გაზიარება

რა განსხვავებაა ქრისტეს პირველ
და მეორე მოსვლას შორის


დედამიწაზე მიმდინარე მოვლენებმა მსოფლიო მოსახლეობის უმეტესი ნაწილი დააფიქრა იმაზე, რომ კაცობრიობა შესაძლოა მართლაც ქრისტეს მეორედ მოსვლის პერიოდში იმყოფებოდეს. ფაქტი სახეზეა იმისა, რომ ბიბლიის მიერ ამ დროისათვის დასახელებულ ნიშანთაგან სუყველა ზედმიწევნით ზუსტად სრულდება. ხოლო ფაქტები კი ის მტკიცებულებებია, რომელთა უარყოფაც შეუძლებელია. მაგრამ რადგანაც ამ საკითხზე ზუსტი ცოდნით აღჭურვილობას არა აქვს ადგილი ადამიანთა შორის, ამიტომ უჭირთ რეალობისთვის თვალის გასწორება და მათი დამოკიდებულება სინამდვილის მიმართ ბჭობითა და ვარაუდობებით იფარგლება. სამყარო კი ცხადია არ ჩერდება და სვლას განაგრძობს ჩვეული მიმართულებით და მის შესახებ არასწორი ცოდნით ინფორმირებულმა ადამიანმა კი არც ის იცის, რომ უკვე ბჭობისა და მკითხაობების დრო აღარა აქვს! რადგანაც კაცობრიობამ უკვე მიაღწია იმ პერიოდს, რომელზედაც უმრავი წლებია ღმერთი აფრთხილებდა ადამიანთა მოდგმას, რომ რა გზასაც ადგას, ის საბოლოოდ არმაგედონამდე მიიყვანდა მათ. რომელი პროცესის გავლაც არათუ ძალიან რთული, არამედ თითქმის შეუძლებელიც კი იქნებოდა მათთვის სპეციფიკური ცოდნის დახმარების გარეშე. როგორც ხედავთ უკვე ცდა აღარ სჭირდება ამ ცნობის დაჯერება-არდაჯერებაზე ფიქრს, ვინაიდან ყოველდღიურ იმ ფაქტთა მზარდი მასშტაბები, რომლებიც ასახავენ ადამიანთა თავს დატეხილ უბედურებებს, ადასტურებენ ამ გაფრთხილების არად ჩაგდების შედეგებს.
სამწუხარო ფაქტია, მაგრამ სინამდვილე ასეთია: დედამიწური გარემო სტანდარტული ჩარჩოებიდან არის გამოსული და ამავე მდგომარეობაშია ადამიანთა ფსიქიკაც. ამიტომ არსებული რეალობა აიძულებს ადამიანებს, რომ იზრუნონ წამოჭრილი მდგომარეობის გამოსასწორებელი გზების პოვნაზე და უკვე ასეც იქცევიან კიდეც. მაგრამ როგორც ხედავთ ამ შემთხვევაში უძლურია ადამიანური ცოდნაცა და ძალაც. თუმცა გამოსავალი არსებობს და გამომდინარეობს იქედან, რომ თავისი ქმნილების შესახებ შემქმნელმა ყოველივე იცის. ამიტომაც სათანადო თადარიგიც ჰქონდა კიდეც დაჭერილი საამისოდ. რომელ მოვლენაზეც ასე თუ ისე ჩვენცა ვართ ინფორმირებულნი და მას ქრისტეს მეორედ მოსვლად ვიცნობთ.
სწორედ ამ საკითხზე მინდა საუბარი და იმ კითხვის დასმაც თითოეული პიროვნებისათვის, თუ როგორ უნდა იცნოს ნებისმიერმა მათგანმა იგი. როგორადაც ვხვდები, ამ საკითხის თაობაზე ადამიანები ინფორმაციის მიღებას ქრისტიანული რელიგიებისაგან ელიან. თუმცა როგორც მათი ქადაგებებიდან სჩანს, ისინი ორაზროვან განცხადებებს აკეთებენ ამ მოვლენის შესახებ და ადამიანებს აჯერებენ იმას, რომ ქრისტე დედამიწაზე მეორედ კი მოვა, მაგრამ არა ხორციელი, არამედ სულიერი სხეულით და ამიტომ თვალით კი ვერ იხილავენ მას, არამედ ყველამ საკუთარი გულით უნდა შეიცნოს ის. აუცილებელ ვალდებულებას ვხედავ ამ სიცრუის მხილებისას იმიტომ, რომ სწორედ ამ სიცრუის დაჯერების გამოა, რომ ადამიანთა რწმენა ძალიან ასცდა ჭეშმარიტებას და ეს კი კაცობრიობას უფსკრულისაკენ მიაქანებს.
