დედის მისია
გთხოვთ ყურადღება იქნას გამახვილებული იმაზე, რომ აქ საუბარია დედის მისიაზე და არა მხოლოდ დედის როლზე. რაც შეეხება მცნება „მისიას“ – მასზე განსხვავებული შეფასება აქვს მინიჭებული ღმერთს, ვიდრე ის ადამიანურ აზროვნებას აქვს წარმოდგენილი. ვინაიდან ყოველ წოდებას ღმერთისმიერი (ანუ გონებისმიერი) შეფასებით განსაზღვრული აქვს ფართო მასშტაბურ მნიშვნელობითი მომცველობა. ხოლო ადამიანურ აზროვნებითი შეფასებები კი ვიწრო სპექტრით შემოისაზღვრებიან.
რაც შეეხება ადამიანთა მოვლინების იდეას ამ სამყაროში – ეს მოდგმა საკაცობრიო მისიის აღმსრულებლებად არის შექმნილი ღმერთის მიერ და ამიტომაც აქვს მიცემული ყოველ ადამიანს ინდივიდუალური შესაძლებლობის ნიჭი თავისი მისიონური როლის შესასრულებლად. თუკი როგორ იყენებს პიროვნება ამ ინდივიდუალურ ნიჭს – მიზნობრივად თუ არამიზნობრივად, სწორედ ეს განუსაზღვრავს მას იმას, ბედისწერისაგან ღვთის რისხვა უნდა მოიმკას თუ ღვთის წყალობა. ხოლო თვით საკაცობრიო მისია კი, გონებრივი აზროვნების მიღებაა. რისი შეძენაც შეუძლებელია იმის გარეშე, თუკი ადამიანთა შორის არ ექნება ადგილი ჭეშმარიტი სიყვარულის გრძნობით მაკავშირებლობას.
სიყვარულის საკითხთან დაკავშირებით მოგახსენებთ იმას, რომ დღეისდღეობით ამ გრძნობამ სახეცვლილება განიცადა და ის კავშირი რაც რომ ამჟამად ადამიანთა შორის არსებობს, სიყვარულის სახელით შენიღბული ეგოიზმია; რომელსაც საერთო არა აქვს რა სიყვარულთან. თუმცა ადამიანები ამას უკვე ვეღარ გრძნობენ და ჰგონიათ, რომ მათ უყვართ. ამიტომ ერთი რამ კარგად უნდა იქნას დამახსოვრებული, რომ ჭეშმარიტი სიყვარული მხოლოდდამხოლოდ უანგარობის საფუძველზე დგას!!!
თითოეული ადამიანი ნამდვილად რომ ზოგადსაკაცობრიო მისიის ინდივიდუალური აღმსრულებელია, ამის მტკიცებულებას სამყაროს ეს კანონი იძლევა: „მოქმედს საზღაური ჩაეთვლება არა მადლის, არამედ მოვალეობის მიხედვით“ (რომაელთა 4-3,4). ხოლო მოვალეობას რაც შეეხება, ეს ის მისიონური როლია, რომელიც ყოველ ინდივიდს განესაზღვრება საკაცობრიო გენეტიკური კანონით და სწორედ ის განაპირობებს პიროვნების ამ ქვეყნად მოვლინებას. ამიტომაც არის, რომ ადამიანს არავინ ჰკითხავს იმას, სურს თუ არა მას დაბადება. ვინაიდან ყოველივე ეს კანონზომიერად გათვლილი ქმედებების შედეგია – მიღებული წინაპართა ნამოქმედარის ნაყოფად. ასე რომ ამ სამყაროში ყველაფერი და ყოველივე გათვლილად და მიზანდასახულად სრულდება და არავითარ შემთხვევითობას არა აქვს ადგილი!!! მართლაცდა ეს ასე რომ არ იყოს, მაშინ ასე მოწესრიგებულად და ზუსტად გათვლილ დროში ვერ იფუნქციონირებდა ეს სამყარო და ადგილი ექნებოდა ქაოსს.
