გაზიარება

რა იწვევს კატაკლიზმებს


რამდენად ცნობილია ეს ვინმესათვის არ ვიცი; მაგრამ ვიცი ის, რომ სინამდვილე ასეთია: ღმერთს თავისი კანონმდებლობა აქვს და ადამიანებს კი თავისი. ხოლო რაც შეეხება სამყაროს განგებას, იგი ღმერთის კანონმდებლობის მიხედვით განიგება. სამწუხაროდ იმდენად მოკლებულია ადამიანური აზროვნება გონივრულ განსჯას, რომ ვერა აქვს გათავისებული ის მნიშვნელოვანი როლი, რომელიც ადამიანთა მოდგმას აქვს მინიჭებული სამყაროს ფუნქციონირებაში. ამიტომაც ადამიანთა მიერ დაშვებულია უდიდესი შეცდომა იმ სახით, რომ ისინი თავად აწესებენ კანონებს და მათ შესრულებას მიიჩნევენ სწორ ქმედებად. სინამდვილეში კი აი რა ხდება: რამდენადაც აცდენილია ეს კანონები ღმერთის მიერ დადგენილისას, იმდენად ზარალდება მსოფლიოს მოსახლეობა. ხოლო მათ გამო კი დედამიწური გარემო.
როგორც ამას ყველა ხედავს, კაცობრიობა ამჟამად იმყოფება ისეთ დროში, რომელიც წარმოდგება გახშირებული და გაძლიერებული სტიქიური კატაკლიზმებით. რომელთა მიზეზების დადგენასაც ადამიანური ცოდნა მეცნიერული კანონების ბაზაზე ცდილობს. უკვე თავადვე იხილავს ყველა, რომ ეს კანონები თანდათან დაკარგავენ ძალას იმიტომ, რომ დედამიწა გადადის მისთვის დაწესებული ფაზებიდან ბოლო (მეხუთე) ფაზაში და მას კი სათავისო კანონები აქვს დადგენილი შემქმნელის მიერ. ამიტომ რაც ხდება, მხოლოდ პროცესის საწყისია და შესატყვისია გარდამავალი პერიოდისა. ხოლო რაც შეეხება ადამიანებს, არსებული პერიოდის დადგომა მათთვის აყენებს საჭიროებას იმისას, რომ ამქვეყნად სიცოცხლის შენარჩუნებისათვის, აუცილებლად უნდა გახდნენ მაღალი მორალის მქონენი. როგორი მორალითაც აღჭურვას მხოლოდ იმ შემთხვევაში შესძლებენ, თუკი იქნებიან ღმერთის მიერ დადგენილი კანონების საქმით დამცველნი. ყოველივე იმის შესახებ, რაც ახლა ხდება და რაც ახლო მომავალში იქნება, ბიბლია იუწყება ჯერ კიდევ ძალიან ადრეული პერიოდიდან და ამასთანავე იმის ცოდნასაც იძლევა, თუ რატომაც ხდება ყველაფერი ეს.
ვინაიდან და რადგანაც ჭეშმარიტი ცოდნის გაცხადების დანიშნულება ის არის, რომ ადამიანებს აუწყოს ის საფუძველი, რომელიც მოვლენის გამომწვევ იმ მიზეზებს აღძრავს, რომელთაც მოვლენა მოჰყავთ მოქმედებაში; ამიტომ ვაცხადებ მათ საიმისოდ, რომ ვინძლო ვინმემ შეისმინოს და მათი გათვალისწინებით შეძლოს დამსახურება იმისა, რომ ღმერთმა გამოარიდოს იმ ადგილს, სადაც კატაკლიზმი უნდა მოხდეს. რაც შეეხება სტიქიურ მოვლენათა შეჩერებას და თავიდან აცილებას, ეს კი უკვე შეუძლებელია!!! ხოლო თუ რატომ, ამას თავადვე მიხვდებით, როცა იმ კანონებს გაეცნობით, რომელთაც ახლა წარმოგიდგენთ და არსებული რეალობის წარმომჩენი ფაქტები კი ცხადყოფენ იმას, რომ სწორედ მათი აღსრულების პერიოდი დამდგარა უკვე. აი ისინიც:
„უფალი სთავაზობს თავის ერს კურთხევას და წყევლას. კურთხევას მაშინ, თუ ერის ხალხი შეისმენს მის სიტყვებს და იქნებიან მისი დაწესებული კანონების დამცველნი. ხოლო წყევლას კი მაშინ, თუ არ შეისმენენ უფლის სიტყვას და არ იქნებიან მისგან დაწესებული კანონების დამცველი“ (II რჯული 11-26/28).
