გაზიარება

როგორ ვძლიოთ პრობლემებს

შეუძლია ვინმეს კი, რომ დაასახელოს ერთი ადამიანი მაინც, ვისაც თავისი სიცოცხლის წლები ისე განუვლია, რომ არანაირი პრობლემა არ შექმნია?! ანდა დაასახელოს ორი ისეთი პიროვნება, რომელთაც სრულიად ურთიერთმსგავსი პრობლემები ჰქონიათ მთელი თავისი ცხოვრებისეული მოღვაწეობის დროს?! რა თქმა უნდა დადებითი პასუხის გამცემი ვერავინ იქნება და ასეთ შემთხვევებს ვერ დაასახელებს იმიტომ, რომ რეალურად არ არსებობენ. რისი მიზეზიც მასში მდგომარეობს, რომ პრობლემების მოტივზეც ისევე მოქმედებს გენეტიკური მემკვიდრეობა, როგორც სხვა დანარჩენ ყველაფერზე – სულიერი თვისებებიდან მოყოლებული, გარეგნული სახიერების, ხასიათის, ნიჭის, ბედისწერული ელემენტების მსგავსებისა და მატერიალური მემკვიდრეობის ჩათვლითურთ. როცა ვინმე რაიმე განსაკუთრებულ თავისებურებას გამოავლენს, რითაც ის თავის წინაპარს ან ნათესავს ჰგავს – „გენეტიკურია“ – მაშინვე ასეთ შეფასებას მოარგებენ მას. რითაც ხაზს უსვამენ იმას, რომ არაფერი ეშველებაო. თუმცა სინამდვილეში ეს სრულებითაც არ არის ასე და თუკი იქნება შესაბამისი სურვილი და საჭირო ცოდნა მოძიებული, ცვლილება შესაძლებელია. მაგრამ უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ვინაიდან მეცნიერება ვერ არის გენეტიკის არსში ღრმად ჩამწვდომი და სრულფასოვანი ცოდნით აღჭურვილი; ამიტომაც ადამიანები ვერ ფლობენ იმის ცოდნას, რითაც არის შესაძლებელი გენეტიკურ მემკვიდრეობის მიღებაზე თანხმობის ან უარის თქმა. ხოლო დაფარული ჭეშმარიტების გაცხადების დანიშნულება კი სწორედ ის არის, რომ ის საკითხები გააშუქოს, რომელიც სათაო ცოდნაა მეცნიერული გზით მოპოვებული მხოლოდ სწორი ცოდნისათვის. მათი შერწყმით კი მიღებული იქნება სრულყოფილი ცოდნა განსახილველი საკითხების მიმართ და დაიძლევა ის პრობლემებიც, რომელთა დაუძლეველობაც არ აძლევს ადამიანებს მშვიდად ცხოვრების საშუალებას. რაც შეეხება დაფარული ჭეშმარიტების მხილებას – ცხადია, რომ მის გაშუქებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია იმ კანონებს, რომელნიც ბიბლიით არის გადმოცემული და რომლის აღსრულების ფაქტებსაც წარმოადგენს კაცობრიობის მიერ განვლილი თუ გასავლელი ცხოვრებისეული გზა.
როგორც ბიბლია გვაცნობებს: „სიკვდილი ღმერთს არ შეუქმნია და არც ცოცხალთა დაღუპვით ხარობს. რადგან არსებობისათვის შექმნა მან ყოველივე და მაცოცხლებელია სამყაროს ყოველი ქმნილება. არ არის დამღუპველი წამალი მათ შორის და არც ჯოჯოხეთის სუფევაა დედამიწაზე. რადგანაც უკვდავია სამართლიანობა. უღვთოებმა ხელებითაც და სიტყვებითაც მოუხმეს სიკვდილს და მასთან დამოყვრებულნი დაიშრიტნენ. აღთქმა დაუდეს მას. რადგან ღირსნი არიან მის კერძად იქცნენ“ (სიბრძნე სოლომონის 1-13,16).