რაც შეეხება დედის მისიას, მასზე წარმოდგენის შესაქმნელად მოვიშველიებ კანონს: „პირველად ადამი შეიქმნა და მერე ევა. ადამი კი არ შემცდარა, არამედ დედაკაცი შეცდა და დანაშაული ჩაიდინა. თუმცაღა გადარჩება შვილების შობით, თუ იდგება რწმენაში, სიყვარულში და სიწმინდეში კდემამოსილებით“ (I ტიმოთე 2-13/15). როგორც ხედავთ კანონი იუწყება, რომ ჭეშმარიტი დედობა მისიის აღსრულების აუცილებელი პუნქტი ყოფილა. რადგან ცოდვათა მიტევება მხოლოდ მაშინ ხდება ადამიანზე, თუკი ის მოირგებს თავის მისიონურ როლს და აღასრულებს მას. ე.ი. ოჯახის შექმნა და შვილების გაჩენა – ეს მისიონური როლის ერთი და აუცილებელი ნაწილია და არა მთლიანი!!! რადგან შემდეგ მთავარი ის არის, თუ როგორ აღზრდის მშობელი შვილს. კანონი იუწყება, რომ „მშობელთაგან დედები მამებზე მეტად არიან განმსჭვალულნი შვილთა მიმართ თანაგრძობით“ (IV მაკაბელთა 15-4). რაც იმას ნიშნავს, რომ აღზრდაში გადამწყვეტი როლი დედას რგებია. ცხადია ეს არც უნდა იყოს ვინმესათვის გასაკვირი ან მიუღებელი. რადგან ნაყოფის ზრდა-განვითარება ხომ დედის სულისა და ორგანიზმის მიერ ხდება; როგორც ამას კანონიც ამოწმებს: „დედის საშოში ისახება სხეული და სული ანიჭებს მას ნაკვთებს. ინახება ცეცხლსა და წყალში მისი შექმნილი 9 თვეს უძლებს მისივე გამოსახული საშო მის ქმნილებას, რომელიც მასში შეიქმნა“ (III ეზრა 8-7).
აქვე მინდა კომენტარი გავაკეთო იმის თაობაზე, თუ ვის სულზეა საუბარი. რა თქმა უნდა დედის სულზე, რომელიც ნაყოფს ზრდის თავის ორგანიზმში და საამისოდ მთელ ორგანიზმს უკეთებს მობილიზებას. ცხადია ახლა ამის მტკიცება არ დამჭირდებოდა, მეცნიერებას რომ უარი არ ეთქვა სულის არსებობაზე და შეესწავლა იგი. მაშინ ვერც რელიგიები გაბედავდნენ ამდენს და ასე ვერ დაუბნელებდნენ გონებას ადამიანებს. რაც შეეხება სულს – ის ველია, რომელსაც სჭირდება საჭირო გარემო საფუნქციონიროდ, რათა მინიჭებული ძალა შეინარჩუნოს. რისი შემძლეობაც ნაყოფს არა აქვს იმიტომ, რომ ის არათუ მხოლოდ ვერ არის სრულყოფილი, არამედ თავად საჭიროებს სრულქმნას. ამიტომ, როცა ქალი აბორტს იკეთებს და ნაყოფს იცილებს, ის ამით საკუთარ სულს იმდაბლებს და იბლოკავს, რაც ცოდვით დაცემას ნიშნავს.
განვაგრძობ დედის მისიაზე და გაუწყებთ: ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე მისახვედრია ის, რომ შვილის ბედისწერაში დედის მისიონურ როლს ბევრად უფრო დიდი ადგილი უკავია, ვიდრე მამისას. ამიტომ მოდით კარგად გავერკვიოთ მასში.