„წყეულიმც იყოს კერპის გამკეთებელი და მასზე მოთაყვანე. წყეულიმც იყოს შეურაცხმყოფელი თავის დედისა და მამისა. წყეულიმც იყოს მოყვასის ქონების მიმტაცებელი. წყეულიმც იყოს ბრმის გზიდან ამცდენი. წყეულიმც იყოს ვინც გაამრუდოს სამართალი ხიზნის, ობლისა და ქვრივის. წყეულიმც იყოს თავისი მამის ცოლთან დამწოლი. წყეულიმც იყოს თავის დასთან, თავისი მამის ან დედის ასულთან დამწოლი. წყეულიმც იყოს რომელიმე პირუტყვთან დამწოლი. წყეულიმც იყოს თავის სიდედრთან დამწოლი. წყეულიმც იყოს თავისი მოყვასის ფარულად მკვლელი. წყეულიმც იყოს ქრთამის ამღები კაცის მოსაკლავად და უბრალო სისხლის დასაღვრელად. წყეულიმც იყოს ის, ვინც არ შეასრულებს ამ წესებს. ხოლო ვინც დაიცავს მათ, უფალი მიაგებს წყალობას და თავის ერად შერაცხავს“ (II რჯული 27-15/26. 28-9).
„მაგრამ ვინც არ დაიცავს უფლისაგან დაწესებულ კანონებს, მათზე გადმოვა წყევლა და ასეთი ხალხისგან შემდგარ ერს მოევლინება არეულობა და წარუმატებლობა ყოველ საქმეში. ავადმყოფობები, გვალვები. ცა თავზე სპილენძად ექცევათ და მიწა კი – რკინად. წვიმის წილ კი მტვერი და ფერფლი მიეცემა. ასეთი ხალხი დაემხობა მტრების წინაშე. გაჩნდება მათში პანდემია, სიბრმავე, შეშლილობა და სიგიჟე. დათრგუნავთ უბედობა. ქალს დანიშნავენ და სხვა წაართმევთ. სახლს აიშენებენ და მასში ვერ იცხოვრებენ. მათ ქონებას სხვა დაეპატრონება. მათი მიწის ნაყოფს სხვა ხალხი შეჭამს და მათი ძენი და ასულნი სხვა ხალხს ჩაუვარდებათ ხელში. იქნებიან საფრთხობელებად ყველა ხალხთა შორის“ (II რჯული 28-15/37).
„დაიცავით ღვთისაგან დაწესებული კანონები, რათა გაძლიერდეთ და დაიმკვიდროთ ქვეყანა, რომელსაც ღმერთი გაძლევთ. რათა დღეგრძელი იყოთ თქვენს ქვეყანაში. რადგან იგი მთიანი და ველებიანი ქვეყანაა და ცის წვიმის წყალს სვამთ. თუ მოისმენთ ღვთის სიტყვას და გეყვარებათ უფალი და დაიცავთ მის კანონებს. მაშინ მიეცემა წვიმა თქვენს ქვეყანას და ხვავი და ბარაქა არ მოგაკლდებათ. მაგრამ თუკი გადაუხვევთ კანონებს, მაშინ რისხვა წამოვა თქვენზე“ (II რჯული 11-8/17).
