მეორედ მოსვლა
„თუ არ წავედი, ნუგეშისმცემელი ვერ მოვა თქვენთან. თუ წავალ, მე მოგივლენთ. როდესაც ის მოვა, ამხილებს სოფელს: ცოდვის, სიმართლისა და განკითხვის გამო. როცა მოვა იგი სული ჭეშმარიტებისა, შეგიძღვებათ სრულ ჭეშმარიტებაში. თავისას კი არ ილაპარაკებს, არამედ იმას გიამბობთ, რასაც მამისაგან ისმენს და მომავალს გაუწყებთ თქვენ. იგი განმადიდებს მე, რადგან ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ“ (იოანე 16 – 7,8,13,14). ასეთ ცნობას იძლევა იესო ქრისტე იმ მოვლენის თაობაზე, რომელსაც მისი მეორედ მოსვლა ჰქვია. თუ როდის აღსრულდება მისი ეს წინასწარმეტყველება და როგორ უნდა გამოიცნოს თანამედროვე საზოგადოებამ ქრისტეს სულის მიმღები პიროვნება – ამ საკითხთა შესახებ მოგაწოდებთ ინფორმაციას, რომელიც მოპოვებულია ბიბლიური კოდის მეთოდის გამოყენებით და ამიტომაც მის უტყუარეობაში ძალიან მალე დარწმუნდებით აღსრულების ფაქტობრივი თვალსაჩინოებების ფონზე.
დავიწყებ იმით, რომ იმ მოვლენის თაობაზე, რასაც ქრისტეს მეორედ მოსვლა ჰქვია, მსოფლიო საზოგადოება ინფორმირებულია ასეთი ცოდნით: რომ ადგილი უნდა ჰქონდეს წარღვნის მსგავს მოვლენათა განვითარებას. მივმართავ რა გონივრული განსჯის მეთოდს, ჭეშმარიტების კანონთა გამოყენების შედეგად განვსაზღვრავ იმას, თუ როდის მიაღწევს ღვთის რისხვა წარღვნის დონემდე. ცხადია მაშინ, როდესაც კაცობრიობის მიერ ჩადენილ ცოდვათა სიმძიმე ზღვარგადასულობის მაქსიმუმს მიაღწევს! თუკი გავითვალისწინებთ იმ ფაქტორს, რომ თანამედროვე ადამიანთა აზროვნების დონე საკმაოდ მაღალგანვითარებულია საიმისოდ, რომ საქმე აქამდე არ მიიყვანოს; მაგრამ ფაქტები მეტყველებენ, რომ ყოველივე მაინც აქამდე მიდის – ეს უკვე მტკიცებულება არის იმისა, რომ ამჟამინდელი კაცობრიობის განწყობას ადამიანად მოსული ანტიქრისტე წარმართავს.
მაშასადამე, მეორედ მოსვლა ნიშნავს: ანტიქრისტეს ხელმწიფობის პერიოდის დასასრულსა და ქრისტეს მმართველობის ეპოქის დასაწყისს!!! რადგანაც ანტიქრისტეს ეპოქა, რომელიც სიცრუის მოტივზე იყო აგებული, დაემხობა იმ ჭეშმარიტი სიმართლის ფაქტთა თვალსაჩინოებების ფონზე, რომელი სიმართლეც საუკუნეების მანძილზე იფარებოდა სიცრუით. ხოლო რაც ეხება დაფარული სიმართლის ფაქტებად აღსრულებას, მას აუცილებლად წინ უძღვის მხილება – რისი შემძლეობის უნარიც, ცხადია რომ მიცემული აქვს მხოლოდდამხოლოდ ქრისტეს გონების მქონე ადამიანს!!! ამასთანავე დავძენ იმასაც, რომ ხანგრძლივი საუკუნეების მანძილზე ხდებოდა საზოგადოებრივი ცნობიერების დაბინდვა სიცრუის სიმართლედ გასაღების იმ მეთოდებით, რომელთაც იყენებდა ტრადიციები, რელიგია და მეცნიერება. ამიტომ, როდესაც ხდება ამ სიცრუეთა მხილება და ჭეშმარიტი ინფორმაციის გაცხადება, მისი რწმუნება უჭირთ ადამიანებს და მას სრულყოფილად