რადგანაც საკაცობრიო მისიას გონიერი აზროვნების მქონე ადამიანთა მიღება შეადგენს, ამიტომ დიდი ძალისხმევა არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ იდეალური დედობისათვის გონიერი ქალის სტატუსის მქონეობა იქნება საჭირო. ღმერთის მიერ დადგენილი კანონმდებლობის მიხედვით: სანამ შვილს დედ-მამა ამ ქვეყნად ჰყავს და მათთან უშუალო კონტაქტი არა აქვს გაწყვეტილი, მანამ მშობელთა ნამოქმედარი პირდაპირ თუ ირიბად მოქმედებს შვილის ბედისწერის შექმნაში. შვილისათვის კეთილი თვისებების ჩამოყალიბებაში კი უდიდესი გავლენა აქვს დედის გულის სიბრძნეობის მაჩვენებელს; თანახმად კანონისა: „ვინ ჩადო გულში სიბრძნე და ვინ მისცა გონებას გამჭრიახობა – თუ არა უფალმა?!“ (იობი 38-36) და „მხოლოდ გულმა იცის თავისი სულის სიმწარე და მის სიხარულსაც არ ინაწილებს უცხო“ (იგავები 14-10). რაც შეეხება სულის სიმწარეს, ის ცოდვებისაგან არის. რომელთა შემცნეობის სიმძიმესაც ვერ უძლებს გული, ავადდება და ამიტომ სრულყოფილად ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას; ანუ ვერ უზრუნველყოფს ტვინის მომარაგებას საჭირო ხარისხის სისხლით. ეს კი აუცილებლობაა აზროვნების ისეთი ფუნქციონირებისათვის, რომლითაც მან უნდა შესძლოს გონებასთან მიწვდომა. მაშასადამე დედისათვის ჯანმრთელი გულის ჰქონა ყოფილა აუცილებლობა საიმისოდ, რომ შვილის ბედისწერაში უბედური კადრები არ ჩაიწეროს. თუმცა ეს არის აუცილებლობა და არა საკმარისობა. რადგან საკმარისი პირობა არის გულის სიბრძნეობა, რაც სამყაროს კანონთა ცოდნითა და მათი დაცვით მიიღწევა.
ე.ი. გარკვეულია: შვილი რომ აღიზარდოს წესიერ, პატიოსან, კეთილ და ჭკვიან ადამიანად და ამასთანავე მის ბედისწერაში უბედური კადრები არ აიკინძოს, საამისოდ აუცილებელია დედამ შეასრულოს თავისი მისია – რაც მისთვის ბრძენი გულისა და გონიერი აზროვნების მქონეობას ნიშნავს.
დედა! უდიდესია მისია შენი, შვილის კეთილად აღზრდის საქმეში. რადგან თუკი ინებებ, მიიღებ უფლის მიერ მინიჭებულ ისეთ ძალას, რომ „შენი სიმხნევით მტარვალსაც კი დაამარცხებ“ (IV მაკაბელთა 16-14). რასაც საკუთარი ცოდვების შეცნობითა და მონანიებით მიაღწევ მხოლოდ; და თუკი ასე მოიქცევი, მაშინ შენი შვილი საუკეთესო ადამიანად აღიზრდება და თანაც არავითარი უბედურება არ შეემთხვევა მას.
ახლა კი იმ კითხვასაც ვუპასუხებ, რომელიც აუცილებლად გაუჩნდებათ უმრავლესს მაინც; და ეს კითხვაც ასეთია: მაშინ მამას რაღა როლი აკისრია შვილების აღზრდაში?! ყოველივე ზედმეტი ახსნა-განმარტებანი რომ თავიდან ავიცილო, ამიტომ მას ვუპასუხებ სამყაროს კანონის მეშვეობით: „დედაკაცი, რომელსაც ურწმუნო ქმარი ჰყავს და კაცს სურს მასთან ცხოვრება, ნუ მიატოვებს ქმარს. ვინაიდან ურწმუნო ქმარი განიწმიდება ცოლით და ურწმუნო ცოლიც განიწმიდება ქმრით. თორემ მათი შვილები არაწმიდები იქნებოდნენ, ახლა კი წმინდები არიან“ (I კორინთელთა 7-13,14).