უპირველეს ყოვლისა მინდა განვმარტო ის, თუ რა არის სულიერი სხეული. არმაგედონული განკითხვის გადატანის შემდეგ, ვინც შესძლებს სიცოცხლის შენარჩუნებას, ის აუცილებლად მოისურვებს ჭეშმარიტების შეცნობას და მისი კანონების დაცვით ცხოვრების გზას დაადგება. ამ გზით სიარული მას გონიერებას შესძენს და სხეულებრივი უჯრედების განახლებაც საბოლოოდ აქცევს მის სხეულს საკაცობრიო გენეტიკურ ნაყოფად ანუ გონიერ სხეულად და იგივე სულიერ სხეულად, რადგან გონება სულისმიერია. ასე რომ, ასეთი სხეული ჩვეულებრივად ხილვადია ისევე, როგორც სხვა დანარჩენი. მხოლოდ განსხვავება ის არის, რომ მის პატრონს აზროვნება გასწორებული აქვს ჭეშმარიტებაზე და გონება გახსნილი. ამიტომ მხოლოდ კეთილი თვისებების მქონეა და საერთო არა აქვს რაიმე სახის ბოროტებასთან.
ახლა კი რელიგიის მხილებას მივუბრუნდები ამ საკითხთან მიმართებით. როგორც ვიცით იესოს დედამიწური ცხოვრების დამთავრებიდან 2 000 წელზე მეტი გავიდა. თუკი ის უხილავი კავშირით არ იყო ადამიანებთან კონტაქტში, მაშინ ამ კანონის თანახმად – „ერთია ღმერთი და ერთია ღმერთსა და ადამიანს შორის შუამავალი ქრისტე“ (I ტიმოთე 2-5) – რა გამოდის?! რომ ადამიანთა მოდგმა ამ ხნის განმავლობაში უღმერთოდ ყოფილა?! აბა რა აღდგომებს ზეიმობდა ეს „ქრისტიანული სამყარო“?! ცხადზე ცხადი ხომ არის ის, რომ ბიბლია ქრისტეს იესოს სახით მოსვლას უწოდებს პირველ მოსვლას და თვით იესო ამბობს, რომ მისი სული მეორედაც მოვა სხვა პიროვნებაში. დავამოწმებ ამ ცნობას: „მე მამას შევევედრები და ის სხვა ნუგეშისმცემელს მოგივლენთ, რათა თქვენთან იყოს საუკუნოდ“ (იოანე 14-15,16). „თუ არ წავედი, ნუგეშისმცემელი ვერ მოვა თქვენთან. თუ წავალ, მე მოგივლენთ. როცა ის მოვა, ამხილებს სოფელს ცოდვის, სიმართლისა და განკითხვის გამო. როცა მოვა იგი სული ჭეშმარიტებისა, შეგიძღვებათ სრულ ჭეშმარიტებაში. თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ იმას ილაპარაკებს, რასაც ისმენს და მომავალს გაუწყებთ თქვენ. ის დაამოწმებს ჩემზე“ (იოანე 16-7/14 და 15-26). დიახ ასეა! ქრისტეს სული დედამიწაზე მეორედ უნდა მოსულიყო ადამიანის სხეულში და ასე მოხდა კიდეც!!! მაგრამ სამწუხაროდ ისტორია განმეორდა და „სოფელმა კვლავ ვერ იცნო იგი“ (იოანე 1-8). თუ რატომ?! ამის პასუხსაც ბიბლია გაგცემთ: ქრისტეს მეორედ მოსვლის აღიარება მანამ არ მოხდება, „სანამ ჯერ განდგომილება არ იქნება და არ იმხილება ურჯულოების კაცი, ძე დაღუპვისა. წინააღმდგომი და აღზევებული ყოველივეზე მაღლა, რაც კი რამ სახელდებულია ღმერთად და სამსახურებლად. ისე, რომ ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება იგი, როგორც უფალი. ახლა იცით რა აკავებს ქრისტეს, რომ გამოცხადდეს თავის დროზე? ვინაიდან ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს. ოღონდ ახლა შემკავებელი აკავებს, სანამ გულის შუიდან არ იქნება გაყვანილი. მაშინ გამოჩნდება ურჯულო. რომელსაც ქრისტე გაანადგურებს თავის ბაგეთა სულით და თავისი მოსვლის გაცხადებით განაქარვებს ანტიქრისტეს. რომლის მოსვლაც სატანის მოქმედებით არის, ყოველგვარი ყალბი (ე.