ვერც მიიღებენ მანამ, სანამ დაფარული სიმართლის ფაქტთა ცვენა არ დაატყდებათ თავს. რაც ცხადია, რომ ვერ იქნება მათთვის ადვილად გადასატანი პროცესი – იმიტომ, რომ მათი რწმენა სიცრუეზეა აწყობილი და ამიტომაც სიმართლის ფაქტთა საწინააღმდეგო მოლოდინზე არიან ორიენტირებულნი. ხოლო როცა ადამიანს მოლოდინის საწინააღმდეგოსთან შეჯახება უწევს, ეს რა შედეგის გამომღებიცაა, ამას კომენტარის გაკეთება უკვე აღარ სჭირდება – მითუმეტეს მაშინ, როცა გლობალურ მოვლენებთან დაკავშირებულ ფაქტებამდეც ადის ეს პროცესი. აი, ამიტომაც არის მეორედ მოსვლის დრო, წარღვნისეული მოვლენების ამსახველი პერიოდი.
რაც შეეხება იმ მრწამსს, რომელზედაც არის დაყრდნობილი თანამედროვე საზოგადოებრივი რწმენა: ცნობილია, რომ იგი ორი საყრდენის მომცველია; რასაც რელიგიური ან მეცნიერული საფუძველი ჰქვია. რომელთა ტყუილებსაც თან ერთვის პოლიტიკური სიცრუით არანჟირებაც. მეცნიერთა სიცრუისა და მათგან მოპოვებული ცოდნის უსუსურობის მხილება უკვე დაიწყო იმ კატაკლიზმური მოვლენებისა და ადამიანთა მიერ ჩადენილ, აზროვნებითი კონტროლიდან გამოსული ქმედებების სახით; რომელნიც თანდათან იღებენ უჩვეულო სახით გამოვლინებების ფორმებს. ხოლო რაც შეეხება რელიგიურ სიცრუეს, მას ამხელს ის გარემოება, რომ რელიგიის მიერ არა მარტო ანტიქრისტეს პიროვნება არ სახელდება და მითუმეტეს არც ქრისტეს სულის მქონე პიროვნებისა; არამედ უფრო მეტიც, რელიგიის მიერ იქნა გამოზრდილი და გაპიარებული ანტიქრისტე. რითაც აღსრულებაში შევიდა კანონი: „ქრისტეს მეორედ მოსვლის დღე მანამ არ დადგება, სანამ ჯერ განდგომილება არ მოხდება და არ იმხილება ურჯულოების კაცი, ძე დაღუპვისა. წინააღმდგომი და აღზევებული ყოველივეზე მაღლა, რაც კი რამ სახელდებულია ღმერთად და სამსახურებლად. ისე, რომ ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება იგი და თავს უწმინდესად გამოაცხადებს.
ახლა იცით რა აკავებს ქრისტეს, რომ გამოცხადდეს თავის დროზე. ვინაიდან ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს. ოღონდ ახლა შემკავებელი აკავებს, სანამ გულის შუიდან არ იქნება გაყვანილი. მაშინ გამოჩნდება ურჯულო, რომელსაც ქრისტე გაანადგურებს თავის ბაგეთა სულით და თავისი მოსვლის განცხადებით განაქარვებს ანტიქრისტეს. რომლის მოსვლაც სატანის მოქმედებით არის, ყოველგვარი ყალბი ძალით (ე.წ. პიარით); ნიშნებითა და სასწაულებით (მირონმდინარე თუ სისხლმდინარე ხატებითა და მისთანანით); და უსამართლობის ყველა საცდურით დაღუპულთათვის. იმის გამო, რომ მათ არ შეიწყნარეს ჭეშმარიტების სიყვარული თავის სახსნელად. ამისათვის გაუგზავნის მათ ღმერთი მცდარ ქმედებას, რათა ირწმუნონ სიცრუე. რომ დაისაჯოს ყველა ვინც ჭეშმარიტება არ იწამა და მოიწონა უსამართლობა“ (II თესალონიკელთა 2-3/12).
