვნება, ვინც ღვთიურ სიბრძნეს ფლობს და მისი კანონების გათვალისწინებით მოღვაწეობს. ხოლო „ბრიყვი კი ყოფილა ის, ვისაც სიბრძნე ჰკლებია მხოლოდ“ (ზირაქი 19). თუნდაც ეს უკანასკნელი, მეცნიერული ცოდნით დიდად განსწავლულიც იყოს.
მაშასადამე უკვე გარკვეულია: რომ ღვთის წყალობა ეძლევათ მხოლოდ იმათ, ვინც სიბრძნით ცხოვრობენ!!! ხოლო კანონის: „არა ადგილისათვის ხალხი, არამედ ხალხისათვის გამოარჩია უფალმა ადგილი. მაგრამ თავად ადგილი ხალხებზე თავს დატეხილი უბედურების თანაზიარი ხდება“ (II მაკაბელთა 5-19,20) – აღსრულება კი, იწვევს იმ კლიმატურ კატაკლიზმებს, რომელნიც სახეზეა იმ ადგილის მცხოვრებთა დასასჯელად, რომელთაც სიბრძნე აკლიათ!!!
მაშასადამე, დედამიწის კლიმატის მწყობრიდან გამოსვლა ნიშნავს იმას, რომ მსოფლიოს საზოგადოებრივი აზროვნების მრწამსი განრიდებულია სიბრძნეს!!! ხოლო სიბრძნის ფლობის გარეშე კი ადამიანის სული ვერ ეკონტაქტება კოსმოსს და მისი ფუნქციონირება იზღუდება. რაც ხელისშემშლელი ფაქტორია იმ გაწონასწორობულობისა, დედამიწასა და კოსმოსს შორის რომ უნდა იყოს დაცული.
მოგახსენებთ იმასაც, რომ თანამედროვე პერიოდი წოდებულია გენეტიკურ საუკუნეთა ბოლო ჟამად. რომლის დროსაც აღსრულება ხდება კანონებისა: „უკანასკნელ ჟამს მოვლენ: მკიცხავნი, თავიანთი უღთო გულისთქმებით მავალნი. ესენი არიან განმყოფელნი, მიწიერნი, სულის უქონელნი“ (იუდას წერილი 18,19). „უკანასკნელ დღეებში საზარელი ჟამი დადგება. ვინაიდან ადამიანები იქნებიან: თავის მოყვარენი, ფულის მოყვარენი, ერთმანეთის მოძულენი, სასტიკნი, შეურიგებელნი, ცილისმწამებელნი, თავშეუკავებელნი, მოღალატენი, კეთილის მოძულენი, გამცემნი, თავხედნი, უფრო სიამეთა მოყვარულნი, ვიდრე ღვთისა – რომელთაც ღვთისმოსაობის სახე აქვთ, მის ძალას კი უარყოფენ. რომლებიც მუდამ სწავლობენ და ვერასოდეს აღწევენ ჭეშმარიტების შეცნობას. ისინი ეწინააღმდეგებიან ჭეშმარიტებას. გონებით გახრწნილი ადამიანები არიან, რწმენაში უმეცარნი. ხოლო ყველა, ვისაც სურს, რომ ღვთისმოსაობით იცხოვროს, დევნილი იქნება. ბოროტნი და ცრუმარქვიები კი წინ წაიწევენ უარესისაკენ. სხვებსაც შეაცდენენ და თავადაც ცდუნდებიან“ (II ტიმოთე 3-1/13). ამიტომ ასეთ დროში, სიბრძნის მძებნელთა რაოდენობა ძალზედ მცირედია, თუმცა როგორც ყოველ ეპოქაში, ასევე „ამჟამადაც არსებობს ასეთი ნატამალი, მადლით ამორჩეული“ (რომაელთა 11-5). რადგანაც „ეს ნატამალი რომ არ დაეტოვებინა უფალ ღმერთს, მაშინ სოდომელებივით ვიქნებოდით და გომორელებს დავემსგავსებოდით“ (რომაელთა 9-29).
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მისახვედრია, რომ იმ „დარჩენილ ნატამალთ“ მისიონური როლი ეკისრებათ კაცობრიობის გადასარჩენად. რისთვისაც აუცილებელია ის, რომ მათ ჯერ კარგად უნდა გაერკვნენ იმაში, თუ რას წარმოადგენს სიბრძნე; მერე დაეუფლონ მას და მხოლოდ ამის შემდეგ გააცნონ ის ფართო საზოგადოებას. ამიტომ წარმოვადგენ ინფორმაციას ბიბლიიდან, სიბრძნის რაობის თაობაზე:
„სიბრძნე არის ღვთაებრივ და ადამიანურ საქმეთა ცოდნა – მათი მიზეზითურთ. მაშასადამე სიბრძნე არის რჯულში განსწავლა. რის შემდეგაც ღვთაებრივ საქმეებს მოწიწებით, ხოლო ადამიანურს კი – საკუთარი სარგებლობისათვის ვსწავლობთ. სიბრძნის სახეობანია: გონივრული განსჯა; სამართლიანობა; სიმამაცე და თვითდაოკება. მათში უმთავრესია გონივრული განსჯა. რომლის წყალობითაც ვნებებს სძლევს გონება“ (IV მაკაბელთა 1-15/20).