წ.პიარის) ძალით. ნიშნებითა და სასწაულებით და უსამართლობის ყველა საცდურით დაღუპულთათვის. იმის გამო, რომ მათ არ შეიწყნარეს ჭეშმარიტების სიყვარული თავის სახსნელად. ამისათვის გაუგზავნის მათ ღმერთი მცდარ ქმედებას, რომ იწამონ სიცრუე. ვინაიდან დაისაჯოს ყველა, ვინც ჭეშმარიტება არ იწამა და მოიწონა უსამართლობა“ (II თესალონიკელთა 2-3/12). „მხეცს მიეცა სამოქმედოდ 42 წელი და თაყვანი სცა მას მიწის ყველა იმ მკვიდრმა, რომელთა სახელებიც ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში, რომელიც სოფლის დასაბამიდან აქვს დაკლულ კრავს“ (გამოცხადება 13-5,8). როგორც ამ კანონებიდან არის გასაგები: ადამიანები ქრისტეს მანამ ვერ იცნობენ, სანამ ანტიქრისტეს არ ამხელენ. ანტიქრისტეს მხილებას კი ხელს ის უშლის, რომ ის რელიგიის მაღალ იერარქიული პიროვნებაა და მას ისე ეთაყვანებიან, რომ ღმერთთანაც კი აიგივებენ. ამიტომ ასეთი რწმენის მქონეობით, ცხადია მათ სინამდვილის აღქმა აღარ შეუძლიათ და ქრისტეს სულის მქონე პიროვნებას ისევე ლანძღავენ და ამცირებენ, როგორც ამას იესოს დროს აკეთებდნენ. ალბათ არც მის ჯვარზე გაკვრაზე იტყოდნენ უარს, ამის დაშვება რომ იყოს ღმერთის მიერ ნებადართული. აი, სწორედ ეს განსხვავებაა ქრისტეს პირველ და მეორე მოსვლას შორის: მისი პირველად მოსვლის მისია მთელი კაცობრიობის ცოდვის ტვირთვა იყო და ეს კი მისი სიცოცხლის მსხვერპლად შეწირვას საჭიროებდა. მან თავი გასწირა იმისათვის, რომ თავისი სისხლით წარეხოცა საკაცობრიო ცოდვები და განეწმინდა სინდისი. რათა გამხდარიყო ბავშთა საყოველთაო ნათლია და მის შემდეგ დაბადებულ ყოველ ახალშობილს დაბადებითვე მისცემოდა სულიწმიდით ნათელღებული სული. ამჟამად კი უკვე ცოდვების სატვირთავად აღარ მოუვლენია იგი ღმერთს, „არამედ მოიყვანა მხოლოდ მათ სახსნელად, ვინც ნამდვილად ელოდება მას“ (ებრაელთა 9-24/28). ასეთნი კი ისინი არიან, ვინც მის მიერ შექმნილი ჭეშმარიტი ცოდნის შეცნობას მოისურვებენ და მერე შესძლებენ მის ათვისებას საიმისოდ, რომ არმაგედონი გადალახონ. ამიტომ აღარც ქრისტე მოკვდება და არც ისინი, ვინც მის მიერ შექმნილ ჭეშმარიტ ცოდნას ეზიარება და მისი მითითებებით იმოქმედებს. ვინაიდან და რადგანაც ადამიანებს ჯერ არ უცხოვრიათ ისეთი ცხოვრებით, რომლის განსახორციელებლადაც ღმერთმა შექმნა ისინი; და არ უცხოვრიათ იმიტომ, რომ მათი გრძნობები და თვისებები არ იყო კეთილი. ხოლო ისინი კეთილნი ვერ იყვნენ იმიტომ, რომ ადამიანის აზროვნება არ შეხებია იმ ჭეშმარიტ ცოდნას, რომელიც დაფარულად იდო ამდენი ხანი. ამიტომაც არმაგედონის გადამლახველები იგემებენ იმ კეთილ ნაყოფს, რასაც ჭეშმარიტი ცოდნით მოქმედება გამოიღებს.