რაც შეეხება გულში ჩაბუდებულ იმ შემკავებელს, რომლის გაყვანაზეც არის საუბარი – ეს ის მიტაცებული სიტყვის ძალაა ღვთის სასუფევლის რწმენისადმი, რომელიც ფარისევლობის მეშვეობით მიითვისეს რელიგიებმა და რომელზედაც ბიბლიაში ასეთი ცნობაა გადმოცემული: „რომ მათ წაერთმევათ იგი და გადაეცემა ერს, რომელიც გამოიღებს თავის ნაყოფს“ (მათე 21-43).
როგორადაც ხედავთ, ბიბლიის ამ ცნობებით ყოველივე ზემოთ ხსენებული დასტურდება და ამასთანავე წარღვნის მსგავს ფაქტთა მოვლინების აუცილებლობას ამოწმებს მორიგი ეს სიბრძნეც: „თუ არ განადგურდება დათესილი ბოროტება და არ აღიგვება ადგილი, სადაც ბოროტებაა დათესილი; არ მოგვევლინება ადგილი, სადაც სიკეთეა დათესილი“ (III ეზრა 4-39).
რაც შეეხება ანტიქრისტეს მხილებასა და ქრისტეს სულის მქონე პიროვნების ამოცნობას. ცხადია ის, რომ ანტიქრისტეს მხილება კაცთაგან არავის შეუძლია – გარდა იმისა, ვისშიაც ქრისტეს სული მყოფობს. რაც მან ეს უკვე შეასრულა კიდეც. ხოლო რაც შეეხება თვით ქრისტეს სულის მქონე პიროვნების აღიარებას, ეს კი საზოგადოების საქმეა და სწორედ ამის შესრულების ფონზე მოხდება და უკვე მიმდინარეობს კიდეც საყოველთაო განკითხვის (იგივე „არმაგედონის“) აღსრულება!!! – თანახმად კანონისა: „ყოველი სული, რომელიც იცნობს და აღიარებს ხორციელად მოსულ ქრისტეს – ღმერთისაგან არის! ხოლო რომელიც არ ირწმუნებს მას, ის არის სული ანტიქრისტესი!“ (I იოანე 4-2,3).
ამიტომაც აქ დახმარების გაწევას ექნება ადგილი მათთვის, ვისაც მისი მიღების სურვილი აქვს საიმისოდ, რომ შესძლოს ქრისტეს სულის მიმღები პიროვნების ამოცნობა. რომელი დახმარების გაწევაც აუცილებელია! რადგან რელიგიას ისეთი სიცრუის პროპაგანდა აქვს გავრცელებული ამ საკითხის ირგვლივ, რომ ამ დოგმის დამსხვრევა ძალიან გაუჭირდებათ ადამიანებს. თავისთავად ცხადია, რომ ამ მხრივ ჭეშმარიტი წყარო შეიძლება იყოს მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც მიღებული იქნება ბიბლიური კოდის თანამიმდევრობით დაწყობილ ბიბლიის სიბრძნეთა საშუალებით!!! წარმოგიდგენთ მას:
ჭეშმარიტი პასუხის მისაღებად საჭირო კანონის თანახმად: „თანმიყოლებით უნდა მისდიო, რომ აზრს მიაგნო“ (ეკლესიასსტე 7-27), საწყისი სიბრძნეა: „ღმერთი მიკერძოებული არ არის“ (საქმეები 10-34). შემდეგ მოსდევს კანონი: „ამიტომ არ არსებობს განსხვავება: ბერძენია თუ იუდეველი, მონაა თუ თავისუფალი, მამრია თუ მდედრი – ვინაიდან ყველანი ერთნია ქრისტეში“ (გალატელთა 3-28). რაც ნიშნავს იმას, რომ მაშინ, როცა მოხდება დედამიწაზე ქრისტეს სულის მეორედ მოსვლა, მისი მიმღები პიროვნებისათვის არ არსებობს შეზღუდვა: არც ეროვნებისა და არც სქესის მხრივად!!! რასაც ამოწმებს თანამიმდევრობის შემდეგი კანონები, რომლებშიაც ქრისტე მოხსენიებულია შემდეგი წოდებებით: ქრისტე; ღვთის ძე; სიონის ასული; მესია; მორჩი; დავითის ყლორტი; იოდას ფესვი; შვილთა დედა.
