აირჩიე სიცოცხლე, რათა იცოცხლო
ღმერთის ნების შესახებ ასეთ ცნობას იძლევა ბიბლია: „უზენაესი ხელმწიფებს კაცთა სამეფოზე. ვისაც უნდა იმას აძლევს მას და კაცთაგან ყველაზე დამცირებულს აღაზევებს მასზე“ (დანიელი 4-17). „სოფლის უმეცარნი ამოარჩია ღმერთმა, რათა შეარცხვინოს სოფლის ბრძენნი და სოფლის უძლურნი ამოარჩია ღმერთმა, რათა შეარცხვინოს ძლიერნი ამა ქვეყნისანი. მდაბიონი ამოარჩია ღმერთმა და დამცირებულნი და არ არსებული, რათა გააუქმოს არსებული“ (I კორინთელთა 1-27,28). საკითხავიც სწორედ ეს არის: რატომ არის ღვთის რჩეული საზოგადოების მიერ უარყოფილი მაშინ, როცა მისი შემადგენლობის მეტად დიდი ნაწილს, ღმერთის მორწმუნედ მიაჩნია თავი?! ცხადია ეს ის საკითხია, რომელიც გარკვევას საჭიროებს და მის გასარკვევად კი გონების მოხმობით მსჯელობაა საჭირო. ხოლო როცა გონების მოხმობის საჭიროება დგება, ამის გაკეთება შეუძლებელია ბიბლიით ხელმძღვანელობის გარეშე. ამიტომაც მივმართავ მას და მოგახსენებთ, რომ ბიბლიის ცნობით, ღვთისმოსავ ადამიანში ჭეშმარიტი სიყვარულის გრძნობა სუფევს და არა ის სახეცვლილება, რომელიც ეგოიზმია და რაც სამწუხაროდ, სიყვარულში ერევათ ადამიანებს. ხოლო მათი ერთმანეთისგან განსასხვავებლად კი საჭიროა იმის ცოდნა, თუ რა თვისებები აქვს სიყვარულის გრძნობით აღჭურვილ ადამიანს და რა კიდევ – ეგოიზმისას. დავახასიათებ მათ: სიყვარულის გრძნობის მქონე ადამიანი არის პირველ რიგში სრულიად უანგარო, მშვიდი, ლმობიერი, გონიერი, დამთმობი, ერთგული, მოყვასის მოყვარული, გულუხვი, არ ყვირის, არ ჩხუბობს, არ ილანძღება, არ იწყევლება, არ შურს, არავის შეურაცხყოფას არ აყენებს, არ არის ამპარტავანი, არამედ პირიქით თავმდაბალია. სხვისი ჭირის გამო სწუხს და სხვისი სიხარული უხარია. არ არის მოღალატე და მისი ნდობა შეიძლება ყოველთვის, რადგან საზიანოდ არავის არაფერს ურჩევს. იგი მუდამ მზად არის სიკეთის საკეთებლად. ხოლო ეგოიზმის გრძნობის მქონე კი ყოველივე ამ თვისებებს მოკლებულია და თუკი მოსაჩვენებლად რაიმე სასიკეთოს გააკეთებს, ისიც კარგად გათვლილ და შენიღბული ანგარების გამო. მისი ღიმილიც და ალერსიანი სიტყვებიც ყალბია და მას იყენებს ნიღბად. ხოლო თუკი მისი ანგარება გამოაშკარავდება, უმალ აქვს ადგილი მისი ნამდვილი თვისებების გამოვლენას. შური, ზიზღი, ბოღმა, ამპარტავნება, მომხვეჭელობა, ამაყი მზერა, თავის განდიდება, სხვების დამცირება, ლანძღვა, წყევლა, ბილწსიტყვაობა და მისთანანი არის ასეთი ადამიანის თვისება. ამიტომაც მისგან გამოსული დალოცვაც წყევლად აღიქმება სამყაროს მიერ და მისგან გაკეთებული კარგი ქმედებაც – ბოროტი შედეგის მომტანად. ამრიგად, თუკი ყურადღებით მოხდება დაკვირება გარშემო მყოფთა მიმართ, შესაძლოა გამოცნობა იმისა, ვინ არის ნამდვილად ღვთის შვილი და ვინ კიდევ ცრუმარქვია.