წარმოვადგენ ამ სიბრძნის ახსნას, რათა დახმარება გავუწიო მისი შემეცნების მსურველთ. ბევრისაგან გამიგია ასეთი სახის მსჯელობა: ევამ რომ ადამი აცდუნა და ცოდვა ჩაადენინა, მის გამო გვაქვს ადამიანებს მიდრეკილება ცოდვისადმიო. გეთანხმებით, სწორია ეს გამონათქვამი. მაგრამ მე სხვა კუთხითაც მინდა გავამახვილო ყურადღება: დიახ, ევას მიერ ადამის ცდუნება არის ფესვი იმ ცოდვილი მემკვიდრეობისა, რომელიც შთამომავლობითი გზით ვრცელდება. ხოლო მისგან გამრავლებული ბოროტება კი ყოველ ეპოქაში შესაბამისი ხასიათებითა და ფორმებით მჟღავნდება. მაგრამ ამასთანავე აღვნიშნავ სხვა ფაქტორსაც და დავსვამ კითხვას: თუკი ევას ცოდვით მემკვიდრეობის მიღებაზე არავის უთქვამს უარი, რატომ არის უარი თქმული ქრისტეს მიერ ცოდვების გაბათილების მემკვიდრეობის მიღებაზე?! ყოველივე ამის თაობაზეც ხომ არის კანონი ბიბლიით გადმოცემული?! რომ „ცოდვის ჩამდენი ეშმაკისაგან არის. რადგან თავდაპირველად ეშმაკმა შესცოდა. ამისათვის გამოჩნდა ძე ღვთისა, რომ დაერღვია ეშმაკის საქმენი“ (I იოანე 3-8) და „როგორც ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა სოფელში, ხოლო ცოდვის მიერ – სიკვდილი; ასევე სიკვდილიც გადავიდა ყველა ადამიანში, რადგან ყველამ შესცოდა. თუკი ერთის დანაშაულით მრავალი გაწყდა, მით უმეტეს ბევრად სჭარბობს მრავალთა მიმართ ღვთის მადლი და ნიჭი, ერთი კაცის იესო ქრისტეს მადლით. ამრიგად თუ ერთის დანაშაულით ყველა ადამიანს დაედო მსჯავრი, ასევე ერთის სიმართლით ყველა ადამიანი გამართლდება სასიცოცხლოდ. ვინაიდან როგორც ერთი კაცის ურჩობით ბევრი გახდა ცოდვილი, ასევე ერთის მორჩილებით ბევრი გახდება მართალი“ (რომაელთა 5-12/20).
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ქრისტეს მემკვიდრეობის მიღებაზე ადამიანები უარს ამბობენ – ამის მიზეზია ის, რომ ცოდვების ჩადენის გამო სატანურ ძალას ნება ეძლევა თავისი წილის ადამიანში ჩასადებად. რის შედეგადაც ადგილი აქვს წილის ოდენობის შესაბამისი ზომით გონების ჩაკეტვას. სწორედ გონების ფუნქციონირების მნიშვნელოვანი ნაწილის ჩაკეტილობა არის საფუძველი იმ გაუკუღმართებული აზროვნებისა, რითაც ადამიანთაგან უარყოფილია ჭეშმარიტება და შედეგად კი სამყაროსეული კანონზომიერებების განსჯით დამსახურებულია ის პრობლემები, რაც კაცობრიობას თავს ახვევია. ხოლო როცა ცოდვების სისავსე იმ დონეს მიაღწევს, რომ მისი წილის შესაბამისად გონების ფუნქციონირება საერთოდ დაიბლოკება, ეს უკვე სასიკვდილო განაჩენია და ასეთი გონების პატრონს სიცოცხლე უწყდება. რაც შეეხება ცოდვების კატეგორიებსა და მათი ჩადენის ზომის ზღვარს, ეს სიდიდე კი ინდივიდუალურად აქვს მიზომილი პიროვნებას ინდივიდუალური გენეტიკური კოდის მიხედვით. ამიტომაც ერთიდაიგივე ცოდვის ჩადენაზე მისაგებელი სხვადასხვა არის, პიროვნებისათვის მიცემული უნარებისდა გათვალისწინების გამო.