„შუქმფენი და უჭკნობია სიბრძნე. მის მოყვარულთაგან ადვილად განსაჭვრეტი და იპოვნიან მას მისი მძებნელნი. წინასწარ ეცხადება მისი შეცნობის მოწადინეთ. მისი შემეცნების სურვილი აზროვნების სრულქმნაა და ვინც მისთვის ფხიზლობს, საზრუნავთაგან თავს სწრაფად დაიხსნის. რადგან თავადვე ეძებს თავის ღირსებას. მისი დასაბამი სწავლის ჭეშმარიტი სურვილია. ხოლო სწავლაზე ზრუნვა – მისი სიყვარულია. სიყვარული კი მისი კანონების დაცვაა და კანონთა დაცვა – უკვდავების საწინდარია. ხოლო უკვდავება ხომ ღმერთთან გვაახლოებს?! ამიტომ სიბრძნის წყურვილი მეფობამდე გვამაღლებს!“ (სოლომონი 6-12/25).
„ყოველი სიბრძნე უფლისაგან არის და მასთანაა საუკუნოდ. ყოველთა უწინარეს წარმოიშვა სიბრძნე და გონების გამჭრიახობა უკუნისიდან. უფალმა თავად შექმნა სიბრძნე, იხილა და აღრიცხა იგი. მოასხურა ყველა თავის საქმეს. მყოფობს ყველა ხორციელში და მისი ნიჭის მიხედვით აქვს მიმადლებული მის მოყვარულებს. სიბრძნის სათავე უფლის მოშიშობაა და მორწმუნეებს საშოდანვე დაჰყვება თან“ (ზირაქი 1-1/14).
„სიბრძნე თავის თავს განადიდებს და თავის ხალხში შეიქება. იგი გამოვიდა უზენაესის პირიდან და ნისლივით დაფარა დედამიწა. მარტომ შემოიარა ზეცის სიმრგვალე და მონვლო სიღრმენი უფსკრულისა ზღვის ტალღებში. უწინარეს საუკუნეთა, დასაბამითვე შექმნა უფალმა სიბრძნე და იგი უკუნისამდე არ გათავდება. მან წარმოშვა მადლი. სიბრძნის მსმენელი არ შერცხვება და მისით მუშაკნი არ შესცოდავენ.
სიბრძნის სახელმძღვანელო – ღვთის აღთქმის წიგნია. ის ავსებს სიბრძნით, ავსებს გონებით და ასხივებს მოძღვრებას, როგორც ნათელს. სიბრძნე კვალდაკვალ ანათებს სწავლებას და შორს გააბრწყინებს მას. კვლავ და კვლავ ღვრის მოძღვრებას და უტოვებს მას თაობებს საუკუნოდ. სიბრძნე მხოლოდ თავისთვის როდი დამშვრალა, არამედ ყოველი მძებნელისათვის“ (ზირაქი 24).
„სიბრძნის ძირი შეურყეველია“ (სოლომონი 3-15) და „მისი უპირატესობაც წარმატებაშია. რადგან სიბრძნე საქმეებით მართლდება“ (ეკლესიასტე 10-10. მათე 11-19). „გონივრული განსჯა და ღირსეული ფიქრი მონიჭებულზე არის წინამძღვარი სიბრძნისა და ბრძენთა წამმართველი. რადგან მის ხელშია ადამიანიც და მისი სიტყვებიც; ყოველი გაგება და ოსტატობა საქმეში. მხოლოდ სიბრძნეს შეუძლია არსებულთა უტყუარი ცოდნის მოცემა შესაცნობად სამყაროს წყობისა და სტიქიათა მოქმედებისა. დასაბამისა, დასასრულისა და შუახანობისა. მზებუდობათა მონაცვლეობისა და არეთა შენაცვლებისა. წელიწადის ბრუნვისა და ვარსკვლავთა განლაგებისა. ცხოველთა ბუნებისა და მხეცთა თვისებებისა. ქართა ქროლვისა და კაცთა ზრახვანისა. მცენარეთა მრავალფეროვნებისა და ფესვების ძალისა. სიბრძნეში განსწავლულობით ყოველივეს შეცნობაა შესაძლებელი: დაფარულისაც და გაცხადებულისაც. რადგან ყველა მოძრავზე უფრო მოძრავია სიბრძნე. თავისი სიწმინდით ყველაფერს გაივლის და ყველგან შეაღწევს. ღვთის ძალის სუნთქვაა იგი და ყოვლისმპყრობელის დიდების შეუბღალავი გადმოღვრა, ამიტომ წაბილწულთაგან ვერავინ მიეკარება მას! ერთადერთია იგი, მაგრამ ყოვლისშემძლე! ეწვევა უბიწო სულებს თაობიდან თაობაში და ღვთის მოყვრებად და წინასწარმეტყველებად განამზადებს მათ. რადგან ღმერთი არავის უყვარს – გარდა იმისა, ვინც სიბრძნით ცხოვრობს. სიბრძნეს ვერ სძლევს ბოროტება!“ (სოლომონი 7-15/30).
