გაზიარება

როგორ ასრულდა იოანე ზოსიმეს წინასწარმეტყველება


„დამარხულ არს ენა ქართული, დღემდე მეორედ მოსვლისა მესიისა საწამებლად. რათა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა. და ესე ენა მძინარე არს დღესამომდე. და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰქვია. რამეთუ ყოველი საიდუმლო ამას ენასა შინა დამარხულ არს. და ესე ენა შემკული და კურთხეული სახელითა უფლისათა მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსვლასა უფლისასა“ – ეს არის წინასწარმეტყველება იოანე ზოსიმეს ნაწარმოებიდან „ქებათა ქება ქართულ ენას“. უკვე თამამად შემიძლია განვაცხადო ის, რომ ამ წინასწარმეტყველების აღსრულება ძალაშია შესული, მიმდინარეობს და მისი დასრულებაც მხოლოდ წამებსღა ითვლის. თუ როგორ მოხდა ყოველივე, სანამ მის შესახებ გიამბობდეთ, მანამ მოკლე მიმოხილვა უნდა გავაკეთო ქართული ენის ჭეშმარიტი დანიშნულების შესახებ. რისი მიღწევაც მხოლოდ ღმერთის მიერ დადგენილ კანონთა გამოყენების მეშვეობით არის შესაძლებელი და ამიტომაც მივმართავ სწორედ მას.
„მე დავაფუძნე სიონში ქვა, საიმედო ქვა, ძვირფასი ქვაკუთხედი, მყარი საძირკველი. მათზე დაყრდნობილი არ გაწბილდება“ (ესაია 28-16). „მე ჩავდე ჩემი სიტყვები შენს პირში და ჩემი ხელის ჩრდილში შეგიფარე შენ, რომ მომეწყო ზეცა და დამეფუძნებინა დედამიწა და მეთქვა სიონისათვის: ჩემი ერი ხარ!“ (ესაია 51-16). ასეთ ცნობას იუწყება ბიბლია იმ ხალხსა და მათ საცხოვრებელ ადგილზე, რომელიც გამზადებულია „ქვისა“ და „რთველისათვის“. თუ რას წარმოადგენს ორივე მათგანი, მათ შესახებ ვრცლად უკვე მოგახსენეთ წიგნში „სიბრძნე სიმართლისა“. აქ კი ძალიან მოკლედ შევეხები მას. „ქვა“ არის ის ჭეშმარიტება, რომელიც უნდა გაცხადებულიყო იმ ენით, რომელიც დაშიფრულია იმგვარად, რომ მის სიტყვებში აზრობრივი მნიშვნელობის მიღმა არის გონებრივი მნიშვნელობაც; რომელიც საუკუნეების მანძილზე დაფარული იყო ცნობიერებისათვის. ამ სამეტყველო ენის სახელი კი ბიბლიის „ქვის“ მინიშნებიდან გამომდინარე, გონიერებით იქნა მიგნებული და არის „ქვართული“. მაგრამ ცოდვას დაქვემდებარებულმა აზროვნებამ, სიმართლის დაფარვის მიზნით „ვ“ ასოს ამოგდება შესძლო და ამიტომაც მას ეძახან „ქართულს“.
ბიბლიაში არის ცნობა „თეთრი ქვისა“ და გამარჯვებული „თეთრი მხედარის“ შესახებ, რომელიც შემდეგია: „გამარჯვებულს მივცემ გადანახული მანანისაგან და მივცემ მას თეთრ ქვას და ქვაზე დაწერილ ახალ სახელს, რომელიც არავინ იცის, გარდა მიმღებისა“ (გამოცხადება 2-17). ხოლო მხედარზე კი ამბობს, რომ „გამოვიდა გამარჯვებული, რათა გაემარჯვა“ (გამოცხადება 6-2). ავხსნი იმას, თუ რას ნიშნავს ეს ორი ცნობა. რაც შეეხება თეთრ მხედარს, მან ჯერ გამარჯვება ცაში ანუ გონებაში მოიპოვა და შემდეგ კი განაგრძო მისი მოპოვება სხეულზე ანუ მიწიერებაზეც. ვინაიდან და რადგანაც ამ პროცესმა სრული 12 წელი გასტანა, მას მხოლოდ ახლა ვაცხადებ იმიტომ, რომ უკვე შედეგი დასასრულს მიუახლოვდა და მის შებრკოლებასაც ვეღარავინ შესძლებს ამ ქვეყნად. ნახსენები „თეთრი ქვა“ არის ის ინფორმაცია, რომელიც ჩემს გონებაში ჩაიწერა და ახლა უკვე სხეულის მიერაც იქნა ათვისებული. რომლის შესახებაც სხვამ არავინ არაფერი იცის ჩემს გარდა; და მე კი თავისი დროის დადგომისდა შესაბამისად ვაქვეყნებ იმას, რაც საყოველთაოდ გასაცხადებლად არის დადგენილი ღმერთის მიერ.