„მცნება სანთელია და მოძღვრება სინათლე, ცხოვრების გზა კი დამრიგებლური შეგონება“ (იგავნი 6-23) – ასეთ კანონს იუწყება ბიბლია და ამიტომაც წინამდებარე წიგნის საშუალებით, გაუკუღმართებული ბედისწერის გამოსწორებისა და პრობლემების დაძლევისათვის საჭირო ცოდნას მივაწვდი მისი მიღების მსურველთ. რისთვისაც მას ვუწოდე კიდეც „სიბრძნის გაკვეთილები“. რომელიც შექმნილი არის: ბიბლიური მცნებების, ბიბლიური მოძღვრებებისა და ცხოვრებისეულ გამოცდილებათა ფაქტების ურთიერთშერწყმის საფუძველზე და ეყრდნობა არა ადამიანურ სიმართლეს, არამედ სიმართლეს უფლისას – რომელიც ჭეშმარიტებაა.
თითოეული ადამიანისათვის ცნობილი ცოდნაა ის, რომ კაცობრიობის არსებობის ერთ-ერთი აუცილებელი და მნიშვნელოვანი დანიშნულება შთამომავლობის გაგრძელებაა. მაგრამ თავის მხრივად შთამომავლობის გაგრძელებაც არ არის არამიზნობრივი ანდა უსასრულო პროცესი. რადგან მას თავისი მიზანიც აქვს და თავისი დასასრულის დროც დადგენილი. მიზანი – აზროვნების განვითარება და მიყვანა ადამიანისათვის დაშვებული ნორმის მაქსიმუმამდეა. რომელი პროცესიც მიმდინარეობს ევოლუციურად, მემკვიდრეობის შთამომავლობით გადაცემის გზით. ამიტომ იმას თუ რა პრინციპებს აირჩევს პიროვნება და განავითარებს საკუთარი ცხოვრებით, ასევე რას გადასცემს მემკვიდრეობით შთამომავალს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ვინაიდან თავისუფალი ნების დაშვებამ აზროვნება ორ ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით განავითარა: ღვთიური ძალის გზითა და სატანური ძალის გზით. ამიტომაც საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობის დასასრულს, მიიღებიან გენეტიკური განაყოფის ორი ურთიერთსაპირისპირო თვისებებითა და ხასიათით აღჭურვილნი სრულყოფილი ნაყოფები; რომელნიც ღმერთის საზომის მიერ შეფასებულნი იქნებიან ღვთისშვილებად ან ანტიქრისტეებად. აგრეთვე ცნობილია ის თვისებებიც, რომელნიც თითოეული ძალის მქონე პიროვნებებს ახასიათებთ და იმ გზის ტრაექტორიაც, რომელთაც მათი სულები გადიან მორიგ რეინკარნირებამდე. აღვნიშნავ მათ შესახებ: „ხორცის საქმეები აშკარაა: ეს არის სიძვა, უწმიდურება და თავაშვებულობა, კერპთმსახურება, მისნობა, მტრობა, ჩხუბი, შური, რისხვა, შუღლი, უთანხმოებანი, ანგარება, მწვალებლობა, სიძულვილი, მკვლელობა, გაუმაძღრობა, სიცრუე და სხვა ასეთი. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სახიერება, სიკეთე, ერთგულება, სიმშვიდე, თავშეკავება, უანგარობა, სიმართლე“ (გალატელთა 6-8).
რაც შეეხება იმ ტრაექტორიას, რომლითაც სატანის ძალის მქონეთა სულების გასავლელი გზა განისაზღვრება; შემოიფარგლება იმ მანძილით, სადამდეც ვრცელდება დედამიწური მიზიდულობის არეალი. შემდეგ უკვე აღარ ძალუძს ამ მიზიდულობის ძალის დაძლევა და ასეთი სულებიც ვეღარ გადიან კოსმოსში, ბრუნდებიან უკან და რეინკარნირდებიან. ხოლო რაც შეეხება იმ პერიოდს, რაც მათ ამ წრის გასავლელად სჭირდებათ, ის დედამიწური 40 დღე-ღამის ეკვივალენტია. ეს დრო და მანძილიც ძალიან მცირეა ღვთისშვილთა კოსმოსში გამღწევ სულების მიერ გასავლელ მანძილსა და დროზე. ამიტომაც სჭარბობს სატანის ძალის მქონე ადამიანთა რაოდენობა. რის შესახებაც იტყობინება კიდეც ბიბლია შემდეგი კანონით: „ვინაიდან დაკარგა წუთისოფელმა თავისი სიჭაბუკე და სიბერის ჟამმა მოუწია. რადგანაც დაუძლურდა სიბერისაგან წუთისოფელი. ამიტომ უფრო და უფრო გამრავლდება მის მკვიდრთა შორის ბოროტებანი“ (III ეზრა 14-16).