„უკვდავებაა სიბრძნესთან წილნაყარობა. მასთან მოყვრობა – ნეტარება. მის ხელთა ნაშრომი – მოუკლებელი სიმდიდრე. მასთან საუბარი – გონიერება და მის სიტყვებთან ზიარება – სახელის მოხვეჭა“ (სოლომონო 8-17/18). „შურიანი ვერ ეზიარება სიბრძნეს!“ (სოლომონი 6-25). „განგებას შენსას ვინ შეიცნობდა უფალო, შენ რომ სიბრძნე არ მოგეცა და მაღლიდან შენი წმინდა სული არ მოგევლინებინა?!“ (სოლომონი 9-17).
„წიგნიერი სიბრძნის შეძენას, მოცალეობის ხელსაყრელი ჟამი სჭირდება და მხოლოდ საქმისაგან თავისუფალი გახდება ბრძენი!“ (ზირაქი 39-1). „სიბრძნე სიტყვით შეიცნობა და ცოდნა ენის მეტყველებით“ (ზირაქი 4-23). „მხოლოდ გონიერი შეიცნობს სიბრძნეს და მის მპოვნელსაც ხოტბას შეასხამს“ (ზირაქი 18).
„მაღლიდან გარდმომავალი ღვთიური სიბრძნე, პირველყოვლისა წმინდაა, მერე მშვიდობიანი, ლმობიერი, ნებიერი, წყალობითა და კეთილი ნაყოფით სავსე, მიუკერძოებელი და უთვალთმაქცო“ (იაკობი 3-17). ხოლო „ამა სოფლის სიბრძნე უგუნურებაა ღვთის წინაშე. როგორადაც სწერია: „უფალი მათ ცბიერებაში შეიპყრობს სოფლის ბრძენებს“ და „იცის უფალმა სოფლის ბრძენთა ზრახვანი, რომ ამაოა ისინი“ (I კორინთელთა 3-18/20). „ბოროტი ცოდნა არ არის სიბრძნე და არც გონიერებაა იქ, სადაც ცოდვილნი ბჭობენ“ (ზირაქი 19). „ღვთის სიბრძნე საიდუმლოებებში დაფარული, რომელიც წინასწარ განსაზღვრა ღმერთმა საუკუნეთა უწინარეს, ვერვინ შეიცნო სოფლის მთავართაგან“ (I კორინთელთა 2-5). თუმცა საჭიროა, რომ შეიცნონ! რადგან კანონი ამბობს, რომ „განმგებელთა სიბრძნით, ქალაქი აშენდება“ (ზირაქი 10-1,3). „ბრძენი კაცი კი დუმს უმეცრების დროში, რადგან ის ცუდი დროებაა“ (ამოსი 5-13). ვინაიდან „ბრძენი კაცი დრომდე ჩუმად იქნება. მკვეხარა და უგუნური კი, დროს არ მოუცდის“ (ზირაქი 20).
„ყოველი სიბრძნე უფლის მოშიშობაა და ყოველ სიბრძნეში – კანონის აღსრულებაა“ (ზირაქი 19). „ბრძენი კაცი თავის ხალხს აღზრდის და მისი ცოდნის ნაყოფი სარწმუნოა. ბრძენი კაცი კურთხევით აღივსება და მას შენატრის ყოველი მხილველი. ბრძენი დაიმკვიდრებს თავისი ერის ნდობას და მისი სახელი საუკუნოდ იცოცხლებს“ (ზირაქი 37). „ბრძენის ცოდნა წყალდიდობასავით იზრდება და მისი რჩევა სიცოცხლის წყაროა“ (ზირაქი 21). „საუბარი ღვთისმოსავისა მუდამ სიბრძნეა. უგუნური კი, მთვარესავით იცვლება“ (ზირაქი 27). „ბრძენის გული გონიერს ხდის მის ენას და მის ბაგეზე წარუმატებს სწავლებას“ (იგავნი 16-23). „ბრძენთა ბაგენი ჭეშმარიტ ცოდნას ავრცელებენ“ (იგავები 14-7). „სიბრძნე და დარიგება ბრიყვებს ეზიზღებათ“ (იგავები 1-7). „ნეტარია ადამიანი სიბრძნის მპოვნელი და ადამიანი ჭკუის მომხვეჭელი“ (იგავები 3-13). „ბრძენნი პატივს დაიმკვიდრებენ, ხოლო ბრიყვნი დამცირებას მიიღებენ“ (იგავები 3-35). „უფალი ღვთისმოსავს აძლევს ისეთ ენასა და სიბრძნეს, რომელსაც ვერ დაუპირისპირდება და ვერ შეეპასუხება მისი მოწინააღმდეგენი“ (ლუკა 21-15).