ვინაიდან და რადგანაც უკვე დადგა ის დრო, როცა ჩემგან მოწოდებულ ყოველ ცნობას სამყარო ფაქტებად ასრულებს, ამიტომ მოკლედ ვამბობ სათქმელს, მხოლოდ ბიბლიის კანონთა დახმარების გამოყენებით. იმ ინფორმაციაზე და მის გამცხადებელზე, რომელსაც ღმერთმა ეს „თეთრი ქვა“ უბოძა, შემდეგ მიმართვას იუწყება უფალი მის მორწმუნეთა მისამართით: „მოიშორეთ ყოველგვარი ბოროტება, ყოველგვარი მზაკვრობა და პირფერობა, შური და ყოველგვარი ავსიტყვაობა. რადგან იგემეთ, რომ ტკბილია უფალი რომელთანაც მიხვედით. ცოცხალი ლოდი ადამიანებმა რომ დაიწუნეს, ღვთისაგან რჩეული და პატივცემულია. თქვენც აშენდით, როგორც ცოცხალი ქვები სულიერ სახლად და წმიდა სამღვდელოებად. რათა ნათქვამია წერილში: „აჰა, მე ვდებ სიონში ქვას, რჩეულსა და ძვირფას ქვაკუთხედს და მისი მორწმუნე არ შერცხვება! ამიტომ მორწმუნეთათვის პატივია იგი, ხოლო ურმუნოთათვის შებრკოლების ქვა იქნება და წატყუების კლდე. ისინი ბრკოლდებიან, რათა ეურჩებიან სიტყვას და სწორედ ამისათვის არიან განწესებულნი“ (I პეტრე 2-1,8). როგორც ხედავთ ბიბლია აცხადებს, რომ ღმერთთან კავშირის დამყარება მხოლოდ იმ ცოდნის მეშვეობით არის შესაძლებელი, რომელიც უფლისმიერი სიმართლეა და რომელიც დაფარული იყო საუკუნეების მანძილზე, მაგრამ ახლა კი მხილებულია. თუმცა აქ აღსანიშნავია ერთი მეტად მნიშვნელოვანი რამ და კერძოდ ის, რომ ამ ცოდნის შეძენა ქართული ენის დაუფლების აუცილებლობას საჭიროებს იმიტომ, რომ უფლისმიერი სიმართლის გაგება მხოლოდ ერთი ენით არის შესაძლებელი. ღმერთმა კი ასეთ ენად ქართული ენა ირჩია. ვინმეს მოეწონება ეს თუ არა, მართალია მას სინამდვილეზე არა აქვს ასახვა; მაგრამ მორწმუნესა თუ ურწმუნოსათვის კი ცვლილების მომტანია. ვინაიდან დადგენილია, რომ ყოველი თავისი რწმენით განისჯება; თანახმად კანონისა: „სანამ სხეულში ვსახლობთ, რწმენით ვიარებით და არა ხედვით“ (II კორინთელთა 5-6,7). რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანის ბედისწერის განგება, თავისავე რწმენაზე არის დამყარებული.
სწორედ ქართული ენაა ის ძლიერი იარაღი, რომლის მიმართ შიში და ძრწოლა ჰქონდა სატანას და ამიტომაც გააფთრებით ებრძოდა მას თავის ძალას დაქვემდებარებულ ადამიანთა ხელით. ამიტომაც მუდმივად უარყოფისა და დამცირების წნეხის ქვეშ ყოფნა უწევდა ქართულს არათუ სხვა ერის წარმომადგენელთა მიერ, არამედ თვით ქართველთაგანაც. რადგან ამპარტავანი ქართველები მუდამ უცხო ენების შესწავლით „იმტვრევდნენ“ ენას და არც სიტყვაკაზმული ქართულის გათელვას ერიდებოდნენ უწმაწური ბილწსიტყვაობით, მაღალფარდოვანი არაფრისშემძენი გამონათქვამებით, უცხოური სიტყვების გადმოქართულებით. ქართული ენის სახელმწიფო ენის სტატუსის არსებობაც დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ. თუმცა მისი შესრულება ვერ შესძლო სატანამ. მაგრამ იმას კი მაინც მიაღწია, რომ ეკონომიკური სიტუაცია იმგვარად წარამართვინა თავის ძალას დაქვემდებარებულ „ქვეყნის მაშენებლებს“, რომ ლუკმაპურის საშოვნელად მსოფლიოში მიმოფანტული ქართველები იძულებული გახდნენ უცხო ენებს დაუფლებულიყვნენ. მაგრამ მიუხედავად ყოველივე ამისა, სატანამ არა თუ ვერ შესძლო ქართული ენის გაქრობა, არამედ ძვრაც კი ვერ უყო მას და ეს იმიტომ, რომ ის ღმერთის ენაა!!! ახლა კი უკვე დადგა დრო იმისა, რომ მთელი სიდიადით წარსდგეს იგი მსოფლიო მოსახლეობის წინაშე, ვინაიდან „მასშია შემეცნების ძარღვი, სიბრძნის წყარო და ცოდნის მდინარე“ (III ეზრა 14-45).