თავიანთი გაუკუღმართებული თვისებებიდან გამომდინარე, ისინი ძალადობით ზემოქმედებენ ყველაზე და ყველაფერზე, თანახმად კანონის აღმსრულებლობისა: „არ დაიძინებენ ისინი, სიბოროტე თუ არ ჩაიდინეს და ძილი გაუკრთებათ, თუ სიკეთე არ დააბრკოლეს. რადგან უკეთურების პურს ჭამენ და ძალადობის ღვინოს სვამენ“ (იგავები 4-14). მათ მოქმედების თავისუფლება კი მიცემული ჰქონდათ საიმისოდ, რომ საკაცობრიო გენეტიკის განვითარება სრულყოფილად წარმართულიყო. როგორც ამას კანონიც იუწყება: „არ წაართვი მათ ბოროტი გული, რათა შენს რჯულს ნაყოფი გამოეღო“ (III ეზრა 3-20). ამჟამად კი, რადგანაც კაცობრიობა უკვე გენეტიკური შედეგის მომკის პერიოდშია, სატანის ძალას დაქვემდებარებულთა მომრავლებული რაოდენობა, სამყაროს ფუნქციონირებისათვის ხელისშემშლელი პირობა გახდა. ამიტომ გამომდინარე სამყაროს კანონზომიერებების გადაწყვეტილებიდან, აუცილებელია ის, რომ აღსრულებაში მოვიდეს დედამიწაზე ძალთა ბალანსის დარღვევის გამოსწორება. რაც თავის მხრივ ნიშნავს სატანისათვის მიცემული დროის აღკვეთასა და დედამიწაზე ღვთიური ძალის ხელმწიფების დადგომას.
სასურველია, რომ ადამიანთაგან ეს ერთი რამ კარგად იქნას გაცნობიერებული: რაც წუთისოფელში ხდება, თავისთავად ან შემთხვევით არაფერი ხდება. არამედ ყველაფერი არის ადამიანის აზროვნებისა და ხელის ნამოქმედარზე სამყაროს კანონზომიერული პასუხის შედეგი. მაგრამ სამწუხაროდ ადამიანური აზროვნება ამას ვერ აცნობიერებს იმიტომ, რომ თავიდანვე უარი თქვა გონებასთან მჭიდრო კავშირის დამყარებაზე. რის შედეგადაც მისთვის გარემო ამოუცნობი მოვლენებით სავსე სამყაროდ იქცა. როგორც ამას ბიბლიაც ადასტურებს: „ვიხილე ღვთის ყოველი საქმე, რომ ვერ მიხვდება ადამიანი ვერაფერ საქმეს, რაც მზის ქვეშ ხდება. რაც უნდა დაშვრეს და იძიოს, ვერას მიხვდება. თუნდაც ბრძენკაცმა თქვას მივხვდიო, ვერას მიხვდება“ (ეკლესიასტე 8-10). ამიტომ სიბრძნე შემდეგში მდგომარეობს: ადამიანის მიერ შეცნობილი უნდა იქნას ის, რომ იგი იყოს აღმსრულებელი ღვთისაგან დადგენილ სამყაროსეული კანონებისა. ვინაიდან უფალმა სამყარო ისე შექმნა, რომ მისი კანონზომიერებები სამართლიანობის პრინციპზე დაამყარა; თანახმად კანონისა: „სამყაროც მართალთა შემწეა. რადგანაც ქმნილება, რომელიც თავის შემოქმედს ემსახურება, ცოდვილთა დასასჯელად ძალას იმატებს და ცხრება მის მორწმუნეთა კეთილის სამყოფად“ (სიბრძნე სოლომონის 16-17/24). „უფალო, თავად სამართლიანო! სამართლიანად განაგებ ყველაფერს. რადგან შენი ძლიერებისათვის უცხოდ მიგაჩნია დასაჯო, ვინც სასჯელს არ იმსახურებს. რადგან შენი ძალა სამართლიანობის დასაბამია და ყოვლის მბრძანებლობა ყოვლის მიმტევებლად გაქცევს“ (სიბრძნე სოლომონის 12-15,16).