ახლა კი მის შესახებ მინდა მოგახსენოთ, თუ რა შედეგის გამომღებია სიბრძნის მფლობელობა და რა კიდევ – მისგან განრიდება:
„რატომ სჯობს ერთი დღე მეორეს, თუკი ყოველი დღის ნათელი წელიწადში მზისგანაა? უფლის სიბრძნით განიყვნენ ისინი. მან განასხვავა არენი და დღესასწაულნი. მათგან ზოგი აამაღლა და წმიდაჰყო. ზოგნი კი სადამ დღეთა რიცხვს მიაკუთვნა“ (ზირაქი 33).
„სიბრძნემ აამაღლა თავისი ძენი და შეეწია თავის მაძიებელთ. მისი მფლობელი დიდებას დაიმკვიდრებს და სადაც კი მივა, უფალი აკურთხებს. ვინც მას მსახურებენ, წმიდას ემსახურებიან. სიბრძნის მოყვარული უფალსაც უყვარს. სიბრძნის მორჩილი წარმართებს განსჯის და ვინც მას რწმენით მიეახლება – დამკვიდრდება. რომელნიც ირწმუნებენ, დაიმკვიდრებს მას და მისი შთამომავალნი გახდებიან მფლობელნი მისი. რადგან ჯერ მრუდე გზებით ივლის მასთან ერთად; შიშსა და ძრწოლაში ეყოლება. გასტანჯავს თავისი წვრთნით მანამ, ვიდრე არ დარწმუნდება მასში და თავის მცნებათა განსაცდელში არ გაატარებს. შემდეგ კი კვლავ მოიქცევა სიწრფელით მისკენ და გაახარებს და განუცხადებს თავის საიდუმლოს“ (ზირაქი 4-11/17).
„სიბრძნით მეტყველი ენა კეთილგანწყობას ქმნის“ (ზირაქი 6-4). „სასიამოვნო ნათქვამი გოლეული თაფლივითაა. სულისათვის ტკბილია და ხორცისათვის კურნება“ (იგავნი 16-23,24). „სიბრძნის შეძენა ოქროზე უკეთესია და ჭკუის შეძენა – ვერცხლზე უმჯობესი“ (იგავნი 16-16). „ბრძნულ რჩევათა გარეშე ეცემა ერი!“ (იგავები 11-14). „დაფარული სიბრძნე და უჩინარი განძი; ვის რაში არგია ან ერთი და ან მეორე? სჯობს კაცი, თავისი სისულელის დამფარველი – კაცს, რომელიც სიბრძნეს ფარავს (ზირაქი 20).
„სიბრძნეც დაიფარავს კაცს და ფულიც დაიფარავს. მაგრამ სიბრძნე უპირატესია, მის მფლობელს აცოცხლებს“ (ეკლესიასტე 7-12). „კაცთმოყვარე სული სიბრძნეა და დაუსჯელს არ დატოვებს მგმობელს თავისი ბაგეებით“ (სოლომონი 1-6). „უბედურია, ვინც სიბრძნესა და სწავლას შეურაცხყოფს. ამაოა მათი იმედი. შრომა მათი უნაყოფო და მათი საქმეები უსარგებლო. დაწყევლილია მათი მოდგმა“ (სოლომონი 3-11,12).
„სიბრძნისადმი გვერდის ამვლელებმა მხოლოდ სიკეთის შეუცნობლობით როდი ავნეს თავს, არამედ ცხოვრებას თავიანთი სიბრიყვის ხსოვნაც დაუტოვეს. ვერ შესძლეს დაფარვა იმისა, რაც შესცოდეს. სიბრძნემ პირი გაუხსნა მუნჯებს და ჩვილთა ენებს სიცხადე მისცა“ (სოლომონი 10). „როდესაც შევა სიბრძნე კაცის გულში და ცოდნა ეამება მის სულს, განსჯა შეინახავს მას და საზრიანობა დაიცავს; რათა იხსნას ბოროტი გზიდან, უკუღმართად მოუბარი კაცისაგან – მისგან, რომელიც ტოვებს სწორ გზას, რათა იაროს ბნელი გზით“ (იგავები 2-10,11,12).