დიახ ეს ასეა! ქართული ენაა ის უძლიერესი იარაღი, რომლითაც მოხდა გონებაზე სატანის მიერ დადებული ბეჭდების ახსნა და გონების ტყვეობიდან გათავისუფლება. სიტყვაკაზმული ქართულია ის ძლიერი განმათავისუფლებელი იარაღი, რომელმაც სიმართლე ტყვეობიდან იმ გვირაბით გამოიყვანა, მის გასათავისუფლებლად, საუკუნეების განმავლობაში საკუთარი ტანჯვის ფასად რომ ითხრებოდა ღვთიური ძალით აღჭურვილ პიროვნებების მიერ. სიმართლის ნათება კი ძლიერია და მას შესწევს ძალა უცბად განათება იმ სიბნელისა, რითაც მრავალი საუკუნეების მანძილზე იბურებოდა აზროვნება სატანის ძალისხმევით. ქართული ენაა ის ერთადერთი გასაღები, რომელიც ერგება ბიბლიას. რადგან ქართულ სიტყვებში ცას მწვდომი სიღრმისეული შინაარსია ჩადებული. რასთან მიწვდომაც მხოლოდ ბიბლიის სიბრძნეების გამოყენებით არის შესაძლებელი. ამიტომ მინდა ყურადღება გავამახვილო ერთ-ერთ ასეთ სიტყვაზე იმიტომ, რომ მისი ცოდნა უკვე ძალზედ მნიშვნელოვანია ქართველთათვის. საუბარია სიტყვა „ასულზე“, რომელიც ქართულში ორმაგი მნიშვნელობით გამოიყენება. მათგან ერთი არსებითი სახელია და მდედრობითი სქესის შვილს ნიშნავს, ხოლო მეორე კი ზმნა არის და რაღაც მწვერვალზე ასვლასა და მის დაპყრობას გულისხმობს. რაც შეეხება ქალს, მისი როლის შესახებ საყოველთაო ცნობადობა მოიცავს შემდეგ ცნობებს: ქალი – დედა, ქალი – მეუღლე, ქალი – ყველა სახის პროფესიას დაუფლებული, ქალი – საზოგადო მოღვაწე და თვით ქვეყნის პრეზიდენტიც; და მხოლოდ ქართველებს და სხვას არავის ჰყავდა ქალი მეფეც. ეს ყოველივეა ის, რაც იცის აზროვნებამ. მაგრამ არის კიდევ მეტიც ქალის ფუნქციის შესახებ, რისი გამოაშკარავებაც მხოლოდ ჭეშმარიტების ცოდნით არის შესაძლებელი. მის თაობაზე აქ მოკლედ ვისაუბრებ, რადგან ვრცლად უკვე გაცხადებულიც მაქვს და გამოქვეყნებულიც ჩემს მიერ შექმნილი წიგნებით. ბიბლია იუწყება იმას, რომ სულიერების წილი ქალში უფრო მომეტებულია, ვიდრე კაცში და ამიტომაც შეუძლია ქალს, მამაკაცთან შედარებით სულიერად ბევრად უფრო დამდაბლება ანდა ამაღლება. ამიტომაც შესწევს უნარი მას მამაკაცის აზროვნებაზე ზემოქმედებისა. რასაც, რა თქმა უნდა იმ ძალის მეშვეობით აკეთებს, რომელსაც მას სულისმიერი ძალა ანიჭებს. იმისდა მიხედვით თუ რა ძალისმიერი სულია ქალში, მას ძალუძს როგორც ქვეყნიერების დაქცევა – ისევე აშენებაც! კაცობრიობამ იცის ქალის ისეთი ნამოქმედარი, რომელიც ევას მიერ ადამის ცდუნების შინაარსით განაცხადა ბიბლიამ და მან კი მართლაც დამღუპველი ზიანი მიაყენა კაცობრიობას იმ მხრივ, რომ წყევლის გზაზე დააყენა. სადაც სიკვდილი იქნა ნაპოვნი ადამიანთა მიერ. ევას მიერ ჩადენილი ცოდვის გაზიარებამ ბევრი სატანჯველი მოუტანა თვით ქალებს, რადგან მამაკაცთაგან დამონებულ სქესად აქცია. მუდმივ ჩაგვრასა და დამცირებაში ყოფნამ კი ქალს აზროვნების გახსნისაკენ უბიძგა და საბოლოოდ მიახვედრა