„უფლის რჩეულო ერო! თქვენ სიმრავლის გამო კი არ გამოგარჩიათ უფალმა ყველა ხალხისაგან. თავად ხომ ყველა ხალხზე მცირერიცხოვანი ხართ. არამედ თქვენდამი უფლის სიყვარულის გამო და იმისათვის, რომ დაეცვა ის ფიცი, რომელიც თქვენს მამებს შეჰფიცა. იცოდეთ, რომ უფალი ღმერთი არის მტკიცე; რომელიც იცავს აღთქმას და წყალობას თავის დამცველთათვის 1000 თაობამდე. იგი მიუზღავს თავის მოძულეთ მისაგებელს დასაღუპად და არ დაუგვიანებს მათ და პირადად მიუზღავს“ (II რჯული 7-7/10).
„თუ შეისმენთ ღვთისაგან დადგენილ კანონებს და მათ დაიცავთ, უფალი ღმერთი შეგინახავთ აღთქმას და მოგაგებთ წყალობას, რომელიც თქვენს წინაპართ შეჰფიცა. შეგიყვარებთ და გაკურთხებთ, გაგამრავლებთ და გიკურთხებთ მუცლისა და მიწის ნაყოფს. კურთხეული იქნებით ყველა ხალხზე მეტად. არ იქნება თქვენში უნაყოფობა და უფალი აგაშორებთ ყველა სენს. თქვენ შთანთქავთ ყველა ხალხს და არა პირიქით. არ ემსახუროთ სხვაგვარ კანონებს, გარდა უფლის მიერ დაწესებულისა. რადგან ეს მახე იქნება თქვენთვის. თუკი გონებაში გაგივლით ასეთი ფიქრი, რომ სხვა ხალხი ჩვენზე მრავალრიცხოვანი არიან და როგორ შევძლებთ მათ განდევნასო; ნუ შეუშინდებით მათ. რადგანაც უფალი ღმერთი განდევნის მათ ცოტ-ცოტაობით. ვინაიდან სწრაფად ეს ვერ მოხერხდება იმიტომ, რომ არ იმრავლოს თქვენზე ველის ნადირმა. ნუ შეიტანთ თქვენს სახლში იმ სისაძაგლეებს, რომელნიც კერპებია. რადგან მასავით დარისხებულნი არ გახდეთ“ (II რჯული 7-12/26).
„ღმერთის მიერ დაწესებული ყოველი კანონი დაიცავით შესასრულებლად; რათა იცოცხლოთ, გამრავლდეთ და დამკვიდრდეთ თქვენს ქვეყანაში, რომელიც შეჰფიცა უფალმა თქვენს მამებს. უფალი ღმერთი წვრთნის თავის ხალხს საიმისოდ, რათა შეიცნონ: რომ არა პურითა ერთითა ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით. იცოდე გულში, რომ როგორც კაცი წვრთნის თავის შვილს, ასევე უფალიც – თავისას. ამიტომ დაიცავით მისი კანონები და ის შეგაქმნევინებთ კარგ ქვეყანას. სადაც არა სიგლახაკით შეჭამთ პურს, არამედ არ დაგაკლდებათ არაფერი და იქნებით სიუხვეში. ამიტომ გაფრთხილდით და არ დაივიწყოთ უფლის კანონები და არ გადიდგულდეთ, როცა თავს სიუხვეში იგრძნობთ. არ თქვას თქვენმა გულმა: „ჩემმა ძალამ და ჩემი ხელის სიმტკიცემ შემძინა ყოველივე ესო“. გახსოვდეთ უფლის კანონები და დაიცავით მისი წესები. მაგრამ თუ დაივიწყებთ და ურჩობას მიჰყოფთ ხელს, მაშინ დაიღუპებით“ (II რჯული 8-1/20).