მაგრამ არის რეალობა, რომელზედაც ვიტყოდი, რომ სამწუხაროა. თუმცა ის ფაქტია და ამიტომ მისი იგნორირება შეუძლებელია. რაც არის ის, რომ სწორედ ისეთი ადამიანები წარმოდგებიან ხალხის რჩეულებად, რომლებშიაც ეგოიზმის გრძნობა მყარადაა გამჯდარი და თანაც იმდენად გაიძვერები და ბოროტები არიან, რომ ყოველგვარ სისაძაგლეს სჩადიან და ამას აკეთებენ სიღრმისეულად გათვლილი ანგარებისა და კარგად მორგებული ნიღბების საფუძველზე. რადგანაც საზოგადოება მათ აფასებს, ხოლო მათ კი ცხადია იციან თავად რასაც წარმოადგენენ; ამიტომაც ისინი ხალხს ბრიყვად სთვლიან და მათ თვალში ადამიანები მხოლოდ მიზნის მისაღწევ საშუალებებად არიან მიჩნეულნი. ამიტომ ბედავენ კიდეც იმას, რომ როგორც უნდათ, ისე ერთობიან ხალხის ბედით. მაგრამ ეს სამყარო ისეა შექმნილი, რომ ყოველივეს აქვს დასასრული და ცხადია იმასაც, რაზედაც ახლა ვისაუბრე. რომელი ქმედების განხორციელების მომცველ პერიოდსაც ღმერთმა „უმეცრების დროება“ (საქმეები 17-30) უწოდა და ის ადამიანთათვის ჭკუის სასწავლებლად დაუშვა.
ვინაიდან და რადგანაც ამჟამად სწორედ იმ დროში ვიმყოფებით, როცა „უმეცრების დროების“ დასასრულია, ამიტომ ადგილი აქვს იმის გამძვინვარებას, ვისთვისაც ამ დროების ხელმწიფების უფლებამოსილება დაუშვა ღმერთმა და ამის შესახებ კი ინფორმირებული გაგვხადა ამ კანონის მეშვეობით: „მხეცს მიეცა ხელმწიფება სამოქმედოთ, 42 თვეს“ (გამოცხადება 13-5). ამასთანავე ხალხში ცნობილია ასეთი ანდაზაც: რომ შემოდგომის ბუზი მწარედ იკბინება, რადგან მომაკვდავია. ამიტომაც ახლა კაცობრიობას ბეწვის ხიდზე უხდება გავლა და სწორედ გონების მოხმობა არის ის ერთადერთი საშუალება, რომელსაც დახმარების გაწევა შეუძლია ამ დროისათვის. ხოლო გონების მოხმობაში თუ რა იგულისხმება, მინდა ამის თაობაზე ვისაუბრო.
ადამიანის ცხოვრებაში ინფორმაციის როლს უაღრესად მნიშვნელოვანი ადგილი რომ უკავია, ამის მეტ-ნაკლებად მცოდნე ყველაა. მეტ-ნაკლებად იმიტომ ვამბობ, რომ სინამდვილეში სიტყვის როლი გაცილებით უფრო დიდმნიშვნელოვანია, ვიდრე ეს ადამიანმა იცის. ხოლო თუ რას ვგულისხმობ, ეს საყოველთაოდ გასაგებად რომ წარმოვადგინო, ამისათვის გამოვიყენებ შედარების მეთოდს და მისი მეშვეობით გაუწყებთ იმას, რომ ბიბლია ადამიანს ადარებს წიგნს. მოგახსენებთ, რომ ახლა უკვე იმ დროში ვართ, რომ ვიცით წიგნის წარმოდგენის სხვადასხვა სახეობა, ეს ქაღალდის საშუალებით არის, ფილმის ფირის თუ სხვა სახით. ამიტომაც ადამიანიც წიგნის ერთ-ერთი სახეობა ყოფილა და მას თუგინდ ცოცხალი წიგნი შეიძლება ვუწოდოთ. რადგან რა ინფორმაციასაც ვიწერთ, მოქმედებით ვახორციელებთ კიდეც. რაშიაც სამყარული ძალები გვეხმარება და ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ სამყარული მთლიანობის ნაწილი ვართ და ამას ამოწმებს ბიბლიაც: „სამყარო მართალთა შემწეა. რადგან ქმნილება, რომელიც შენ, თავის შემოქმედს გემსახურება, ცოდვილთა დასასჯელად ძალას იკრებს და ცხრება შენი მორწმუნეთა კეთილის სამყოფად“ (სიბრძნე სოლომონის 16-17,24) და „უფალო შეუძლებელია გაქცევა შენი ხელიდან. რადგან უღვთონი, რომელთაც არ ინდომეს შენი შეცნობა, შენი მკლავის ძალით დაისაჯნენ: გაუგონარი წვიმების, სეტყვისა და ნიაღვრებისაგან დევნილნი. მიწისძვრებითა და ცეცხლით განადგურდნენ“ (სიბრძნე სოლომონის 16-12/16). აი, სინამდვილე ასეთია და ამას დაიჯერებს ვინმე თუ არა, ამით არც არაფერი შეიცვლება არსებული სინამდვილისათვის!!! ხოლო რაც შეეხება სამყარულ ძალებთან ურთიერთობას, ამას კი ადამიანი ახერხებს იმ რწმენის მეშვეობით, რომელიც მას გააჩნია; თანახმად კანონისა: „ადამიანი სანამ სხეულში სახლობს, რწმენით იარება და არა ხედვით“ (II კორინთელთა 5-6,7). რაც შეეხება რწმენას, იგი ადამიანისათვის მაშინ არის სასიცოცხლო და სასიკეთო ბედისწერის შემდგენი, როცა ჭეშმარიტია. ხოლო ჭეშმარიტი რწმენა კი სიმართლის საყრდენზე დგას და მის არსებობას მაშინ აქვს ადგილი, თუ ადამიანი აკმაყოფილებს იმ მოთხოვნას, რასაც ბიბლია „ღმერთის შეცნობას“ უწოდებს. რაც ნიშნავს იმ კანონებში გარკვევასა და მათი საქმით დაცვას, რომელი კანონებიც ღმერთმა ადამიანებს დაუწესა სასიცოცხლო ინსტრუქციად და ბიბლიის სიბრძნეთა სახით წარმოადგენინა თავის რჩეულებს.
აი, სწორედ სიმართლისა და სიცრუის თაობაზე მინდა მოგაწოდოთ ის ცნობები, რისი ცოდნაც სწორედ ახლა არის განსაკუთრებით აუცილებელი. ვინაიდან საუკუნეთა ბოლო ჟამის ეპოქაში ვართ და შესაძლოა, რომ ერთი სიცრუის დაჯერებაც კი საბედისწერო გახდეს ვინმესათვის. რის თქმასაც ვაპირებ, მის გაცნობიერებაში დასახმარებლად მოვიშველიებ ბიბლიას და წარმოვადგენ ცნობებს სიმართლისა და სიცრუის შესახებ. აი ისინიც: „ეშმაკი ცრუა და სიცრუის მამაა“ (იოანე 8-44). ხოლო „ღმერთი სულია და მისი თაყვანისმცემელნი თაყვანს უნდა სცემდნენ სულითა და ჭეშმარიტებით“ (იოანე 4-24). როგორც ხედავთ, ამ ცნობებიდან მისახვედრია, რომ სატანური ძალა სიცრუის საყრდენზე დგას და ღმერთის ძალა კი – სიმართლეზე. ამიტომ სიცრუის რწმუნებით ადამიანი სატანურ ძალას აძლიერებს, ხოლო სიმართლის დაჯერებით კი – ღმერთისას. მაგრამ საკითხავი კი სწორედ ის არის რომელი ინფორმაცია არის სიმართლე და რომელი კიდევ სიცრუე?! განსაკუთრებით ამჟამად, როცა სიცრუის გავრცელების უამრავი საშუალება არსებობს და თანაც მისი გავრცელების მრავალი შემსრულებელი. დღეს სწორედ ის დროა, როცა სიცრუემ წალეკა ყველა სფერო. ამიტომაც დაბნეულნი არიან ადამიანები და აღარ იციან რა დაიჯერონ და რა არა. ხოლო ყოველი სიცრუის მიღება კი სიკვდილთან აახლოებთ. დიახ, დღეს სწორედაც რომ ძალიან საშიში დროა იმიტომ, რომ სიცრუის მიღებისაგან თავის დაცვა არ არის მარტივი. ვინაიდან სატანამ ხომ თადარიგი საუკუნეების წინ დაიჭირა საიმისოდ, ტყუილ-მართალი ისე აერია ერთმანეთში, ადამიანს მისი გამოცალკავება რომ ვეღარ შესძლებოდა. ნაწილობრივი სიმართლე კი ღმერთის საზომით არ ითვლება სიმართლედ და სწორედ ამიტომაც ხდება დღეს დედამიწაზე ყოველდღიურად ამდენი უბედურება. რასაც ადამიანთა დიდი რაოდენობის სიცოცხლე ეწირება კიდეც. ყოველივე ეს რაც გითხარით, იმდენად თვალსაჩინო რეალობაა, რომ მისი დამნახავი ყველაა. თუმცა იმის მცოდნე კი, თუ როგორ უნდა დაიცვას თავი, მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი ერთეულებია. ამიტომაც მისიონურ ვალდებულებას წარმოადგენს გაცხადება იმ ცოდნისა, რომელიც დაიცავს ადამიანს საიმისოდ, რომ სიცოცხლე შეუნარჩუნდეს. როგორც ალბათ მიხვდით კიდეც, ეს ცოდნა სიმართლის მოძიებასა და მისით რწმენის გასწორებას გულისხმობს. დიახ, ჭეშმარიტი რწმენის მქონეობა არის ის ერთადერთი საშუალება, რომელიც ამჟამად დაიცავს ადამიანს და გახდის აღმსრულებლად ამ კანონისა: „არავითარი ზიანი არ მოუვა მართალს!“ (იგავები 12-21).