ვინაიდან და რადგანაც რელიგია ყოველთვის აქცენტს აკეთებდა მამაკაცთა უპირატესობაზე და საზოგადოებას საუკუნეების მანძილზე არწმუნებდა იმაში, რომ ქრისტე მხოლოდ მამაკაცი შეიძლება იყოს. ამასთანავე ის უმეცრების დროებაც, რომელიც კაცობრიობის დასაბამიდან დაიწყო და საზოგადოებრივი განწყობა ჯერაც კიდევ ვერ გამოსულა სატანის მმართველობის გავლენიდან; ახდენდა ისეთი ნიადაგის მომზადებას, რასაც უნდა შეეფერხებინა ქრისტეს მეორედ მოსვლა. ვინაიდან სატანა ადრე ანგელოზი იყო, ამიტომ მან იცოდა ის, რომ ქრისტეს სულის მეორედ მოსვლა ქალის სხეულში მოხდებოდა!!! ამასთანავე ისიც იცოდა, რომ „მეორედ მოსული ქრისტე აღარ კვდებოდა“ (რომაელთა 6-9). რაც თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ აღსრულდებოდა კანონი: „ო, დედავ, შენი სიმხნევით სძლიე მტარვალსაც კი და სიტყვითა და საქმით მამაკაცზე ძლიერი გამოჩნდი“ (IV მაკაბელთა 10-14).
მიუხედავად იმისა, რომ ღმერთმა ასეთი სტატუსი განუსაზღვრა ქალს, რომელსაც ეს კანონი იუწყება: „კაცნო, ხომ დიდია მეფე; ხომ ბევრნი არიან ადამიანები; ხომ ძლევს ღვინო? მაგრამ ვინ მბრძანებლობს მათზე, ან ვინ ბატონობს მათზე? განა არა დედაკაცნი?! დედანი შობენ მეფეს და ყოველ კაცს, რომელნიც მბრძანებლობს ზღვაზეც და მიწაზეც, მათგან არიან შობილნი და ისინი აწოვებენ მათ. ისინი უსახავენ ადამიანებს შესამოსელ სხეულს. უქმნიან მათ დიდებას და არ ძალუძთ მამაკაცებს ყოფნა უდედაკაცებოდ!“ (II ეზრა 4-14/17) – სატანამ მაინც მოახერხა ის, რომ გამოეწვია ქალთა დაჩაგვრა მამაკაცთა მიერ. ხოლო რაც შეეხემა ანტიქრისტეს ადამიანის სახით ყოფნის პერიოდს, ამ დროს სახეზე რა ფაქტებიცაა ამ მხრივ და განსაკუთრებით კი იმ ქვეყანაში, სადაც ანტიქრისტე ფიზიკურად იმყოფება, ამის დაუნახაობა შეუძლებელია!!! ვინაიდან იქ, ქალთა მიმართ ძალადობამ ისეთი სისასტიკის ზღვარს მიაღწია, რომ ძალიან გახშირდა შემთხვევები, რომელნიც მათი სიცოცხლის ხელყოფამდე მივიდა.
სანამ სიონის ასულისა და შვილთა დედის წოდებით ქრისტეს სულის მქონე პიროვნების მოხსენიების მიმართ ბიბლიით გაცხადებულ ცნობებს შემოგთავაზებთ; მანამ გაუწყებთ იმას, თუ რას ამბობს უფალი მეორედ მოსულ ქრისტეზე: „ეს არის ჩემი რჩეული ჭურჭელი, რათა ატაროს ჩემი სახელი. მე ვაჩვენებ მას, რამდენი უნდა იტანჯოს ჩემი სახელის გულისათვის“ (საქმეები 9-15,16). ხოლო როცა ეს ტანჯვის დღეები შესრულდება, ანუ სატანას მოქმედებისათვის მიცემული 42 თვე (გამოცხადება 13-5) დასასრულს მიუახლოვდება, ღმერთი ქმნის სიახლეს ქვეყანაზე, რომლითაც: „დედაკაცი იუპირატესებს მამაკაცზე“ (იერემია 31-22). რასაც მოჰყვება სიონის ასულის მიმართ აღსრულება შემდეგი კანონებისა:
„უფალი აუწყებს დედამიწის კიდემდე: „უთხარით სიონის ასულს: ნახე, მოვიდა შენი ხსნა. ნახე, მისი საზღაური მასთანაა და მისი მისაგებელი მის წინაშე“ (ესაია 62-11).
„გაიხსენი შენი კისრის ჯაჭვები, დატყვევებულო სიონის ასულო“ (ესაია 52-2).
„იხარე და იმხიარულე სიონის ასულო! რადგან აჰა, მოვდივარ და დავივანებ შენს შუაგულში – ამბობს უფალი“ (ზაქარია 2-10(14)).
„ასე ამბობს უფალი: „მე გამოვადნობ და გამოვცდი მათ. სხვა რა ვქნა ჩემი ერის ასულისათვის“ (იერემია 9-7).
ბიბლიის მეშვეობით ღმერთი სიონის ასულზე კიდევ აკეთებს ასეთ განაცხადსაც: „აჰა, მსახური ჩემი, რომელიც მე ამოვირჩიე! საყვარელი ჩემი, რომელიც მოიწონა ჩემმა სულმა. ჩემს სულს ჩავდებ მასში და ის აუწყებს სასჯელს წარმართებს. არ იდავებს და არც იყვირებს და ქუჩაშიაც ვერავინ გაიგონებს მის ხმას. გატეხილ ლერწამს არ დალეწავს და ბჟუტავ პატრუქს არ ჩააქრობს, ვიდრე განკითხვას გამარჯვებამდე არ მიიყვანს; და მის სახელს მიენდობიან წარმართებიც“ (მათე 12-18/21).
შვილთა დედის სახელზე გაცხადებული ცნობა კი შემდეგია: „ნუ გეშინია შვილთა დედავ, რადგან შენ აგირჩიე. კეთილო გამზრდელო, გაზარდე შენი შვილები, ფეხები გაუმტკიცე. არავინ დაიღუპოს იმ მსახურთაგან, მე რომ მოგეცი; რადგან შენი რიცხვიდან მოვიკითხავ მათ. ნუ დაიქანცები, რადგან როცა მოვა ჭირისა და სივიწროვის დღე, ზოგი ატირდება და მიეცემა მწუხარებას – შენ კი მოილხენ და სიუხვეში იქნები. შეშურდებათ ხალხებს, მაგრამ ვერაფერს გახდებიან შენს წინააღმდეგ. ჩემი ხელი დაგიფარავს შენ, რომ არ იხილოს შენმა შვილებმა ჰინომის ველი. გაიხარე დედაო შვილებთან ერთად, რადგან მე გიხსნი შენ – ამბობს უფალი“ (III ეზრა 2-17,25/29).
როგორც ხედავთ წარმოდგენილი კანონები ცხადჰყოფს იმას, რომ დადგა დრო იმისა, როცა ღმერთი უკვე თავად მიხედავს თავის ერს. ხოლო თუ ვინ ჩათვლის საკუთარ თავს ამ ერის შემადგენელ ნაწილად, ასეთი არჩევანის უფლება ყოველ მსურველს ხელთეწიფება ღმერთისაგან ბოძებული თავისუფალი ნების მეშვეობით.