„არ გაიკეთოთ ქანდაკება ან ხატი კერპად. რომელიც გამოხატავს გამოსახულებას სახიერებისა კაცის ან ქალის, ცხოველის, ფრინველის ან ქვეწარმავალისას“ (II რჯული 4-16/18).
„გაფრთხილდით, რომ არ დაივიწყოთ უფლის აღთქმა. რომელიც ღმერთმა დაგიდოთ თქვენ და არ გაიკეთოთ კერპები. რადგან უფალი ღმერთი შურისმგებელი ღმერთია. თუ გეყოლებათ ძენი და თქვენ დაბერდებით, წახდებით და გაიკეთებთ კერპს – რითაც ჩაიდენთ უფლის თვალში ბოროტს – მაშინ ღმერთი თქვენს წინააღმდეგ დაამოწმებს ცას და მიწას. გაგფანტავთ მთელ ხალხებში და დარჩებით მცირერიცხოვნად იმ ერებში, სადაც უფალი მიგიყვანთ. მაგრამ როცა დაუწყებთ ძებნას იქედან უფალს, იპოვით მას, თუ მოსძებნით მთელი გულითა და სულით და თქვენს გაჭირვებაში რომელიც გეწევათ, იპოვით მას. დაბრუნდებით თქვენს ღმერთთან და გაიგონებთ მის ხმას. რადგან მოწყალეა იგი. არ მიგატოვებთ და არ დაგღუპავთ. არ დაივიწყებს თავის აღთქმას“ (II რჯული 4-23/31).
აქ მინდა გავაკეთო შენიშვნა, რომელიც ეხება კერპებს. მართლმადიდებელი რელიგია შთააგონებს ხალხს იმას, რომ კერპად მხოლოდ ქანდაკებანი ითვლება და არა ხატებიო. სინამდვილის გასარკვევად მინდა შეგახსენოთ კერპის განმარტება. რაზედაც თავად ბიბლიაც აცხადებს: რომ ის არის ხილული ფორმით წარმოდგენილი ნივთი, რომელსაც ადამიანი მიიჩნევს ღმერთთან კავშირის საშუალებად. ეს ნივთი ქანდაკებით იქნება წარმოდგენილი თუ ნახატით, ჯვარითა თუ თილისმებით, ანდა სხვა მისთანანის ფორმით – მათ ყველას ერთიდაიგივე მნიშვნელობა აქვთ, რასაც კერპი ჰქვია და მხოლოდ სახეობებია სხვადასხვა. ამიტომ როცა ქანდაკებას კერპს უწოდებ და ხატს კი არა, ეს არის გადახვევა კანონიდან და ბიბლია კი ამის თაობაზე აი რას ამბობს: „ღვთისაგან დადგენილი წესები ისე უნდა დაიცვათ, როგორც უფალმა ღმერთმა ბრძანა. ნუ გადაუხვევთ ნურც მარჯვნივ და ნურც მარცხნივო!“ (II რჯული 5-32). ხოლო ღვთისაგან დაწესებული კანონები, რომელიც ბიბლიაში არის გაფანტული, ამოწერილი და ერთად შეკრებილი შეგიძლიათ იხილოთ წიგნში: „ბედისწერის კანონმდებლობა“.