ახლა კი მთავარი: როგორ გავისწოროთ რწმენა და გადავიყვანოთ ჭეშმარიტების რელსებზე?! ცხადია ამის მიღწევა მხოლოდ ერთი გზით შეიძლება და მას კი სიმართლის დაჯერება და მისით მოქმედება ჰქვია. მაგრამ როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი იმას, თუ რომელია სიმართლე? ამჟამად ხომ უამრავი სახის ინფორმაციის გავრცელებას აქვს ადგილი?! ამის გასარკვევად კი ყველაზე მართებული არის ბიბლიის რჩევებით ხელმძღვანელობა. რამეთუ მასზე სწორი რჩევის მოცემა არავის შეუძლია. ვნახოთ რას იუწყება ბიბლია:
„მაღლიდან მომავალი ყველაზე მაღლაა. ხოლო ვინც მიწიდან არის, მიწიერია და მიწის შესახებ ლაპარაკობს. ზეციდან მომავალი კი ყველაზე მაღლაა. რაც მან იხილა და მოისმინა, იმას მოწმობს. მაგრამ მის მოწმობას არავინ ღებულობს“ (იოანე 3-31,32).
„მიწიერი ადამიანი არ ღებულობს იმას, რაც ღვთის სულისგან არის. ვინაიდან არ ძალუძს შეცნობა და ამიტომ უგუნურებად მიიჩნევს. რადგან სულიერად არის განსასჯელი. სულიერი კი განსჯის ყოველივეს. თავად კი არავისაგან განისჯება. რადგან ვინ შეიცნო უფლის აზრი, რათა ასწავლოს მას?! “ (I კორინთელთა 2-14/16).
„სალაღობო სიმღერა ხარ მათთვის, ლამაზხმიანი და ტკბილად ნამღერი. ისმენენ შენს სიტყვებს, მაგრამ არავინაა მათი შემსრულებელი. როცა ახდება ეს და აჰა, ახდა კიდეც. მაშინ მიხვდებიან, რომ წინასწარმეტყველი იყო მათ შორის“ (ეზეკიელ წინასწარმეტყველი 33-32,33).
„დადგება დრო, როდესაც საღ მოძღვრებას არ მიიღებენ და თავიანთი გულისთქმით ამოირჩევენ ყურის მაამებელ მასწავლებლებს. ჭეშმარიტებას აარიდებენ ყურს და სიცრუისაკენ მიმართავენ“ (II ტიმოთე 4-3,4).
„ქვა, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა. უფლისაგან მოხდა ეს და საოცარია ჩვენს თვალში?“ (მათე 21-42).
„ღვთის რჩეულთ მიცემული აქვთ ცოდნა ცათა სასუფევლის საიდუმლოებათა. სხვას კი არა აქვთ ეს მიცემული“ (მათე 13-11).
ასე ამბობს უფალი: „აჰა, დადგება ჟამი და აღვუდგენ დავითს მართალ მორჩს. მეფედ იმეფებს და ბრძნულად მოიქცევა. გააჩენს სამართალსა და სიმართლეს ქვეყანაში და ეს იქნება მისი სახელი: „უფალია ჩვენი სიმართლე“ (იერემია 23-5,6).