რაც შეეხება სამართლიანობის პრინციპს, იგი მდგომარეობს შემდეგში: თუკი ადამიანი თავისი აზროვნებით მიღებული გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე არ დაიმსახურებს, ისე მას ცუდი რამ არავითარ შემთხვევაში არ შეემთხვევა. ხოლო ბედისწერაში რაც ეწერება, ეს არის სწორედ შედეგი იმ დასტურის ან უარყოფისა, წინაპრებისაგან მიღებულ მემკვიდრეობაზე რომ არის ნათქვამი. მაგალითად თუ გენეტიკურად მემკვიდრეობით არის მიღებული გენი, რომელიც ფლობს ტყუილების შეთხზვის უნარს, მაგრამ აზროვნებით იქნება შეცნობილი, რომ ეს ცოდვითი მემკვიდრეობაა და მასზე უარი იქნება ნათქვამი, მაშინ ასეთი პიროვნების ბედისწერაში აუცილებლად ექნება ადგილი მეტად სასიკეთო ცვლილებებს. ამრიგად ასეა! უფალმა ადამიანი ისე იდეალურად შექმნა, რომ თუკი მას რაიმე სიკეთის მომცველი სურვილი აქვს, სათანადო ცოდნას შეიძენს და მის შესაბამისად იმოქმედებს კიდეც – გენეტიკურ მემკვიდრეობითი ცვლილებების მხრივ, სასურველი შედეგების მიღწევა გარანტირებული ექნება!
იმედია არ ვცდები, რადგან მინდა მჯეროდეს ის, რომ მრავალნი არ უნდა იყვნენ მოსურნე იმისა, რომ სატანის შვილობილნი იყვნენ და ხალხთა უმეტესობას ღვთისშვილად ყოფნა უნდა უნდოდეთ. თუმცა ყველა მსურველი ვერ იქნება ღვთისშვილი იმიტომ, რომ სატანამ შესძლო უამრავი ადამიანი შეეყვანა შეცდომაში იმ მრავალშრიანი ნიღბით შემოსილი ადამიანების ზემოქმედებების შედეგად, რომელნიც სინამდვილეში მისი ძალოვანნი არიან. მაგრამ საქვეყნოდ ისე იქცევიან, თითქოს ხალხის ბედზე მზრუნველნი და კაცთმოყვარენი არიან. ასეთი ფარისევლობითა და მაქინაციებით, რომელი ხრიკებიც სატანური ძალის მიერ კარგად აქვთ ათვისებული, მათ მოახერხეს ის, რომ ბოლო ჟამის პერიოდში მართვის სადავეები აიღეს ხელთ და ადამიანური საქმიანობის ყველა სფეროში მმართველ სტრუქტურაში მყოფებად მოევლინენ მსოფლიო საზოგადოებას. მართალია ხალხი ვერ არის ამომცნობი და ჩამწვდომი მათი ვერაგი მიზნების სიღრმეებისა; მაგრამ უფალმა, რომელმაც შექმნა ეს მოდგმა, ცხადია ამის შესახებ ყოველივე იცოდა და ამიტომაც დაუდგინა მათ ასეთი კანონი: „ამაონი არიან ბუნებით ყველანი, ღვთის უმეცრებაში მყოფნი. რომელთაც ხილულ სიკეთეგან ვერ შესძლეს შემეცნება არსებულისა და ვერც საქმეთა მიხედვით გამოიცნეს ხელოვანი. ღვთის ქმნილებათა შორის მყოფნი ეძიებიან და მზერას ერწმუნებიან, რომ ყოველი ხილული მშვენიერია; და მაინც არც ესენი არიან ღირსნი შენდობისა. რადგან თუ იმის ძალა შესწევდათ, რომ ამოეცნოთ ეს სამყარო, რატომ უმალვე ვერ იპოვეს მისი მეუფე?!“ (სიბრძნე სოლომონის 13-1/9).