რაც შეეხება კატაკლიზმებს, მათ გამომწვევ მიზეზთა საფუძველზე ასეთ ცნობებს იუწყება ბიბლია:
„სტიქიური კატაკლიზმი ცეცხლითა და წყლით მოევლინება ქვეყანას იმიტომ, რომ მისი ხალხის მიერ წაბილწული ადგილი გასუფთავდეს ცეცხლითა და წყლით“ (რიცხვნი 31-23). „არ წაბილწოთ ქვეყანა, რომელშიც იმყოფებით. რადგან სისხლი ბილწავს ქვეყანას და ქვეყანა ვერ გამოისყიდის მასზე დაღვრილ სისხლს, თუ არა დამღვრელის სისხლით“ (რიცხვნი 35-33). „უფლისა და მისი რჩეულის მიმართ საწინააღმდეგოდ მოსაუბრეთ, გველები შეესევათ“ (რიცხვნი 21-5/7). „ღვთის რჩეულის მიმართ რისხვის მფრქვეველნი, სიკვდილით ისჯებიან“ (რიცხვნი 17-10). „ცუდი ხმების დაყრის გამო, სენი შეეყრება ადამიანს“ (რიცხვნი 14-37). „უფლის სიტყვის შეურაცხმყოფელის სული, შეიმუსრება“ (რიცხვნი 15-31). „უფლის კანონთა წინააღმდეგ ამბოხი, მიწისძვრას იწვევს“ (რიცხვნი 26-9,10).
ყოველივე იმის შემდეგ რაც ახლა გაცნობეთ, ამ კანონსაც შევეხები: „არაფერს მოიმოქმედებს უფალი ღმერთი ისე, თუ წინასწარ არ აცნობა თავის წინასწარმეტყველს“ (ამოსი 3-7). მაშასადამე ღმერთი იუწყება იმას, რომ თავის მიერ მოვლენილ წინასწარმეტყველს, ის აუცილებლად გააფრთხილებს წინასწარ იმის თაობაზე, რის მომექმედებასაც აპირებს. ამიტომაც დავძენ: ვინც ეცნობით ჩემგან მოწოდებულ წინასწარმეტყველურ ცნობებს, არ გაგიჭირდებათ იმის დანახვა, თუ როგორ სიტყვა-სიტყვით სრულდებიან და რაც მომავალს ეხება, ცხადია ისინიც ისევე ასრულდებიან, როგორადაც ახლანდელნი ასრულდნენ!!!
ვინაიდან და რადგანაც ამჟამად ძალზედ არიან მომრავლებულნი ისეთი პიროვნებები, რომელნიც თავს წინასწარმეტყველებად აცხადებენ, ამიტომ მოგაწოდებთ ცოდნას იმისას, როგორ უნდა განასხვაოთ ვინ არის ღვთისაგან მოვლენილი ნამდვილი წინასწარმეტყველი და ვინ კიდევ სიცრუის მამისაგან მოვლენილი ცრუ. საქმე იმაში გახლავთ, რომ თუკი ღმერთი წინასწარმეტყველების ნიჭს უბოძებს ადამიანს, მას აუცილებლად იმ კანონების ცოდნითაც აღჭურვის, თუ რატომ გამოიტანა ბედისწერამ ამგვარი განაჩენი და ამასთანავე იმის ცოდნასაც მისცემს, გამოსავალი რაც არის. თუკი წინასწარმეტყველი ასე სრულყოფილად ვერ წარმოადგენს იმ ინფორმაციას, რასაც აცხადებს და მხოლოდ ამით შემოიფარგლება, რომ ხილვა მქონდაო. ის არ არის ღმერთისაგან და ამიტომაც ასეთი პიროვნების მიერ ნაწირნასწარმეტყველების დაჯერება მხოლოდდამხოლოდ ძალიან დააზარალებს მის მრწმუნებელს. ასე რომ თავად დაფიქრდით – აი, ცოდნა და აი, კიდევ ფაქტებიც! რომლებიც ყოველდღე ვლინდებიან. ვის ინფორმაციას ადასტურებენ ისინი „უფალია ჩვენი სიმართლისას“ თუ მათ ნათქვამს, ვინც ამბობს: ნუ გეშინიათ ყველაფერი კარგად იქნებაო?! ცხადია ყველაფერი კარგად იქნება მაშინ, თუკი საჭირო ცოდნით მოხდება ნაბიჯების გადადგმა! მაგრამ წინააღმდეგ შემთხვევაში ის მოხდება, რაც ხდება კიდეც.