როგორც ხედავთ, ბიბლია იტყობინება იმას, რომ უფლისმიერი სიმართლე გაცხადებული იქნებოდა „უფალია ჩვენი სიმართლის“ სახელწოდებით. მის გავრცელებაზე უარს იტყოდა ყველა საინფორმაციო საშუალება. რაც ასე მოხდა კიდეც. მის ცოდნას უარყოფდა მრავალი და მიიღებდა ძალზედ მცირე, მხოლოდ მადლით ამორჩეული ნატამალი. რომელიც კაცობრიობის ყოველ ეპოქაში არსებობდნენ ერთეულების სახით (რომაელთა 11-5) და ამიტომაც უწოდა ბიბლიამ მათ ნატამალი. ვინაიდან რომ არა ისინი, მაშინ კაცობრიობა არსებობას ვერ შესძლებდა (რომაელთა 9-29). აგრეთვე იმასაც დავძენ, რომ მართალია ეს ცოდნა ამჟამად მართლაც უარყოფილია მრავალთა მიერ, მაგრამ ახლო მომავალში, რომელიც უკვე აწმყოდ ქცევას იწყებს, ის ცოდნის ქვაკუთხედად იქცევა. რამეთუ სამყარო გადადის იმ პარალელში, როცა აღსრულება ხდება კანონისა: „სად არის სოფლის ბრძენი? სად არის მწიგნობარი? სად არის საუკუნის მოკამათე? სისულელედ აქცია ღმერთმა სიბრძნე ამ სოფლისა“ (I კორინთელთა 1-20). გარდა ამისა, მართალი ინფორმაციის გამოსაცნობად დაგეხმარებად კანონი: „ღმერთში არ არის ცვლილება და არც ჩრდილი ცვალებადობისა“ (იაკობი 1-17). რაც იმას ნიშნავს, რომ „უფალია ჩვენი სიმართლით“ გადმოცემულ ცოდნაში ვერ ნახავთ ისეთ ინფორმაციას, რომელიც უარყოფს თავის რომელიმე ცნობას. არამედ პირიქით, ყველა ცნობა ერთიმეორის სისწორეს ამოწმებენ მხოლოდ და მტკიცედ ხსნიან და განმარტავენ გაცხადებულს. მასში ვერ აღმოაჩენთ ასეთ რამეს, რომ ინფორმაციას ჯერ სწორი ეწოდოს და მერე კი მასზე ითქვას ასე კი არა, თურმე სწორი ისე ყოფილაო. რასაც ვერ ვიტყვი სხვა იმ დანარჩენ ინფორმაციაზე, რაც ვრცელდება. ყველა მათგანში ნახავთ იმას, რომ ჯერ ერთზე ამტკიცებენ: ეს ასე არისო და მერე კი თურმე აღმოაჩენენ, რომ სწორი ის კი არა, ეს ყოფილა. აი ამითაც უნდა გაარჩიოთ მართალი და ცრუ ინფორმაცია. რადგან სიმართლე ცვალებადი არ არის, ხოლო სიცრუე კი მუდამ ცვალებადობს. კიდევ აქვს სიმართლეს გამოსაცნობი ნიშანი და ეს არის ის, რომ მის განმცხადებელს თავს ესხმიან და ლანძღავენ მხოლოდ იმიტომ, რომ მის წინააღმდეგ ცოდნით უძლურნი არიან. ამიტომაც ცდილობენ სიმართლის ხმის ჩახშობას. მაგრამ მიუხედავად ამდენი ძალისხმევისა უმრავლესობის მიერ, „არავის არაფერი შეუძლია ჭეშმარიტების წინააღმდეგ, არამედ მხოლოდ ჭეშმარიტებისათვის“ (II კორინთელთა 13-8). ამიტომაც აღსრულებული იქნა კანონი: „ექადაგება მხილებული ჭეშმარიტება მთელ მსოფლიოს, ყველა ხალხისათვის დასამოწმებლად“ (მათე 24-14) და როგორც ხედავთ კიდეც, რეალობა ამოწმებს დაწერილს. ყოველივე ეს კი დასტურია იმისა, რომ ღმერთის ნების აღსრულებას წინ ვერაფერი და ვერავინ აღუდგება! ხოლო რაც შეეხება მის სურვილს ადამიანთა მიმართ, ის კი შემდეგია: „აი, რა უნდა შეასრულოთ: ჭეშმარიტება ელაპარაკეთ ერთმანეთს. ჭეშმარიტება და სამშვიდობო სამართალი გააჩინეთ თქვენს კარიბჭეებთან. ავი არ იზრახოთ ერთურთზე თქვენს გულში და ნუ გიყვართ ცრუ ფიცილი“ (ზაქარია წინასწარმეტყველი 8-16,17).