როგორადაც წარმოდგენილი ცნობიდან არის მისახვედრი, უმეცრების გზით მავალსა და უკვე უფსკრულის პირს მიმდგარ კაცობრიობას ვერ დაეხმარება ვერც მთავრობები, ვერც მეცნიერება და ვერც რელიგია. რადგან ვერცერთი მათგანის მიერ მოწოდებული ცოდნის მიღებით ვერ მოხდა ვერც ამ სამყაროს ამოცნობა და ვერც მისი ნამდვილი მეუფის ამოცნობა. ამიტომ ფრიად მნიშვნელოვანია (და გადამეტებული არ იქნება თუკი ვიტყოდი იმას, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელიც) იმ ცოდნის გაცხადება, რომელიც დაეხმარება ადამიანს სამყარული კანონზომიერებების მიერ გათვლილი საკუთარი პიროვნული ადგილის პოვნასა და იმ როლის სრულყოფილად შეცნობაში, რომელიც წარმოადგენს თითოეული ადამიანისათვის მისიონურს და არის ის, რისთვისაც მოვლენილი იქნა იგი ამ სამყაროში. ხოლო ამ ცოდნის მიღება კი შესაძლებელი არის მხოლოდდამხოლოდ ბიბლიით გადმოცემულ კანონებში კარგად განსწავლით. რომელ კანონთა მიხედვითაც გაცხადებულია ის, რომ „ვინც უყვარს, იმას წვრთნის უფალი. მკაცრად ღზრდის ყოველ შვილს, ვისაც ღებულობს“ (ებრაელთა 12-26) და „ბიწიერებას რომ დიდი ხანი არ ეძლევა და იმთავითვე სასჯელით აღიკვეთება, სწორედ ესაა დიდი წყალობის ნიშანი. რაც შეეხება სხვა ხალხებს, ღმერთი მოთმინებით აყოვნებს მათ დასჯას. ვიდრე ისინი მთლიანად არ აივსებიან ცოდვებით. თავის კანონმორჩილებს კი ასე არ ექცევა იგი. არ ელის მათი ცოდვების ავსებას, რომ მერე შური იძიოს მათზე. ამიტომაც არ მოუკლია მათთვის მოწყალება და თუმცა დასჯით კი სჯიდა, მაგრამ მაინც არ გაუწირავს თავისი ხალხი“ (II მაკაბელთა 6-14/16).
ე.ი. ადამიანისათვის გონება იმიტომაც მიუცია ღმერთს, რომ მან იგი ჯეროვნად გამოიყენოს. რაც გულისხმობს იმას, რომ პიროვნება საფუძვლიანად უნდა დაუკვირდეს თავის ბედს და თუკი აღმოაჩენს იმას, რომ მცნებათა დაცვის მცირედად გადახვევაზეც კი უმალვე ისჯება, ანუ მისი სიცრუე მალევე მჟღავნდება; მაშასადამე ის ღვთის შვილი ყოფილა. ამიტომ ვალდებულია გამოიყენოს ეს წყალობა და კარგად მოეჭიდოს თავის ადგილს. რაც გამოიხატება იმაში, რომ უნდა ამხილოს ყოველგვარი სიცრუე და არ იცხოვროს მისი წესებით. შეიყვაროს სამართალი და ჩასწვდეს და შეიცნოს ჭეშმარიტი სიმართლე. რომლის შეცნობაშიც უდიდესი დახმარების გაწევა შეუძლია „უფალია ჩვენი სიმართლის“ წიგნებს. რადგანაც ისინი სწორედ ამ მისიის შესასრულებლად არიან შექმნილნი და ამიტომაც მათში საყოველთაოდ გასაგებადაა ახსნილი და გაშიფრული, ღმერთის მიერ სპეციალურად ადამიანთათვის დადგენილი კანონების თანახმად თუ რა არის ჭეშმარიტად სიმართლე და რა კიდევ სიცრუე.