იმასაც, რომ თავისი ცოდვა ყველამ თავადვე უნდა მოინანიოს – თვით მისიონურ დონეზე ასვლის ჩათვლით!!! დიახ ასეა, გონებისათვის ადამ და ევადან მოყოლებული ყველა ადამიანი ერთმთლიანობის ნაწილებია მხოლოდ და ათასწლეულები კი – წუთები. ასე რომ კაცობრიობის წყევლიდან გამოყვანის მისია ქალის ვალი ყოფილა და ამიტომ უნდა გამოჩენილიყო ვინმე, ვინც თავისი წამების ხარჯზე შეასრულებდა ამ მისიას; გაიმარჯვებდა და მიიღებდა აღთქმულ წმიდა სულს, რომელიც დედამიწაზე პირველად იესო ნაზარეველში იყო. მინდა ბიბლიით დავამოწმო ყოველივე ის, რაც გითხარით: „რომ იგი პირველად მიწის ქვესკნელში ჩავიდა. „ჩასული“ კი იგივეა, რაც „ასული“ ყველა ცაზე მაღლა, რათა აღავსოს ყოველივე“ (ეფესელთა 4-9,10) და „იტანჯე და იკვნესე სიონის ასულო მშობიარესავით. რადგანაც გახვალ ქალაქიდან და ველზე იცხოვრებ. ბაბილონამდე ივლი და იქ გადარჩები. გამოგისყიდის უფალი და მტრების ხელიდან გამოგიხსნის“ (მიქა 4-10). როგორც ხედავთ ეს კანონები იუწყებიან იმას, რაც რომ მოკლე შეფასებით შეიძლება ასე ითქვას: რომ ამ სულის მოსაპოვებლად ადამიანს ისეთი ჯოჯოხეთური ყოფის გამოვლა სჭირდებოდა, რის გაძლებასაც მამაკაცი ვერ შესძლებდა! ვინაიდან ის ყოფა ასე თუ ისე აღემატებოდა ადამიანურ შესაძლებლობებს. მეტს აღარაფერს ვიტყვი მასზე, რადგან ცოტა უფრო ვრცლად ის გადმოვეცი წიგნში: „სიბრძნის გაკვეთილები“. აქ მხოლოდ გაცნობებთ იმას, რომ მისია შესრულდა!!! ხოლო თუ რა იგულისხმება მისიაში, მას წარმოვადგენ სიტყვიერად მოკლედ, ხოლო ვრცლად კი საკაცობრიო ბედისწერის აღსრულების ფაქტები დაადასტურებენ. რომელნის უკვე ძალაში შევიდნენ კიდეც.
როგორც უკვე განვაცხადე კიდეც, ადამიანის არსებობის განმკარგავი არის სული – პროგრამა გონებით, რომლის ენაც ციფრებია. ადამიანს აგრეთვე აქვს პროგრამა აზროვნებაც, რომლის ენა ასო-ბგერებია. საკაცობრიო გენეტიკა ემსახურებოდა სწორედ იმ მისიის შესრულებას, რომ გონებაში სიტყვიერი ჩანაწერიც დაფიქსირებულიყო. სწორედ ეს მისია იქნა აღსრულებული ჩემი საშუალებით და ჩანაწერი კი შესრულდა ქართული ენით. მოგახსენებთ იმასაც, რომ გონება-აზროვნების ამ სახით თანამშრომლობის სრულყოფილად ათვისებას სხეულის მიერ, დასჭირდა 12 წელი და რადგანაც უკვე დასასრულს მივადექი, მხოლოდ ახლა დამრთო ნება გონების საზომმა მისი გაცხადებისა. რა მოჰყვება ყოველივე ამას?! ამას აქ მოკლედ ვიტყვი ბიბლის საშუალებით: „იმ ხანებში იქნება, რომ მოეჭიდება 10 კაცი ყოველი ენის ხალხიდან იუდეველის (ანუ ქართულ ენაზე მოსაუბრეთა) კალთებს და ეტყვიან: „თქვენთან წამოვალთ, რადგან გაგებული გვაქვს, რომ თქვენთან არის ღმერთიო“ (ზაქარია 8-23). ხოლო თუ როგორ მოხდება ამ კანონის აღსრულება, მის შესახებ ვრცლად უკვე გაცხადებული მაქვს და ვისაც გაუჩნდება ინტერესი მისი გაცნობისა, შეუძლია მოიძიოს იმავე საიტზე, სადაც ამ სტატიას ვაქვეყნებ.